ლადო პაპავას სკანდალური ინტერვიუ
01-05-2017
ლადო პაპავას სკანდალური ინტერვიუ
"რექტორობის შემდეგ დაკითხვაზე მატარებდნენ. თითქოს ჩემს კორუფციულ საქმიანობას იკვლევდნენ. ორი ბრალდება წამიყენეს"

"ამ წინადადებაზე დათანხმება ნიშნავდა, რომ სამართალდამცავები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ"


გასული წლის 21 აპრილს თსუ-ის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ, სტუდენტების საპროტესტო აქციების ფონზე, პოსტი დატოვა, თუმცა დააანონსა, რომ დეტალებზე, ვინ და რატომ დაგეგმა მის წინაა\ღმდეგ საპროტესტო ტალღა, ერთი წლის შემდეგ ისაუბრებდა. უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე სწორედ ერთწლიანი დუმილის შემდეგ აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ყველა დეტალს "კვირის პალიტრასთან" იხსენებს:

- მკითხველს შევახსენებ, რომ
შარშან, მარტის ბოლოს, უნივერსიტეტში ვითარება მეტ-ნაკლებად ჩაწყნარდა, საპროტესტო აქციებიც შეჩერდა, სტუდენტებიც შენობიდან გავიდნენ. თუმცა, 2016 წლის 25 მარტს საქართველოს პატრიარქმა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში მსახურებაზე მიმიწვია, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად აღმოვჩნდი. ჩემ გვერდით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იდგა, რომელსაც პატივისცემის გამოსახატავად ჩავჩურჩულე,
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის-მეთქი. მოულოდნელად პრემიერმა ერთი ნაბიჯით უკან დაიწია და მიპასუხა - მე თქვენ მხარს არ გიჭერთ, მე უნივერსიტეტს დავუჭირე მხარიო. ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იყო - როდესაც მთავრობა მხარს არ გიჭერს, არ შეიძლება სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე დარჩე. ამ შეხვედრამდე, მარტის რთულ დღეებში, პოსტიდან გადადგომაზე პერიოდულად მიმანიშნებდა განათლების მაშინდელი მინისტრიც, თამარ სანიკიძე.

უნივერსიტეტში თვითმმართველობის სტუდენტებმა ჩემი გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს, მაშინვე "აუდიტორია 115"-მაც გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ცვლილებები განმეხორციელებინა და ორ თვეში თანამდებობა დამეტოვებინა. ეს აბსურდი იყო - თუ ადამიანი საქმეს აკეთებ, რატომ უნდა გადადგე? ნათელი გახდა, რომ ჩემ გარშემო წრე შეიკრა. კონსულტაცია გავიარე სახელისუფლებო წრიდან ჩემთვის პატივსაცემ ერთ-ერთ ავტორიტეტულ პირთან (რომლის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ), რომელთანაც საუბრიდან ჩემთვის ნათელი გახდა, რომ თუ არ გადავდგებოდი, უნივერსიტეტში უარესი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.

ყველაფერი ფორმალურად კანცლერის არჩევნებით დაიწყო - ისეთი კანდიდატურა წამოაყენეს, რომელთანაც პირადად მე პრეტენზია არ მქონდა, თუმცა გიორგი გაფრინდაშვილის დასახელება უნივერსიტეტში დაპირისპირების პროვოცირებას, ხელშეწყობას ნიშნავდა. თუ ის გავიდოდა, "აუდიტორია 115"-ში გაერთიანებული სტუდენტების ნაწილი უნდა დაჰპირისპირებოდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და რექტორს. თუ კანდიდატურა ჩავარდებოდა, დაგვიპირისპირდებოდა სტუდენტური თვითმმართველობა, ანუ როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო, წაგებული თამაში იყო და პროტესტი ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა. ამის შემდეგ დაიწყო ფანტასტიკური პროცესი: ჯერ"ე.წ. ოდეერის საკითხი ააგორეს. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი უნივერსიტეტში რეალურად იყო. დასავლეთში სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობა საპატიოდ ითვლება, ჩვენთან კი, მიუხედავად იმისა, რომ უშიშროებაშიც არაერთი წესიერი და ღირსეული ადამიანი მუშაობს, საბჭოური პრაქტიკიდან გამომდინარე, ის ძირითადად მაინც უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება, რადგან, არცთუ იშვიათად, დღემდე გაუგებარ თამაშს ეწევა. საბოლოოდ, გამოიკვეთა, რომ ვინც უნივერსიტეტში კონკრეტულად ამ ფუნქციას ღიად ასრულებდა (ბ-ნი­ კავსაძე), მარტო არ იყო - ზოგიერთი პროფესორი, ადმინისტრაციის თანამშრომელი თუ სტუდენტი მეტ-ნაკლებად, სხვადასხვა ფორმით შეკრული იყო უშიშროებასთან.

ამის შემდეგ ჩემზე ინტენსიური ზეწოლა დაიწყო. როდესაც 7 მარტს სტუდენტებმა გამოსვლები დაიწყეს, ოდეერის რჩევით შეხვედრა მქონდა მის უფროსთან,"რომელმაც მირჩია, რომ აქტიურ სტუდენტებს - ლევან ლორთქიფანიძესა და ირაკლი კუპრაძეს შევხვედროდი, რომლებიც დღეს "აუდიტორია 115"-ის გამორჩეული ლიდერები არიან. მართლაც ორივეს 8 მარტს, უქმე დღეს, უნივერსიტეტში შეხვედრა ვთხოვე. ხაზგასმით ვაცხადებ - ამ შეხვედრის შესახებ მხოლოდ­ ოთხმა პირმა ვიცოდით - მე,"ოდეერის უფროსმა, ლორთქიფანიძემ და კუპრაძემ. შეხვედრაზე მათ კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლა და უნივერსიტეტში დაძაბულობის განმუხტვა ვთხოვე.

შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში კი სოციალურ ქსელში­ გაჩნდა ფოტოები წარწერით, როგორ გამოდიან პაპავას კაბინეტიდან ლორთქიფანიძე და კუპრაძე, რექტორი მათთან გიორგი გაფრინდაშვილის საწინააღმდეგოდ ფარულ გარიგებებს აწარმოებსო...

- ვინ გაავრცელა ფოტოები?

- ფაქტია, რომ შეხვედრის შესახებ ჩვენ სამის­ გარდა მანაც იცოდა, ვინც, როგორც გითხარით, მე ამ შეხვედრის მოწყობა მირჩია...
10 მარტს თსუ-ის პირველ კორპუსში სტუდენტები შემოიჭრნენ, დაბლოკეს ოთახი, სადაც კანცლერის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, და ამ უმძიმეს ვითარებაში მირეკავს განათლების მინისტრი და მეუბნება: გადაწყვეტილება მიღებულია, პოლიცია უკვე მალე იქნება უნივერსიტეტში და შენობას მეამბოხე სტუდენტებისგან გაწმენდსო.

ამ წინადადებაზე დათანხმება ნიშნავდა, რომ სამართალდამცავები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, დროებით დააკავებდნენ და როდესაც გაათავისუფლებდნენ, უნივერსიტეტში საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებდა უკვე ახალი ბრალდებით, რომ მე უნივერსიტეტში პოლიცია სტუდენტების დასარბევად შემოვიყვანე, ისინი ვაცემინე. ასეთი ბრალდების შემდეგ რექტორს უნივერსიტეტში კი არა, საქართველოშიც კი არ დაედგომება. როგორც კი პოლიცია უნივერსიტეტში შემოვიდა, სტუდენტებსა და პოლიციას შორის ჩავდექი იქ მყოფ თსუ-ის რამდენიმე პროფესორთან ერთად და ქვედანაყოფის ხელმძღვანელს შენობის დატოვება ვთხოვე, ესეც, სავარაუდოდ, გათვლილი ზარი გახლდათ, დავეთანხმებოდი თუ არა განათლების მინისტრის ამ შემოთავაზებას.

