"უუფლებო პრეზიდენტის შენახვაზე ფულის ხარჯვას, სჯობს, საერთოდ გააუქმონ ეს ინსტიტუტი"
01-05-2017
"უუფლებო პრეზიდენტის შენახვაზე ფულის ხარჯვას, სჯობს, საერთოდ გააუქმონ ეს ინსტიტუტი"
"ამ გაუთავებელ ბრძოლასა და კინკლაობაში რამე ისეთი არ გამოგვეპაროს, რამაც შეიძლება, საერთოდ დაუკარგოს აზრი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს..."

"მეეჭვება, უსუფაშვილი ჯერჯერობით ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს. ის არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია მასების მობილიზება ტრიბუნიდან და ქუჩიდან"


ჩვენი საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემად რჩება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაამთავრა და პროექტი საზოგადოებასა და ვენეციის კომისიას წარუდგინა. ამავე დროს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის ახალი რედაქციის განხილვა რეგიონებში დაიწყო.
მისი გამოსვლები კრიტიკულია, რასაც "ქართული ოცნება" ასევე მწვავე კრიტიკით პასუხობს. ერთი შეხედვით უფრო და უფრო მცირდება შანსი, რომ ხელისუფლება და მისი ოპონენტები ქვეყნის ძირითადი კანონის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოლაპარაკებას შეძლებენ.

რას მივიღებთ ამ ცვლილებების შედეგად - უკეთეს კონსტიტუციას თუ კვლავაც არსებული ხელისუფლების ვიწრო ინტერესებზე მორგებულ ძირითად
კანონს?! - გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. ამ ცვლილებებიდან ზოგიერთი, მიმაჩნია, რომ აუცილებელია და ის ნამდვილად გააუმჯობესებს ქვეყნის ძირითად კანონს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ნამდვილად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაუძლო ცდუნებას და, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა გარკვეული ცვლილებების შემუშავება.
ეს პროცესი უხერხულ პროცესად იქცა.დიდი აჟიოტაჟია მის გარშემო ატეხილი, რაც, ერთი შეხედვით, თითქოს ბუნებრივია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენმა პოლიტიკოსებმა მიაჩვიეს ქართველი საზოგადოება კონსტიტუციის ხშირ ცვლას. ხანდახან ცვლიდნენ ძალიან უმნიშვნელო მოტივებით; მაგალითად, გავიხსენოთ, რომ სააკაშვილის დროს კონსტიტუცია შეცვალეს პარლამენტარის ასაკის ახლებურად განსასაზღვრად მხოლოდ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს პარლამენტში ერთი კონკრეტული ადამიანის შეყვანა უნდოდა.
საბოლოოდ ქართველ საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კონსტიტუციის ცვლა გაუთავებლად შეიძლება. არადა, ქვეყნის ძირითადი კანონი უნდა იყოს მყარი ფუნდამენტი, რომელსაც სახელმწიფო ეფუძნება. იმედი მაქვს, დაღვინდება, ბოლოს და ბოლოს, ქართული პოლიტიკური კულტურა და კონსტიტუციის შეცვლის სურვილიც ყველა ახალ ხელისუფლებას აღარ ექნება.

ახლა რაც ხდება, ერთ ისტორიას მახსენებს: 1453 წელს, როდესაც თურქები კონსტანტინეპოლს ალყას არტყამდნენ, იმპერატორი კონსტანტინე კვირების განმავლობაში თეოლოგიური დებატებით იყო გართული იმის თაობაზე, ანგელოზები მამრობითი სქესის იყვნენ თუ მდედრობითის. როდესაც სამხედრო გარნიზონის უფროსმა მიაკითხა და იმპერატორს უთხრა, თურქებმა ალყა შემოგვარტყეს და სადაცაა, ომს დაიწყებენო, უპასუხა, ასეთი წვრილმანებისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემას როგორ მომწყვიტეო... და ცოტა ხანში კონსტანტინეპოლი დაეცა, რითაც უზარმაზარი ეპოქა დასრულდა და ევროპაში ვითარება შეიცვალა.

სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს პოლიტიკოსები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც იმპერატორ კონსტანტინეს დღეში არიან და მასშტაბური საფრთხეებისა და გამოწვევების გაანალიზებას კი არ ცდილობენ, მეათეხარისხოვან საკითხებს წყვეტენ, მაგალითად, ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობა უნდა იყოს თუ არა და ა.შ.
მსოფლიოც ამ მდგომარეობაშია. ევროპაში ტერაქტი რომ ხდება, ევროპელი საზოგადოება ორიოდე დღე ლაპარაკობს ამაზე, მერე კი ისევ აგრძელებს კამათს, სადმე ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა დაუშვან თუ - არა.
დღევანდელი სამყაროს უბედურება სწორედ ის არის, რომ პროცესების სერიოზულობას ვერ აღვიქვამთ და უმნიშვნელოვანეს გლობალურ საფრთხეებს ვერ ვხედავთ. არადა, მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების რეჟიმში ვცხოვრობთ.
ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს ვინმე ადევნებს თვალს და აანალიზებს იმ სავალალო შედეგს, რომლის წინაშეც, შესაძლოა, უახლოეს ხანში აღმოვჩნდეთ?!

რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ გაუთავებელ ბრძოლასა და კინკლაობაში რამე ისეთი არ გამოგვეპაროს, რამაც შეიძლება საერთოდ დაუკარგოს აზრი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს...

- ყველაზე დიდი დავის საგნად იქცა პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებული საკითხი. ეს შეეხება როგორც მისი არჩევის წესის განსაზღვრას, ასევე მისთვის ისედაც შეკვეცილი უფლებების უფრო შემცირებას. თუ აქამდე "ქართულ ოცნებაში" ამბობდნენ, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით გაიმართებოდა და ცვლილება მხოლოდ მომდევნო არჩევნებისას შევიდოდა ძალაში, ორიოდე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მარგველაშვილის მოქმედება იმდენად არ მოსწონთ, სავარაუდოდ, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს 2018 წელსვე დააკანონებენ. რა გამოდის, ქვეყნის ძირითადი კანონი ერთი ადამიანის - გიორგი მარგველაშვილის მოქმედებისა და განცხადებების მიხედვით იცვლება?!

- აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება პრეზიდენტსა და დანარჩენ ხელისუფლებას შორის, ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია. დაპირისპირება განსაკუთრებულად გამძაფრდა ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, გრძელდება დღესაც და ამ ხნის განმავლობაში უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესზე.

ის ცვლილებები, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უკავშირდება, ძალიან უხერხულ ვითარებას ქმნის. მე თუ მკითხავთ, ამ ყველაფერს ღია პოლიტიკური თამაში სჯობს. სრულიად უუფლებო პრეზიდენტის შენახვაზე ფულის ხარჯვას, ადგნენ და, საერთოდ გააუქმონ ეს ინსტიტუტი. არსებობენ საპარლამენტო ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს არბიტრის და მედიატორის ფუნქცია აქვს. აქ ვერ გაიგებ, ზუსტად რა ფუნქცია აქვს პრეზიდენტს. დღემდე ლამის გაურკვეველია, ვინ არის ქვეყნის პირველი პირი - პრეზიდენტი თუ პრემიერი?
რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მან პირდაპირ თქვა, კონკრეტულ ადამიანზე განაწყენების გამო ვცვლით კონსტიტუციასო, რაც ყოვლად დაუშვებელია! ეჭვი აღარ არსებობს, რომ რაც ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის გარშემო, კონკრეტული ადამიანის გამო ხდება, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას, რომ თვითონ მარგველაშვილმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა, რომ ასეთი ვითარება შექმნილიყო.

- გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის ახალი რედაქციის განხილვა რეგიონებში უკვე დაიწყო და მისი გამოსვლები კრიტიკულია...

- მას შეუძლია გამართოს ეს შეხვედრები. ნორმალურია, პრეზიდენტს ჰქონდეს სურვილი, აქტიურად მონაწილეობდეს კონსტიტუციის განხილვის პროცესში, მაგრამ მე ვიცი, დაახლოებით როგორ აუდიტორიებს ხვდება მარგველაშვილი. ამ საზოგადოებას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ხათრით შეკრებილი საზოგადოებაა. პრეზიდენტი ხშირად ცდილობს აქტიურობის დემონსტრირებას იმ დროს, როდესაც სინამდვილეში აქტიური სულაც არ არის. დემონსტრაციულად აცხადებს, რომ არ სურს თანამშრომლობა სამთავრობო გუნდთან, რაც არასწორია.

- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო საკითხი საპარლამენტო არჩევნების წესის ცვლილებაა. მოგეხსენებათ, ახალი პროექტით, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, მაგრამ გაუნაწილებელი მანდატები მთლიანად პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას მიაქვს...

- რასაკვირველია, ეს სრულიად მიუღებელი და უსამართლო გადაწყვეტილებაა. გაუნაწილებელი მანდატები უნდა განაწილდეს პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. არაფრით არ შეიძლება, რომ ეს მანდატები ერთმა პოლიტიკურმა ძალამ წაიღოს, ეს არ არის სამართლიანი და ამასთანავე, ამას არ მოგვიწონებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
ხშირად "ქართული ოცნება" საკუთარ მოქმედებას ისე წარმართავს, რომ მუდმივად მეტოქედ წარმოიდგენს ხოლმე "ნაციონალურ მოძრაობას" ან მისგან გამოყოფილ ჯგუფს.

კი ბატონო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის დროზე ისეთი დამართა კონსტიტუციას, საკონსტიტუციო ცვლილებების კრიტიკის უფლება ნაკლებად აქვს, მაგრამ კარგი იქნება, თუ "ქართული ოცნება" ხშირად გაიხსენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ქვეყანაში არსებობს საზოგადოება და ამ საზოგადოებას არ მოსწონს ეს წესი.
მუდმივად "ნაციონალურ მოძრაობაზე" სწორების, მათთვის პასუხის გაცემისა და მათ საწინააღმდეგოდ მოქმედების დრო ამოიწურა. არ შეიძლება დაუსრულებლად ამაზე ლაპარაკი.

არ მესმის, რაში სჭირდება "ქართულ ოცნებას" ხმების გადანაწილებაზე ამდენი კამათი, რატომ აძლევენ მოწინააღმდეგეს სალაპარაკოს?!
ვფიქრობ, "ქართულ ოცნებას" ნამდვილად აქვს რესურსი, თავისი მუშაობის შედეგად მიიღოს უმრავლესობა პარლამენტში და არ უნდა სჭირდებოდეთ ასეთი ხრიკების გამოყენება. ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელსაც ვენეციის კომისია აუცილებლად დაიწუნებს. დიდგორის გამარჯვების თარიღის უქმედ გამოცხადების ინიციატივისა არ იყოს, იქნებ კარგად დაფიქრებულიყვნენ, ვიდრე ამგვარ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ.

დიდგორის ამბავზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა... რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით თურქეთის მოქმედება კრიტიკას ვერ უძლებს. მათ არ ჰქონდათ იმის უფლება, რაც გააკეთეს, ეს სხვა ქვეყნის შინაურ საქმეში უხეში ჩარევაა, მაგრამ მე უფრო ჩვენი ხელისუფლების მოქმედება მაწუხებს. ჯერ სრულიად გაუაზრებელი და გაუთვლელი ინიციატივა წამოაყენეს, აჟიოტაჟი ატეხეს და ბოლოს გაჩერდნენ...
არ გაქვს ხელისუფალს იმის უფლება, ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯები გადადგა. მოკლედ, თუ შნო არ გაქვს საქმის ბოლომდე მიყვანის, არც უნდა წამოიწყო...

- რადგან თურქეთზე ვლაპარაკობთ, აქვე გავიხსენოთ, რომ გასულ კვირას ამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში კვლავ ათასობით ადამიანი დააკავეს. ისე მიდის საქმე, რომ რეფერენდუმის შემდეგ ერდოღანი კიდევ უფრო გაამკაცრებს რეპრესიულ პოლიტიკას...

- ეს მოსალოდნელიც იყო. ერდოღანისთვის უდიდესი დარტყმა იყო ის, რომ რეფერენდუმზე არც ანკარამ, არც სტამბოლმა და არც იზმირმა მას მხარი არ დაუჭირა. მეტიც - ხალხი საპროტესტოდ ქუჩაში გამოვიდა. ერდოღანმა რეფერენდუმი მოიგო ძალიან დაბალი პროცენტით. საერთოდ, ამ მოგებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა ისმის. ბევრი ფიქრობს, რომ მისი შედეგები გაყალბდა. ერდოღანის ფიქრით კი, ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, დასაჭერია. იმ 49%-ს, რომელიც რეფერენდუმზე ერდოღანის წინააღმდეგი იყო, ვერ დაიჭერს, მაგრამ 10%-ს ნამდვილად დაიჭერს... ერდოღანს ახლა ხელები გახსნილი აქვს, არავინ არის მისთვის ისეთი ავტორიტეტი, ვინც გააჩერებს. ის თავს უკვე ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად გრძნობს და არავის აზრი არ აინტერესებს. ეს შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს მისთვისაც, ქვეყნისთვისაც და, არ არის გამორიცხული, რეგიონისთვისაც.

ჩვენ ვიგებთ თურქეთში ათასობით ადამიანის დაკავების ამბავს, მაგრამ ვერც კი წარმოგვიდგენია, რა ვითარებაა ახლა იქ, რა შიში ბუდობს თურქეთის ქალაქებში... თურქეთში ადამიანები ერთმანეთს აღარ ენდობიან, არ ელაპარაკებიან იმის შიშით, რომ ვიღაცამ არ "ჩაუშვას". მახსენდება საბჭოთა ისტორიის შავბნელი წლები. ეს არის ტრაგედია მთელი ქვეყნისთვის, რომელიც ამ ბოლო წლების განმავლობაში სხვაგვარ ცხოვრებას მიეჩვია და ახლა ამას ვეღარ შეეგუება. ერდოღანიც ფიქრობს, რომ სწორედ ეს განწყობა უნდა გადატეხოს წელში...
თურქეთში საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ეგონა, რომ რეფერენდუმის შედეგების წყალობით მოახერხებდნენ ერდოღანის შეჩერებას, ახლა კი ეს იმედი გადაეწურათ. ბუნებრივია, ისინი ერდოღანის საწინააღმდეგოდ სხვა გზების ძიებას დაიწყებენ, რაც ამ უკანასკნელმაც მშვენივრად იცის და ამისთვის თადარიგს იჭერს.

ამ ვითარებაში საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. ამ ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ჩემს კოლეგებს ბალკანეთის ქვეყნებიდან, რომლებმაც მითხრეს - ყურადღებით ვაკვირდებით თურქეთში მიმდინარე პროცესებს, რადგან ეს შეიძლება ჩვენთვის ძალიან ცუდი ხვალინდელი დღე იყოსო.

- ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლის შეურაცხყოფისთვის საგანგებო რეგულაციების შემოღებას ითხოვენ. ინიციატივას მომხრეზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი რეგულაციები გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის...

- ჩემი აზრით, როდესაც საქმე ცილისწამებასა და ლანძღვა-გინებას ეხება, ასეთი რეგულაციები უნდა არსებობდეს არა მხოლოდ მოსამართლეებთან, არამედ ნებისმიერ მოქალაქესთან დაკავშირებითაც. არ შეიძლება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ადამიანს ბრალი წაუყენო და ამაზე პასუხი არ აგო. ოღონდ საჭიროა ზომიერება. ეს არ უნდა გადაიზარდოს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში.

- პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დააანონსა. მისი განცხადებით, ახალ გუნდს საზოგადოებას მაისის ბოლოს წარუდგენს...

- მივესალმები დავით უსუფაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას, მეტიც, მიმაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსია. ვნახოთ, რა გუნდს წარმოგვიდგენს, როგორი იქნება მისი პოლიტიკური ნაბიჯები. არა მგონია, შეცდომა დაუშვას ან გუნდის შერჩევისას, ან პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებისას.

მეეჭვება, უსუფაშვილი ჯერჯერობით ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს. ის არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია მასების მობილიზება ტრიბუნიდან და ქუჩიდან. მას არ შეუძლია სკანდალურად მოსვლა, მისი პოზიცია დინჯი, აწონილი, გააზრებულია... ამგვარ პოლიტიკას სჭირდება დრო. არ ველი, რომ უცებ რაღაც განსაკუთრებულ გარღვევას მოახერხებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის და მისი გუნდი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავლენიან ძალად იქცევიან. ქართველი საზოგადოების გემოვნებას რამდენად მოერგება, არ ვიცი. ამას დრო გვაჩვენებს...

- "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა კოტე იოსელიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს. დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა პასუხად პროკურატურას მიმართა და ყველა იმ პირის დასჯა მოითხოვა, ვინც ინფორმაცია გაავრცელა. ის ამტკიცებს, რომ მისი შვილის ანაბეჭდები მისივე მეგობრის მანქანაზე იპოვეს... "ნაციონალურ მოძრაობაში" ასევე ლაპარაკობენ ნეპოტიზმის შესაძლო ფაქტზე, რადგან სესიაშვილის სტუდენტი შვილი უშიშროების სამსახურში მუშაობს...

- ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, რადგან ირაკლი სესიაშვილის ვაჟს ძალიან კარგად ვიცნობ და ის ერთ-ერთი საუკეთესოა თავის თაობაში. რაც მას დააბრალეს, არის სრული ცილისწამება. აი, სწორედ ამგვარი ვითარებისთვის უნდა არსებობდეს რაიმე სახის რეგულაციები. რაც შეეხება ნეპოტიზმს, რა გითხრათ, აბა... ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა, მუშაობა დაეწყო უშიშროების სისტემაში. და რადგან ამ სფეროს მამამისი კურირებს, მან იქ ვერ უნდა იმუშაოს?

- თუმცა, ცოტა დაუჯერებელია, ამ სისტემაში მეორეკურსელი ახალგაზრდა პროტექციის გარეშე ახერხებდეს სამუშაოს შოვნას...

- დავუშვათ, ირაკლი სესიაშვილის შვილი რომ იყო, ამას ანგარიში გაუწიეს და დაასაქმეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის კარგი ბიჭია, ქვეყანას რომ გამოადგება, ისეთი... იმის გამო, რომ ვიღაცას ეს არ მოეწონება, ახალგაზრდა კაცი არ უნდა დასაქმდეს?!
სხვა საქმეა, რომ დღევანდელ სახელისუფლებო სტრუქტურებში ბევრი არაპროფესიონალია დასაქმებული, პროტექციონიზმის შემთხვევებიც არის და გადატვირთული შტატებიც... ვინ რამდენ პრემიას იღებს, ამაზე ხომ ლაპარაკიც არ მინდა...

ნათია დოლიძე
ზურა
05 მაისი 2017 14:35
მამუკა უდავოდ უჭკვიანესი ანალიტიკოსია მაგრამ თუ ქვეყნის ისტრიას გადავხედავთ საუკეთესოდ მიმაჩნია ძლიერი პაპლამენტი და გაწონასწორებული პრეზიდენტი თუ პარლამენტი სწორად აირჩა მაშინ სულერთია ვინ აირჩევს პრეზიდენტს რაც შეეხება უფლებებს საპარლამენტო მმართველობის შემთხვევათი პრეზიდენტი უმეტეს ქვეყნებში უმნიშვნელო უფლებისაა
papa gigia
05 მაისი 2017 13:22
დიდი ხანია ასეთი გაწონასწორებული ანალიზი არ წამიკითხავს. დიდი მადლობა ამისათვის. მგონი პირველი ვარ კომენტარს რომ აკეთებს. რატომ? არავის წაუკითხავს? წაიკითხეს და ვერ გაიგეს? თუ "ანგელოზების სქესის გარკვევას" არ ეხებოდა და ამიტომ იქნა იგნორირებული?!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები