ლია მუხაშავრია: "მოსამართლეები მარაზმში არიან" - კვირის პალიტრა

ლია მუხაშავრია: "მოსამართლეები მარაზმში არიან"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე მოსამართლეების კრიტიკის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის, რამაც მისი კოლეგების მოწონებაც დაიმსახურა. მათი თქმით, ბოლო დროს მოსამართლეთა შესახებ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების არაკორექტული განცხადებები გამოხატვის თავისუფლებას სცდება. იუსტიციის საბჭოს წევრებს პრობლემის დასარეგულირებლად სანქციების შემოღება აუცილებლად მიაჩნიათ და ამ ინიციატივის კანონპროექტად ჩამოყალიბებას აპირებენ. კანონის მიღების შემთხვევაში, მოსამართლეებისა და მათი საქმიანობის შესახებ კრიტიკული და სალანძღავი გამონათქვამები კანონით დასჯადი გახდება. მოსამართლეები მსგავსი რეგულაციის შემოღების მოტივს სასამართლოს ავტორიტეტის დაცვით ხსნიან.

ლია მუხაშავრია, იურისტი: - ეს ინიციატივა აგრესიული და სადამსჯელო პოლიტიკის დაუფარავად გატარებას გულისხმობს მათ მიმართ, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით გამოხატავს უკმაყოფილებას მართლმსაჯულების ან სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის გამო.

სასამართლო არ იმსახურებს საზოგადოების მოწონებას. თუ ფიქრობენ, რომ სასჯელებით შეგვაშინებენ და სასამართლო ხელისუფლებისა და ზოგიერთი მოსამართლის ქება-დიდებას დავიწყებთ, ცდებიან.

- როგორ უნდა დადგინდეს ზღვარი კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის?

- ამის დადგენა ყველაზე რთული საკითხია, მით უფრო, თუ წარმოვიდგენთ, რომ ამაზე დავა ისევ სასამართლოში გაიმართება და ისევ მოსამართლის გადასაწყვეტი იქნება. ეს კი ყველაზე მეტად გამოუთხრის ძირს სასამართლოს ავტორიტეტს, რომელსაც საზოგადოება ისედაც არ ენდობა. ამიტომ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს ვურჩევდი, ეს საკანონმდებლო აქტად არ აქციონ.

"მოსყიდული", "ჯიბის მოსამართლე", "პოლიტიკური ნების აღმსრულებელი" და ა.შ. - ასეთი ეპითეტები ჩამოწერეს და ჩაითვლება შეურაცხყოფად, რადგან ნეგატიური კონტექსტის შემცველია... ისღა შემიძლია ვთქვა, რომ მოსამართლეები მარაზმში არიან, კრიტიკის მოსმენაც აღარ უნდათ.

- მოსამართლეების თქმით, ბოლო დროს მედიის განცხადებები სცდება გამოხატვის თავისუფლებას.

- მედია ხომ საზოგადოების აზრს გამოხატავს?! თუ მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვება ვიღაცის უკანონოდ დაპატიმრება, ვიღაცის უფლების შელახვა, ამ დროს შეფასებითი ტერმინების გამოყენებისას ძნელია ზღვრის დაცვა...

შეურაცხყოფის განმარტებას ორი მხარე აქვს: პირველი - აღიქვამს თუ არა მას საზოგადოება ობიექტურად და მეორე - არის თუ არა სუბიექტისთვის შეურაცხმყოფელი. მეჩვენება, რომ მოსამართლეებს გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ პერსონებსა და საქმიანობაზე. ნეგატიური შეფასებებისგან თავს იმით კი არ იცავენ, რომ უფრო კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღონ, არამედ ცდილობენ, აამოქმედონ წკეპლა და სახელმწიფო იძულების მექანიზმი.

- ევროკონვენციით გამოხატვის თავისუფლების საზღვრები როგორია მედიისთვის, ან არსებობს თუ არა ასეთი ტიპის რეგულაციები რომელიმე ქვეყანაში?

- ევროკონვენციით გამოხატვის თავისუფლების ზღვარი ფართოდ არის დადგენილი და მას უმთავრესი როლი აქვს - საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების საზღვრები მედიისთვის მეტისმეტად ფართოა. თუ სასამართლო ცდილობს, მედიას მისი პატივისცემა აიძულოს, ეს, რა თქმა უნდა, ვერ უპასუხებს ევროკონვენციის მე-9 და მე-10 მუხლებს. ევროსასამართლოში რამდენიმე საქმეა განხილული. მაგალითად, ბერძნული საქმე, როცა მოსამართლის შეურაცხყოფისთვის ადვოკატზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და მიუსაჯეს კიდეც, მაგრამ ეს ეხებოდა ადვოკატს - მხარეს სასამართლოში. მედიისთვის დასაშვები კრიტიკის ზღვარი კი გაცილებით ფართოა და მისი შეზღუდვა დაუშვებელია, რადგან მედია არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი. მედიას შეუძლია გაავრცელოს არა მარტო შეურაცხმყოფელი, არამედ შოკის მომგვრელი მოსაზრებებიც...

ვფიქრობ, სასამართლო ხელისუფლებამ ტესტი ჩაატარა, რამდენად გაუვა ეს წინადადება. თუ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მხარდაჭერას მოიპოვებს, შეეცდება გაიტანოს პროექტი და მერე მოგვიწევს ბრძოლა, გასაჩივრება, რასაც შეეწირება დიდი დრო, ენერგია, როცა შეიძლებოდა ეს სასარგებლო საქმისთვის გამოგვეყენებინა.

მას შემდეგ, რაც ამ საქმეებს მოვიგებთ ევროსასამართლოში, რა თქმა უნდა, სასამართლოსა და მოსამართლეებისადმი უფრო მეტი უნდობლობა და უპატივცემულობა გვექნება, ვიდრე მანამდე გვქონდა. ამიტომ არ ვურჩევდი ამ კანონპროექტის მიღებას და მის კანონად გადაქცევას. ვისარგებლებ იმით, რომ ეს კანონი ჯერჯერობით არ არსებობს და ვიტყვი, რომ სასამართლოს უსინდისობას, განსაკუთრებით კი ლევან მურუსიძის თავგასულობას, საზღვარი არა აქვს. ეს საუკეთესო დასტურია იმისა, რომ მოსამართლეთა თავგასულობის ალაგმვა საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

ნანა ფიცხელაური