"იმ უბედურებაში, რასაც ქართული პოლიტიკა ჰქვია, წესიერი ადამიანი არ ჩაერთვება" - კვირის პალიტრა

"იმ უბედურებაში, რასაც ქართული პოლიტიკა ჰქვია, წესიერი ადამიანი არ ჩაერთვება"

"საზოგადოებას ჯადოსნური წრიდან გამოსვლას ვთავაზობ"

"დღეს მინისტრად ინიშნება კაცი, რომელიც ჯდება კაბინეტში და ნაფიქრი არა აქვს, რა უნდა გააკეთოს!"

თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში ახალი პარტიისა და ახალი თანაგუნდელების გარეშე ბრუნდება, თუმცა, როგორც აანონსებს, მისი პოლიტიკური ძალის შესახებ დეტალური ინფორმაცია მაისის ბოლოს გახდება ცნობილი, მანამდე კი, რა გეგმებითა და ამბიციებით ბრუნდება, "კვირის პალიტრასთან" პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საუბრობს:

- საზოგადოება შეჩვეულია, რომ პოლიტიკაში დაბრუნება ან მოსვლა უნდა ხდებოდეს "გაუმარჯოს" ან "წავიდეთ, ვინმე ჩამოვაგდოთ, გადავაყენოთ" მოწოდებით. ამას კი მე არ გავაკეთებ, რადგან ეს ბევრჯერ გავიარეთ, მათ შორის ჩემი მონაწილეობით ან უჩემოდ. დღეს სხვა ეტაპზე გადასვლა გვჭირდება და მეც ვმუშაობ არა ახალი პარტიის შექმნაზე, არამედ ახლებური პარტიის ჩამოყალიბებაზე. შესაძლოა, ამ პროცესში ბევრი რამ საზოგადოებას, რომელიც სხვა პოლიტიკურ წესებსაა შეჩვეული, უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ უნდა გავერკვიოთ იმ ჩიხში, რომელშიც ვიმყოფებით. აქამდე ისე მოვედით, რომ აქცენტები კეთდებოდა სახელებსა და გვარებზე, პოლიტიკური ძალის გეგმა და პროგრამა კი არ გვაინტერესებს, ან რა იცის და რა მიდგომები აქვს. პოლიტიკური პარტია არ უნდა იყოს ინსტრუმენტი ვინმეს წინააღმდეგ. ხომ არ გვეშლება შეფასებისას, როდესაც არსებულ ვითარებას პოლიტიკას, ან არჩევნების პერიოდში პაექრობას არჩევნებს ვუწოდებთ?

დროა, თავი დავაღწიოთ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ურთიერთბრალდებებს და შევთანხმდეთ, რომ ქვეყნის პრობლემების სათავეა არა ეს თუ ის ლიდერი, არამედ ის დესტრუქციული, არასახელმწიფოებრივი პოლიტიკური ველი, რომელზეც ყველა პოლიტიკური ლიდერი, კარგიც, ცუდიც, საშუალოც, ძველიც და ახალიც განწირულია მარცხისთვის.

- თქვენს საგანგებო პრესკონფერენციამდე რამდენიმე ცნობილი პირის ვინაობამ გაიჟღერა, რომლებიც, სავარაუდოდ, თქვენ გვერდით უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა პოლიტიკაში ისე დაბრუნდით, საზოგადოებისთვის არც პარტია წარგიდგენიათ და არც თანაგუნდელები. ბევრს დარჩა კიდეც შთაბეჭდილება, რომ პარტიის ფორმირებას ამ ეტაპზე ვერ ახერხებთ და ბუნდოვანი გზავნილებით დაბრუნდით.

- არა მგონია, საზოგადოება ისეთ არასერიოზულ ადამიანად მიცნობდეს, რომ ვთქვა, ამ ყველაფერს მარტო მე გავაკეთებ-მეთქი. ჯერ გეგმა გამოდის წინა პლანზე და შემდეგ მას ადამიანები მოჰყვებიან და არა პირიქით. არა ვარ მარტო. გუნდი აუცილებლად იქნება და საკმაოდ სერიოზულიც.

- როგორია თქვენი გეგმა, რომლითაც საზოგადოებას ახალ პოლიტიკურ რეალობას შესთავაზებთ?

- უნდა დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროექტი ახლებური მიდგომით - პარტია დავაფუძნოთ იდეით, ხედვით, პასუხისმგებლობით გაერთიანებული ისეთი მოქალაქეებით, რომლებისთვისაც სოციალურ-პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორიც საკუთარი საცხოვრებლის მოწესრიგება; გვინდა შევქმნათ პარტია, რომელიც უკომპრომისოდ შეებრძოლება თავსმოხვეულ სტერეოტიპებს, მაგალითად, იმის შესახებ, რომ თითქოს თავისუფლება და პატრიოტიზმი ურთიერთსაპირისპირო ცნებებია, რომ თითქოს ევროპელობა მართლმადიდებლობის ხარჯზე მიიღწევა ან მართლმადიდებლობა ევროპელობას ეწინააღმდეგება; პარტიის ფორმირების პროცესშივე აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ადგილობრივ არჩევნებში და მოსახლეობის სამსჯავროზე გამოვიტანთ მომავალი პარტიის ძირითად ხედვებს, რათა მოვიპოვოთ მეტი მხარდაჭერა და არჩევნების შედეგები გამოვიყენოთ გამოცდილებად შემდეგი საქმიანობის სწორად წარმართვისთვის. მაისის ბოლოს საზოგადოებას წარვუდგენთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ძირითად გუნდს, რომელიც საარჩევნო პროცესში უფრო გაფართოვდება.

პოლიტიკური ველი დღეს მონოპოლიზებულია, რადგან იმ უბედურებაში, რასაც ქართული პოლიტიკა ჰქვია, წესიერი ადამიანი არ ჩაერთვება, ან რისთვის უნდა ჩაერთოს, რომ ხუთ წუთში გაილანძღოს განსხვავებული აზრისთვის? ამიტომ ჩვენ ამომრჩევლებსა და მოქალაქეებს კი არ ვთავაზობთ, რა გავაკეთოთ ისეთი, რომ ხმა მოგვცეს, მოქალაქეები ქვეყნისა და პარტიის ფუნქციონირებაში უნდა ჩავრთოთ. სწორედ დასახული მიზნების მისაღწევად შევეცდები, თანამშრომლობის გზები გამოვძებნო ყველასთან, ვისაც სურვილი აქვს, იმოქმედოს.

მოსახლეობა პოლიტიკური სანახაობით დაიღალა. ჩვენ გვინდა, ყოველდღიური პარტიული საქმიანობა დავაფუძნოთ პოლიტიკოსის პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე, რაც გულისხმობს - ჯერ ქვეყანა, მერე პარტია, ჯერ პროგრამა, მერე ხელისუფლება, პრინციპულობა და არა სიჯიუტე! დღეს მინისტრად ინიშნება კაცი, რომელიც ჯდება კაბინეტში და ნაფიქრი არა აქვს, რა უნდა გააკეთოს!

- თქვენ აუცილებლად შეგახსენებენ თქვენი მრავალწლიან პოლიტიკურ საქმიანობას, როდესაც ჯერ ოპოზიციაში იყავით, შემდეგ კი ხელისუფლებაში და თქვენი ყოფილი თანაგუნდელები თუ ოპონენტები სწორედ გადამწყვეტ ვითარებაში გარკვეული უპრინციპობის გამოვლენაში გადანაშაულებდნენ.

- ყველა საქმიან ადამიანს აქვს საქმიანი ბიოგრაფია, მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა იგი. მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ და სხვისას ნამდვილად ვერ ავიღებ! ამით ბევრ რამეზე მივანიშნებ - პასუხისმგებლობის წილსა და განაწილებაზე. იმ ვითარებაში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია, რომ რაღაც ვერ გამოვიდა, ისეთი ოცნება არ ასრულდა, როგორიც გვინდოდა, ძნელია საუბარი იმაზე, რომ ესა და ეს გაკეთდა და ა.შ., სად უნდა ვმდგარიყავი 2011-2012 წლებში ან 2003-2004 წლებში...

- თქვენი გამოჩენა პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარემ მაინც უარყოფითად შეაფასა - ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიდი მოლოდინი არა აქვს თქვენი პოლიტიკური პერსპექტივისა, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით კი, უფრო ბიძინა ივანიშვილთან დაბრუნებას ცდილობთ.

- მე ვიყავი იმ საქმის ერთგული, რაც მებარა. მესმის, რომ წინა პარლამენტში ოპოზიციას კბილები უკაწკაწებდა მომენტზე, როდის დაიშლებოდა უმრავლესობა. იმედგაცრუებულები იყვნენ მაშინაც და დღესაც, რომ ეს არ გავაკეთეთ "თავისუფალმა დემოკრატებმა" და რესპუბლიკელებმა. უნდა გამეკეთებინა? რატომ არ გააკეთე და რატომ არ გადმოხვედი "ნაციონალების" ბანაკშიო, ვერ მივიღებ პრეტენზიად და ვერც პასუხის გაცემის თემად ჩავთვლი. თუ მე ვერ გავაკეთე, მეტი, ან უფრო სუფთად ვინ გააკეთა? ეს უფრო რიტორიკული კითხვაა და უფრო კონკრეტული პასუხის გაცემა არ მინდა. პოლიტიკური ოპონენტები, ხვალინდელი კონკურენტები, რაღაცებს ჩემზე აუცილებლად იტყვიან.

ჩემს კოლეგებს როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში, ვთავაზობ, ერთად გავასწოროთ დამანგრეველი პოლიტიკური ველი.

ამ სისტემაში ურთიერთობისას ერთმანეთსა და პირველ რიგში, სახელმწიფოს ვაზარალებთ. რაც შეეხება პოლიტიკოსების გამოხმაურებებს, ნამდვილად არ ველოდი რეაქციას, უსუფაშვილი დაბრუნდა და გვეშველაო. მათ ვთავაზობთ ასეთ მიდგომას - ძლიერი ოპონენტებით ვართ დაინტერესებული როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში და არა ისეთი ფრაზეოლოგიით, როგორითაც "ქართული ოცნება" მოგვმართავს, მე ვარ და სხვა არავინ მინდაო. საქმე პერსონიფიცირებისგან უნდა გავათავისუფლოთ და ვფიქრობ, ამას აუცილებლად მოვახერხებ - მოვძებნი ადამიანებს, რომლებიც ჩემს ხედვასა და დამოკიდებულებას გაიზიარებენ.

რუსუდან შელია