გუნთერ ბეხლერი: "გულწრფელად გეტყვით... ასეთია რეალობა" - ექსკლუზივი - კვირის პალიტრა

გუნთერ ბეხლერი: "გულწრფელად გეტყვით... ასეთია რეალობა" - ექსკლუზივი

"რა შედეგებს მოგვიტანდა კონფედერაციის სცენარი, ამაზე საუბარი მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი"

9 აპრილს ცხინვალში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ალანიის დარქმევას გულისხმობს

რეფერენდუმი და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალში, ახალი საელჩო და ლავროვის ვიზიტი სოხუმში - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა ამ მოვლენების ფონზე კიდევ უფრო პესიმისტურად გამოიყურება. რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ მსგავსი სცენარების თავიდან ასაცილებლად და რა შეუძლია ევროპას? - ამ კითხვებით "კვირის პალიტრამ" შვეიცარიის ყოფილ ელჩს საქართველოში, ამჟამად ეუთოს თანათავმჯდომარეს ჟენევის მოლაპარაკებებში, გუნთერ ბეხლერს მიმართა.

- ჟენევის მოლაპარაკებებით დავიწყოთ: ბოლო დროს რუსი დიპლომატებისგან მძაფრი განცხადებები მოვისმინეთ - გაეროში რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ილიჩმა პირდაპირ მიანიშნა, რომ რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტის სცენარს განიხილავს. ფორმატმა თავისი თავი ამოწურა?

- მე, როგორც თანათავმჯდომარეს, შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მოლაპარაკებების მე-40 რაუნდს ვგეგმავთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს მდგრადი ფორმატია. მიუხედავად საგანგაშო ნიშნებისა და მედიაში გაკეთებული განცხადებებისა, ფორმატს საფრთხე არ ემუქრება. ბოლო რაუნდი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო - კიდევ უფრო მივუახლოვდით ძალის არგამოყენების შეთანხმებას. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს შორის. ვცდილობთ, პრობლემები გადავწყვიტოთ. კარგი ეტაპებიც გვქონია და ცუდიც, გვემუქრებოდნენ კიდეც, მაგრამ ეს ფორმატი მაინც სტაბილურად მუშაობს და არა მგონია, რომელიმე მხარე შეელიოს.

- ე.წ. სამხრეთი ოსეთი აპირებს, ალანია დაირქვას. ხომ არ არის ეს უფრო დიდი რეფერენდუმის პრელუდია, რომლის შედეგადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთსა და საბოლოოდ, რუსეთის ფედერაციას შეუერთდება?

- ეს საკითხი ჟენევაში არ განგვიხილავს და არც ვაპირებთ, ეს ცხინვალსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკების საგანია, ამ საკითხში ჩარევის მანდატი არ გვაქვს. რაც შეეხება სახელის შეცვლასთან დაკავშირებულ რეფერენდუმს, ჩანს, ეს, მნიშვნელოვანია ცხინვალისთვის, რათა თავიანთ დამოუკიდებლობას გაუსვან ხაზი. ვფიქრობ, თუ ცხინვალი სახელს შეიცვლის, ის რუსეთს აღარ შეუერთდება.

- რა გაძლევთ ამის ფიქრის საფუძველს? ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, - ჯერ სახელს შეიცვლიან და საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებენ, მერე კი რუსეთს შეუერთდებიანო...

- ეს ჩემი ვარაუდია, ასე ვთქვათ, ჩემი წინასწარმეტყველება. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ ე.წ. სამხრეთი ოსეთი ალანიის სახელმწიფო გახდება, ეს ცხინვალის აზრით, მათ დამოუკიდებლობას გაუსვამს ხაზს. საქართველო ამას არ დაეთანხმება, მაგრამ ჩანს, რუსეთს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს...

- შვეიცარიული ნოუ-ჰაუთი დავამთავროთ - კონფედერაციის თემა. იმუშავებდა კონფედერაციის მოდელი საქართველოსთვის? არის თუ არა ეს რეალისტური სცენარი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად?

- თეორიულად, კონფედერაცია ყოველთვის განიხილება ტერიტორიული კონფლიქტების გადაჭრის ერთ-ერთ ვარიანტად, მაგრამ აქ ამოსავალი წერტილი ის არის, რომ მხარეებს თანაცხოვრების სურვილი უნდა ჰქონდეთ. შვეიცარია ჯერ კონფედერაციად ჩამოყალიბდა, შემდეგ ფედერაციად გარდაიქმნა და ეს ნებაყოფლობით მოხდა. საქართველოშიც შეიძლება იგივე მოხდეს, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება სოხუმისა და ცხინვალის მზადყოფნაზეც.

- შემისწორეთ, თუ ვცდები - კონფედერაცია ნიშნავს, რომ მხარეებს თანაბარი სტატუსი ექნებათ, ანუ თუ თბილისი, ცხინვალი და სოხუმი კონფედერაციას შექმნიან, მათ თანაბარი სტატუსი ექნებათ, ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება უმრავლესობის მიხედვით, რაც არ გამორიცხავს სცენარს, რომ თბილისს ცხინვალ-სოხუმის ბლოკმა, და თავისთავად, რუსეთმა გადაუწყვიტოს, როგორ მოიქცეს და საით წავიდეს...

- გულწრფელად გეტყვით, კონფედერაცია მომავლის, ასე ვთქვათ, ალტერნატიული სცენარია. ამ ეტაპზე საქართველოს პოზიცია მყარად ეფუძნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს და ამ პოზიციის გადახედვა არ იგეგმება. ასეთია რეალობა. ასე რომ, რა შედეგებს მოგვიტანდა კონფედერაციის სცენარი, ამაზე საუბარი დღეს მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი. თუმცა, დაფიქრება შეიძლება.

ვაჟა თავბერიძე