"ილუზიაა, რომ "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური ლიდერები არსებობენ" - ვინ იქნება მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი დედაქალაქში?!
03-05-2017
"ილუზიაა, რომ "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური ლიდერები არსებობენ" - ვინ იქნება მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი დედაქალაქში?!
"კალაძე ივანიშვილმა მერობის კანდიდატად დაიწუნაო..."

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ექვს თვეზე ნაკლები დარჩა, პარტიები კი უკვე მსჯელობენ კანდიდატებზე და სავარაუდო წარმომადგენლებს საჯაროდაც ასახელებენ. არჩევნების ეპიცენტრი ისევ თბილისი და დედაქალაქის მომავალი მერის პოსტი იქნება. მოახლოებული არჩევნების პროგნოზებზე "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს:

- თვითმმართველობის არჩევნებამდე პოლიტიკური ტემპერატურა პიკს მიაღწევს,­ რის საფუძველსაც უკვე ქმნის საკონსტიტ­უციო კომისიასთან დაკავშირებული მოვლენები. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ "ქართული ოცნება" სააკაშვილის დამკვიდ­რებული უზურპაციის დემონტაჟს კი არა, მის განვითარებას ცდილობს.
სააკაშვილმაც ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი იმისთვის შეიმუშავა, რომ ხელისუფლებაში დიდხანს, პრემიერის რანგში დარჩენილიყო. "ქართული ოცნებაც" იმავე სცენარს ავითარებს - ასუსტებს პრეზიდენტს და აძლიერებს პრემიერს.
შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისიის პროექტმა უკვე შექმნა პლატფორმა პოლიტიკური კრიზისის მოსამწიფებლად, თუმცა, თუ ოპოზიციის მწირ რესურსს­ გავითვალისწინებთ, არა მგონია, განწყობილი იყვნენ ისედაც მცირე
კაპიტალის ადგილობრივ არჩევნებზე დასახარჯად.

ფაქტია, ხელისუფლებას არჩევნებზე დიდი უპირატესობა­ ექნება, ამიტომ ოპოზიციას­ საქართველოს­ მასშტაბით აქტივობა­ გაუჭი­რდება, მათი ბრძოლის ეპიცენტრი თბილისი იქნება.

ჯერ ერთი, თბილისის ამომრჩეველი ნაკლებად მოწყვლადია ადმინისტრაციული რეს­ურსებისთვის და შედარებით თავისუფალ არჩევანს აკეთებს, თანაც, დედაქალაქში ხელისუფლება დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობს. მეტიც, დავით ნარმანიამ თამასა იმდენად დაბლა დასწია, რომ კონკურენციის გაწევა არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს, არაპარტიულ კანდიდატებსაც არ უნდა გაუჭირდეთ. მით უმეტეს, თუ დამოუკიდებელი კანდიდატების მთავარი ლოზუნგი თბილისის პარტიული და კლანური ინტერესებისგან დახსნა იქნება.

- დამოუკიდებელ კანდიდატში ალეკო ელისაშვილს გულისხმობთ, რომელსაც მხარს "რესპუბლიკური პარტია" უჭერს?

- ალეკო ელისაშვილს დადებით ფაქ­ტორებთან ერთად, არაერთი მინუსი აქვს. პატრიოტიზმის გარდა, თბილისელი ამომრჩევლის მთავარი მოთხოვნა პროფესიონალიზმი და მართვის­ უნარებია, რაც ალეკოს სისუსტეა.
ითქვა, რომ შესაძლოა, თბილისის არჩევნებში დავით უსუფაშვილმაც მოსინჯოს ძალა, თუმცა მე მას მერობის კანდიდატად ვერ განვიხილავ. ის მძიმეწონიანი ფიგურაა და საზოგადოებაში პატივისცემითაც სარგებლობს, თუმცა სულ სხვა სტატუსში წარმომიდგენია მეც და ვფიქრობ, ამომრჩეველსაც. უსუფაშვილი ასოცირდება კომპეტენ­ტურობასთან, სახელმწიფო მართვასთან და არა ქალაქის სამეურნეო საკითხების გადამჭრელ პოლიტიკ­ოსთან. ვფიქრობ, ის ჩაერთვება თბი­ლისის მერის არჩევნებში, თუმცა სხვა კანდიდატს დაუჭერს მხარს.

- არ ელით, რომ შესაძლოა "ქართულმა­ ოცნებამაც" წარადგინოს პროფესიონალი და პატრიოტი კანდიდატი?

- ნამდვილად არა, და საერთოდ, ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ ამ პარტიაში პოლიტიკური ლიდერები არსებობენ.

ლაპარაკია, რომ "ქართული ოცნება" კანდიდატად კახი კალაძეს ან ისევ დავით ნარმანიას განიხილავს. ისიც კი მოვისმინე, კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილმა მერობის კანდიდატად დაიწუნაო, თუმცა მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება კანდიდატი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ზუსტად იმდენ ხმას მიიღებს, რამდენსაც "ქართული ოცნ­ება" ხელთ არსებული რესურსის გამოყენებით"გააჩალიჩებს.

მმართველ ძალაში არავის აქვს პირადი რეიტ­ინგი და ყველაფერი მხოლოდ ივანიშვილის ავტორიტეტზეა აწყობილი. დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, სწორედ რესურსების წყალობით თბილისში დომინანტი ისევ მმართველი გუნდი იქნება, ოპოზიციას კი მეორე ტურის დანიშვნა არ გაუჭირდება, მაგრამ შემდეგ მინიმალური შანსი დარჩება. კონკრეტულად გავყვეთ: "ნაცმოძრაობის" ერთ და მეორე ფრთას ("ევროპულ საქართველოს") არა აქვთ გამარჯვების რესურსი.
თბილისელ ამომრჩეველს "ქართულ ოცნებასთან" პრეტენზია კი აქვს, მაგრამ არც "ნაცმოძრაობა" და არც "ევროპული საქართველო" უყვარს. თუმცა, მათი რესურსი მეორე ტურისთვის საკმარისი იქნება. ეს ნიკა მელიამ ერთხელ უკვე მოახერხა და არც ოქტომბერში გაუჭირდება,­ რასაც ვერ ვიტყვი "ევროპული საქართველოს" შესაძლო კანდიდატ ელენე ხოშტარიაზე. მოვისმინე ვერსია, მის ნაცვლად გიგი უგულავას­ კანდი­დატად დასახელება­ პარტიას­ მეტ შანსს მოუტანდაო, თუმცა ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები - ჯერ ერთი, უგულავა საკუთარ თავს უკვე ნაციონალური მასშტაბის ლიდერად განიხილავს და თბილისზე ლოკალიზება მისთვის სტრატეგიულ ამოცანას არ წარმოადგენს, მეორე - ის, როგორც მერი, ნასამართლებია კორუფციის ბრალდებით. პატიმარი რომ არ არის, არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველი უკვე ენდობა.

პოლიტტექნოლოგიურადაც გაუმართლებელია ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა.

- გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო გზის მონახვისკენ მოუწოდა - რამდენად მაღალია ალბათობა, ოპოზიცია თბილისის მერობის არჩევნებში საერთო კანდიდატზე შეთანხმდეს?

- მსგავსი გაერთიანებები საქართველოში მხოლოდ კეთილ სურვილებად რჩება. მარგველაშვილი თავადაც დარწმუნებულია, რომ მის წინადადებას რეალიზაცია არ უწერია.

დღეს პოლიტიკურ სპექტრში ისეთი­ მოზაიკაა, რომ დაქსაქსული პარტ­იების გაერთიანება ხელოვნური იქნება.
საბედნიეროდ, დღეს ტოტალიტარული ხელისუფლება არა გვყავს, რომ როგორც სააკაშვილის დროს მოხდა, ოპოზიცია მის წინააღმდეგ დაირაზმოს.

ეკა ასათიანი
ლია
04 მაისი 2017 15:24
კრიტიკოსი გლახუნაც(ხელწერაზე ვიცნობ ვინაა)
და სხვა პოლიტიკოსებიც სანამ არ მიხვდებიან,
რომ ხალხს რაც სურს,ის უნდა აკეთონ და არა
საკუთარი სურვილი აბატონონ,ხულ ვნებათ-
ღელვაში და თავდასხმის რეჟიმში მოგვიწევს
ცხოვრება.

არცერთ უბრალო,რიგით ადამიანებს არ სურთ
კამათი,დაძაბულობა.მშვიდობიანი თანაცხოვ-
რება სურთ.

დავითი
04 მაისი 2017 13:41
არ მიყვარს კომენტარების წერა, ეს გამონაკლისია. ხალხო! ვიყოთ რეალისტები! არა აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ძალას ვუჭერთ მხარს. დღეს საქართველოში არ არსებობს "ოცნების" შემცვლელი პარტია. ღმერთმა ქნას, მალე გამოჩნდეს, რომელიც უკეთ წაიყვანს ქვეყნის საქმეს. დღეს კი...ნაციონალები? პატრიოტთა ალიანსი? ნინო ბურჯანაძე? ლეიბორისტები? თავისუფალი დემოკრატები? გირჩი თუ წიწვი? დავინახოთ ხელისუფლების ღირსებაც და ნაკლოვანებაც. რასაც სასიკეთოს აკეთებს, მხარი დავუჭიროთ, რაც არასწორად კეთდება, ვამხილოთ და გავაკრიტიკოთ. მე ვიზიარებ რეზო შავიშვილის სიტყვებს: ეს მთავრობა ყველა წინა მთავრობას სჯობია, თუმცა მე უკეთესი მინდა. "ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა".
04 მაისი 2017 08:22
გრძელდება ხალხის დებილიზაციის პროცესი,თუმცა მგონია,რომ ეს უკუშედეგს გამოიღებს და ბუმერანგის პრინციპი იმუშავებს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები