გიორგი აბაშიშვილი: "პარლამენტის თავმჯდომარეს არასწორ ინფორმაც­იას არასწორი აქცენტებით აწვდიან" - კვირის პალიტრა

გიორგი აბაშიშვილი: "პარლამენტის თავმჯდომარეს არასწორ ინფორმაც­იას არასწორი აქცენტებით აწვდიან"

გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლება ირიბ ვაჭრობაში დაადანაშაულა, პარლამენტის თავმჯდომარე კი მას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში სდებს ბრალს

პრეზიდენტის არჩევის წესის ამოქმედების თარიღის შესახებ პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის - გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლება ირიბ ვაჭრობაში დაადანაშაულა, პარლამენტის თავმჯდომარე კი მას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში სდებს ბრალს.

გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი: - მარგველაშვილი არასწორი ინფორმაციის გავრცელებას აგრძელებს - რა კავშირშია ირიბი ვაჭრობა კონსტიტუციის გარკვეულ მონაკვეთთან, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას განსაზღვრავს?

პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ინსტიტუტი უმაღლესი ლეგიტიმურობის თანამდებობას არ წარმოადგენს, ის არ გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ეს ფუნქცია მთლიანად პრემიერს ეკისრება. ამასთან შეგუება კი მარგველაშვილს რატომღაც არ უნდა, ან ყველაფერი კარგად ესმის, მაგრამ მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას.

ჩვენი პოზიცია ასეთია - თუ გადავწყვიტეთ, რომ კონსტიტუციის არსებული და მომავალი პროექტითაც პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის სიმბოლო და მთავარსარდალი განისაზღვროს, მაშინ უნდა ვიმსჯელოთ, ჩატარდეს თუ არა არაპირდაპირი არჩევნები 2018 წელს, როგორც გერმანიასა თუ სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ამ მსჯელობის პროცესში კი მარგველაშვილი მხოლოდ საკუთარ თავზე აკეთებს აქცენტს "ნაცმოძრაობასა" და ასევე "ევროპულ საქართველოსთან" ერთად, რომელსაც მე ახალ "ნაციონალურ მოძრაობად" აღვიქვამ. მათი სურვილია, ხელისუფლების შტოებს შორის იყოს ინსტიტუცია, რომელიც დაუპირისპირდება ხელისუფლებას. დიახ, მათი მიზანია, სახელმწიფოში ერთმანეთთან დაპირისპირებული სტრუქტურები არსებობდეს - მარგველაშვილის გაუმართლებელი განცხადებები ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, რისი ფუფუნებაც საქართველოს, რომელიც უამრავი საგარეო და საშინაო გამოწვევის წინაშეა, არა აქვს...

პრეზიდენტმა უნდა იხელმძღვანელოს იმ ფუნქციებით, რაც მას კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული და არ უნდა იყოს პარტიული ინტერესების გამტარებელი. მთელ ამ პროცესს კი მარგველაშვილი მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან უყურებს და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს.

- ირაკლი კობახიძისგან ისიც კი მოვისმინეთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, როგორ დაგეგმონ ერთიანი კამპანია პარლამენტის წინააღმდეგ. ეს განცხადება ნიშნავს, რომ მმართველი გუნდისთვის მარგველაშვილი ახალი პოლიტიკური ოპონენტია?

- გიორგი მარგველაშვილის ყველა განცხადება ცხადყოფს, რომ ის აბსოლუტურ უნისონშია "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოსთან" და არ მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დანარჩენი, რას ფიქრობს გულში, ნამდვილად არ ვიცი.

გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: - ქვეყნის მთავარ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე გადაწყვეტილებები კონკრეტული პირების მიმართ დამოკიდებულებით არ უნდა განისაზღვრებოდეს. სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარეს არასწორ ინფორმაციას არასწორი აქცენტებით აწვდიან. როგორც ჩანს, არწმუნებენ, რომ პრეზიდენტი და მისი გუნდი პოლიტიკურ პარტიებთან, ექსპერტებთან თუ სტუდენტებთან შეხვედრებს ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე მართავს, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. კონსტიტუცია ყველასია და ცვლილებებიც საჯარო განხილვის საგანი უნდა იყოს. მსგავსი ინტერპრეტაციები რომ თავიდან ავიცილოთ, მმართველ გუნდს ვთავაზობ, თავადაც მიიღოს მონაწილეობა კამპანიაში "კონსტიტუცია ყველასია".

- ვინ აწვდის პარლამენტის თავმჯდომარეს არასწორ ინფორმაციას?

- არ ვიცი, თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აბსოლუტურად მცდარ ინფორმაციას ავრცელებს.

- თქვენსა და პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება პარლამენტის წინააღმდეგ არასწორი ინფორმაციის ნაწილია?

- რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ჩანს, რომ ირაკლი კობახიძეს არა აქვს ზუსტი ინფორმაცია. ჩვენ ღიად ვმართავთ ყველა შეხვედრას, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, პირველივე დღიდან გამჭვირვალეა.

რუსუდან შელია