პარალელურად, ქ-ნი მინისტრი სისტემატურად ხვდებოდა აკადემიური საბჭოს ზოგიერთ წევრს და სწორედ მისი მითითებით, აკადემიური საბჭოს წევრების შეცდომაში შეყვანის გზით, საბჭომ ფორმალურად რექტორის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხი წამოიწყო. აკადემიურ საბჭოში იყვნენ ჯანსაღად მოაზროვნე წევრები, რომელთა მადლიერი ვარ საქმიანი თანამშრომლობისათვის. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამ ზეწოლას დაემორჩილნენ. როგორც იტყვიან, ყველა მხრიდან "ალყაში" მომაქციეს, რისი მიზანიც ჩემი პიროვნულად გატეხა გახლდათ - ლადო პაპავა ხომ რკინის არ არის, ან გული გაუსკდება, ან ავად გახდება, ან გონიერება ეყოფა და გადადგებაო... ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაძაბულობა პიკს მიაღწევდა, პრემიერთან შეხვედრა ვითხოვე. ვთვლიდი, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა წლების წინ ჩამომიყალიბდა. თუმცა, შეხვედრაზე მუდმივად უარს ვიღებდი. დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, ჩვენი შეხვედრა დაიგეგმა, თუმცა შეხვედრაზე განათლების მინისტრიც დამხვდა. ეს უკვე იყო გზავნილი, რომ გულახდილი საუბარი არ გამოვიდოდა, რადგან ქ-ნ მინისტრთან ერთად მნიშვნელოვან დეტალებზე საუბარს არ ვაპირებდი.

ამასობაში უნივერსიტეტში ორ დაპირისპირებულ სტუდენტურ ჯგუფს შორის ვითარება დღითი დღე იძაბებოდა, ამიტომ უკვე მე ვთხოვე სამართალდამცავებს, ერთგვარი დერეფანი გაეკეთებინათ "აუდიტორია 115"-სა და თვითმმართველობის სტუდენტებს შორის და შესაძლო ფიზიკური დაპირისპირება მაქსიმალურად აერიდებინათ თავიდან. სამწუხაროდ, ორივე ფრთა­ში­ უშიშროებისგან მართული ზოგიერთი ახალგაზრდა იყო. საბედნიეროდ, სამართალდამცავების დახმარებით, მაშინდელი დაძაბული დღეები ისე გავიარეთ, რომ დაპირისპირებულ სტუდენტებს შორის ცემა-ტყეპა არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, როცა პროფესორებთან შეხვედრაზე ვიყავი, სტუდენტური თვითმმართველობის რამდენიმე წევრმა რექტორის კაბინეტში შემოჭრა მაინც მოახერხა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოუძღოდა.

- თქვენი აზრით, რა ახსნა აქვს ამას, რატომ გახდით მიუღებელი?

- პირველი თაობის "ქართული ოცნების" წევრებთან არ უნდა მქონოდა ურთიერთობის პრობლემა, ჩვენ ბარიკადის ერთ მხარეს ვიბრძოდით, ბიძინა ივანიშვილთან დამოკიდებულებაც გამორჩეული იყო - ყველა შეხვედრაზე ის ჩემდამი თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავდა...
ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილთან პრობლემა არც არასდროს ყოფილა და ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია არა მგონია, მისგან წამოსულიყო...

ჩემს წინააღმდეგ მოქმედი ყველაზე მთავარი ფიგურა დღეს სერიოზულად ავადაა, ამიტომ მასზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ის მაშინაც პარლამენტის წევრი იყო. 2016 წელს, როდესაც მარტში უნივერსიტეტში ვითარება დაიძაბა, სწორედ მან გააკეთა პარლამენტიდან პირველი საჯარო განცხადება ჩემი გადადგომის მოთხოვნით. რადგან "ქართული ოცნება" თავიდანვე არ ყოფილა ერთიანი პოლიტიკური ძალა და მით უმეტეს, დღესაც არ არის, ყველას ერთნაირი შეხედულებები არ ჰქონია უნივერსიტეტთან მიმართებაში. ამ კონკრეტულ პარლამენტარს კი რექტორობასთან დაკავშირებით აშკარად თავისი გეგმები ჰქონდა.

ჩემი რექტორობის პირველივე დღიდან გამოჩნდნენ პირები, რომლებსაც "ქართულ ოცნებაში" ჩემ შესახებ არასწორი ინფორმაცია მიჰქონდათ.

მსგავსმა ფაქტებმა ურთიერთობა დაძაბა ჩემსა და ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის, რასაც აშკარად ვგრძნობდი.
მაბრალებდნენ, თითქოს მმართველ პარტიაზე ვჭორაობდი, ვლანძღავდი და ა.შ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც აშკარად აღიზიანებდა მთავრობის ზოგიერთ წევრს, იყო ის, რომ ღიად ვითხოვდი უნივერსიტეტის დაფინანსების ლომაიასეული წესის შეცვლას და პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების აღდგენას, რაც, ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არავინ გაიზიარა. ეკონომიკის სამინისტროსთანაც მქონდა უთანხმოება იმის გამო, რომ უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული ორი ობიექტის გადაცემაზე უარი განვაცხადე...

გახსოვთ, ალბათ, რომ ძალზე გამწვავდა­ ვითარება გაზგასამართი სადგურის გამო, რომელიც მაღლივი კორპუსის გვერდით უნდა აშენებულიყო. მიმტკიცებდნენ, რომ პროექტი ეკოლოგიურად საშიში არ იყო, მაგრამ ჩემი პოზიცია მარტივი იყო - რა უნდა უნივერსიტეტის გვერდით გაზგასამართ სადგურს, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოს ნორმალურ ქვეყნებში არ მოიძებნება! რაიმე რომ მომხდარიყო, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი?

მივლინებით ტარტუს უნივერსიტეტში ვიყავი, როდესაც სტუდენტებმა ამ გაზგასამართი სადგურის აშენების საწინააღმდეგო აქცია დაიწყეს. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, განათლების მინისტრმა დამიბარა და სცადა, ჩემთვის""ყური აეწია""- საპროტესტო აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და უნივერსიტეტის ერთ-ერთი დეკანი შეუერთდნენო.


"ნაციონალური მოძრაობა" ბოროტი ძალაა, რომელიც სადმე არეულობას დაინახავს თუ არა, მაშინვე შეუერთდება, მაგრამ შენ თვითონ რატომ უწევ ამას პროვოცირებას? რაც შეეხება ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის აქციაში მონაწილეობას, განვუცხადე, პატარა იქნებოდით, როდესაც 1978 წელს ქართული ენის დასაცავად სტუდენტებთან ერთად პროფესორებიც იმყოფებოდნენ და მადლობელი ვარ, რომ აქციას თუნდაც ერთი დეკანი შეუერთდა და ნეტავ სხვებიც წასულიყვნენ-მეთქი.

უნივერსიტეტში 2015 წლის 27 მაისს ქართული ემიგრაციის ფორუმი ჩატარდა, რომელშიც ემიგრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი შეხვედრისას ტიერი ბერიშვილმა, პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის დისშვილის, მამია ბერიშვილის შვილმა მითხრა, რომ უნდოდა მის ხელთ არსებული მთავრობის და სოციალ-დემოკრატიული პარტიის არქივი და ბიბლიოთეკა საჩუქრად უნივერსიტეტისათვის გადმოეცა. მთხოვა, მასთან ტულუზაში ჩემი წარმომადგენელი გამეგზავნა, თავად უმასპინძლებდა და მასალებს საჩუქრად გამოატანდა. ტვირთი, რომელიც საფრანგეთიდან უნდა წამოგვეღო, დაახლოებით 150 კილოგრამს იწონიდა. ამიტომ საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრ თამარ ბერუჩაშვილსა და პარიზში საქართველოს საელჩოს მივმართე, რომ ტვირთის დიპლომატიური ფოსტით ჩამოტანაში დაგვხმარებოდნენ. დახმარების ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქ-ნმა თოთლაძემ ვრცელი წერილი მომწერა, თუ რატომ არ უნდა იყოს ეს საჩუქარი უნივერსიტეტში და რომ ის სახელმწიფო არქივს უნდა გადასცემოდა. საელჩომ, თავის მხრივ, გამომიგზავნა წერილი - განძი ლევილის მამულში უნდა დარჩესო. ბ-ნი ტიერი ბერიშვილის პოზიცია კი მარტივი იყო - ეს ჩემი კერძო საკუთრებაა და ვისაც მსურს, მას ვაჩუქებო: თუ მსურდა, საქართველოს მთავრობისთვის მისი გადაცემა, აქამდე გადავცემდი ან ლევილში დავტოვებდიო, გადაწყვეტილი მაქვს, მასალები სრულად უნივერსიტეტს გადავცეო. გაურკვეველ ვითარებაში აღმოვჩნდით. ერთ დღესაც მთავრობის ერთ-ერთმა მეგობრულად განწყობილმა წევრმა მითხრა, ტვირთი, რომელიც ტულუზაშია, პარიზში, საელჩოში არ ჩაიტანოთ, თორემ თბილისში ვეღარ მიიღებთო. ჯობს, თავად მოახერხოთ, რომ ტვირთი თბილისში ჩაიტანოთო. მართლაც, ერთ-ერთ საერთაშორისო საფოსტო კომპანიასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ და ტვირთი ტულუზიდან თბილისში ისე წამოვიდა, რომ პარიზში არ წასულა.

- რა ახსნა აქვს იმას, რომ მთავრობის წარმომადგენლებს უნივერსიტეტისთვის საჩუქრის მიწოდება არ სურდათ?

- როგორც ჩანს, ვიღაცას არ უნდოდა, ლადო პაპავას სახელს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი დაჰკავშირებოდა და კარგი საქმეები არ გამომსვლოდა...

- რატომ არაფერს ამბობდით ამ საკითხებზე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რექტორი იყავით?

- არა მხოლოდ ამ საკითხებზე, რექტორობისას მქონდა პრინციპი, რომ ქვეყანაში მიმდინარე საკითხებზე კომენტარი არ გამეკეთებინა - როდესაც ამ დონის მაღალი პასუხისმგებლობა მქონდა დაკისრებული, დაუშვებელი იყო, ჩვეულებრივად მელაპარაკა, რადგან უკან უნივერსიტეტი მედგა. ვერ დავუშვებდი, რომ ჩემ გამო დარტყმა უნივერსიტეტს მიეღო. თუმცა 2016 წლის იანვარში, როდესაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და "გაზპრომს" შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი გაიმართა (საუბარი შეეხო გაზის ტრანზიტის ნატურალური საფასურის ფულადი ანაზღაურებით შეცვლას), ამის მოთმენა ვეღარ შევძელი: როდესაც დავინახე, რომ ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე იყო, თავი ვერ შევიკავე და საჯაროდ უარყოფითად შევაფასე მოლაპარაკების პროცესი. ჩემს განცხადებას, როგორც გადმომცეს, საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა მთავრობაში. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ის მოვლენები თანამიმდევრულად, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

- თუ თავიდანვე ასეთი მიუღებელი იყავით მმართველი გუნდის რამდენიმე წევრისთვის, როგორ მოხვდით ამ პოსტზე, მათთვის პრობლემა ხომ არ იქნებოდა, უნივერსიტეტის რექტორად თქვენი კანდიდატურა ჩავარდნილიყო?

- ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, პრემიერი კი ბიძინა ივანიშვილი, როცა ჩემთან მოვიდა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი და მითხრა, ვიცით, რომ უნივერსიტეტის რექტორობის არჩევნებში მონაწილეობთ და იცოდეთ, ეს "ნაცების" პერიოდის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ჩვენ ამ პროცესში არ ჩავერევით, ამიტომ შანსი გაქვთ, გაიმარჯვოთო. ამიტომაც ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილო ვერ ვიქნები: მისი პრემიერობის დროს უშიშროება დროებით მაინც დაეხსნა უნივერსიტეტს, რამაც ხელი შეუწყო მის ავტონომიურობას.

აღსანიშნავია, რომ ჩემი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობიდან წასვლის შემდეგ სამი თვით "აუდიტორია 115"-მა მეექვსე კორპუსის ოკუპირება მოახერხა, მაგრამ რატომღაც ხმა სერიოზულად არავის ამოუღია.

პროცესი ჩემი გადადგომის შემდგომაც გაგრძელდა - რექტორობის შემდეგ დაკითხვაზე მატარებდნენ. თითქოს ჩემს კორუფციულ საქმიანობას იკვლევდნენ. ორი ბრალდება წამიყენეს - უნივერსიტეტს თქვენი წიგნები რატომ აყიდვინეთო და ასევე, ბიოლოგიის კორპუსთან სასტუმროს მშენებლობაზე. საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური იძიებდა და როდესაც გადავდექი, ქ-ნმა მინისტრმა ვითომ მეგობრულად ისიც კი შემომთავაზა, თქვენ უკვე გადადექით და თუ გნებავთ, საქმეს მსვლელობას არ მივცემთო. როგორ გეკადრებათ, თუ საკითხი შემოსულია, პირიქით, მიეცით ბოლომდე მსვლელობა, არაფერი მაქვს დასამალი-მეთქი.

- მართლაც შეიძინა უნივერსიტეტმა თქვენგან წიგნები და საინტერესოა, რას ნიშნავს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სასტუმროს განთავსება?

- როდესაც უნივერსიტეტის რექტორი ხვდება სტუმრებს ან საზღვარგარეთ მიემგზავრება კოლეგებთან შესახვედრად, საჩუქრების გაცვლა ხდება, ეს კი, როგორც წესი, წიგნია. თუ უნივერსიტეტის რექტორი მეცნიერია, ის სტუმრებსა თუ მასპინძლებს თავის წიგნსაც ჩუქნის ხოლმე. ეს წიგნი შემდეგ შესაბამისი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება. უნივერსიტეტმა ჩემგან ამერიკაში გამოცემული წიგნები შეიძინა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ავტორი თუ ვიყიდდი ამ წიგ­ნებს, წიგნის საფასურიდან ჩემი ჰონორარი გამოირიცხებოდა. გარდა ამისა, თუ წიგნების რაოდენობა გარკვეულ ზღვარს ასცდებოდა, ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. ჯამში, უნივერსიტეტმა წიგნები 40%-იანი ფასდაკლებით შეიძინა. საუბარია სულ 15-16 ათასზე. დაკითხვაზე ყველა მასალა წარვადგინე, მათ შორის, რომელ შეხვედრაზე და ვის გადავეცი ისინი საჩუქრად, ხოლო ის, რისი გაჩუქებაც ვერ მოვასწარი, დარჩა თსუ-ის ბიბლიოთეკას. ანუ წიგნების საკითხი ხელოვნურად შეთითხნილი გახლდათ. რაც შეეხება მეორე საკითხს, მაღლივი კორპუსის პირდაპირ ე.წ. ბიოლოგების კორპუსია, რომლის გვერდით ხიმინჯები დგას. აქ მშენებლობა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაიწყო და მას შემდეგ ხელი არავის უხლია. უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენელი მოვიდა, თუ ამ ადგილს გადმოგვ­ცემთ, ჩვენ ასადგილიან სტუმრის სახლს გაგიკეთებთ და თეთრი რემონტით ჩაგაბარებთ, კვების ობიექტითა და საკონფერენციო დარბაზითო. როდესაც უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამებით საზღვარგარეთიდან პროფესორები და სტუდენტები ჩამოდიან, უნივერსიტეტი ქირაობს მათთვის ბინებს, ამიტომ ეს საინტერესო წინადადება გახლდათ. ამასობაში, შემოვიდა მეორე ფირმა, რომელმაც ასევე წარმოადგინა საკუთარი პროექტი. აშკარა იყო, რომ კონკურსი უნდა ჩატარებულიყო, სენატს მივმართე - ოფიციალურად შევქმენით ცხრაკაციანი კომისია (ხუთი პროფესორის და ოთხი სტუდენტის შემადგენლობით) და მათ უნდა შეერჩიათ უნივერსიტეტისათვის საუკეთესო პროექტი. საბოლოოდ, საკითხი ჩაიშალა, რადგან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობიდან წამოვედი.

მაბრალებდნენ, საკუთარი ნაცნობებისთვის უნდოდა ამ პროექტის მიცემაო, მაგრამ თუ ეს მიზანი მამოძრავებდა, ამ საკითხს სენატზე განსახილველად გავიტანდი?! ამ წესით არასოდეს მიცხოვრია და აწ უკვე სიბერისკენ მიმავალი იმიტომ გავხდი რექტორი, რომ ბიზნესი მეკეთებინა? ცნობისათვის, როგორც რექტორს, სახელფასო დანამატი ან პრემია არ ამიღია.

საუბარს კი ასე დავასრულებ - ამ ინტერვიუს შემდეგ ჩემს წინააღმდეგ მორიგი სიბინძურეების კამპანიას არ გამოვრიცხავ. თუ ჩემი მოლოდინი მართლაც გამართლდება და მე და ჩემი ოჯახის წევრებს,­ თუნდაც ირიბად, უახლოეს პერიოდში ან, თუნდაც მომავალში, რაიმე საფრთხე დაგვემუქრება, საჯაროდ ვაცხადებ - ამის მთავარი შემოქმედი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით