მოხდა თუ არა "დიდი გარიგება" უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის?!
08-05-2017
მოხდა თუ არა "დიდი გარიგება" უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის?!
"ხალხმა უნდა შეაფასოს, რა ტიპის­ კონსტიტუციას გვთავაზობს მმართველი გუნდი და ამ პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობა მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სწორედ დამოუკიდებელი კამპანიის ფარგლებში კარგად იცის, რას ფიქრობს ხალხი!"

მმართველ გუნდთან მწვავე დაპირისპ­ირების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტ­რაცია და საპარლამენტო უმრავლესობა საყოველთაო-სახალხო განხილვაში უშუალოდ გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობაზე თანხმდებიან - რა გავლენას მოახდენს მარგველაშვილის ჩართულობა­ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი­ გიორგი აბაშიშვილი­ გვესაუბრება:

- საყოველთაო-სახალხო განხილვაში ჩართვა ჩვენი ინიციატივა იყო. ეს ჯერ კიდევ
გასული წლის დეკემბერში, საკონსტიტუციო კომისიის ჩამოყალიბებისას გავახმაურეთ - მაშინ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობაზე უარი განვაცხადეთ, თუმცა მზადყოფნა გამოვთქვით სახალხო განხილვაში ჩართვაზე.

- მაშინ არ გითქვამთ, რომ საყოვე­ლ­­თაო განხილვაში უშუალოდ პრეზიდენტი ჩაერთვებოდა. საკუთარი ინიციატივით დამო­უ­კიდებელი კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" დაიწყეთ და ოთხი თვის განმავლობაში მწვ­ავედ აკრიტიკებდით მმართველი გუნდის
პოზიციასა და დაგეგმილ ცვლილებებს.

- მარტში პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო დამოუკიდებელი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონებსა და თბილისში დისკუსიების ორგანიზებას. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კამპანიამ სრულიად საქართველო მოიცვა. თითოეული შეხვედრისას ვაცხადებდით, რომ ჩვენი შეხვედრები დაეხმარებოდა უკვე მმართველი პარტიის დაანონსებულ საყოველთაო განხილვის პროცესს. დიახ, ჩვენი შეფასებით, საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა ნულოვანი კონსენსუსით დაასრულა, თუმცა ახლა ახალი ეტაპი იწყება. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის დავალებით, კონსულტაციისთვის შევხვდი უმრავლესობის ლიდერებს და შეთანხმებაც შედგა.

- და რა მოლოდინი გაქვთ, პრეზიდენტის­ საყოველთაო განხილვაში მონაწილეობა რა გავლენას მოახდენს ცვლილებებზე, რომლებსაც თქვენ, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა ნეგატიურად განსაკუთრებით პრეზიდენტის არჩევის წესის ნაწილში აფასებს?

- კონსტიტუციური პროექტის სამუშაო ვერსია კრიტიკას ვერ უძლებს. არა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია­ და ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების უმრავლესობაც არ ეთანხმება თუნდაც პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას და ამომრჩევლის ხმის 300-კაციანი კოლეგიით ჩანაცვლებას, თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ სამუშაო ვერსიის საზოგადოების ჩართულობით­ განხილვაც მნიშვნელოვანია. ხალხმა უნდა შეაფასოს, რა ტიპის­ კონსტიტუციას გვთავაზობს მმართველი გუნდი და ამ პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობა მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სწორედ დამოუკიდებელი კამპანიის ფარგლებში კარგად იცის, რას ფიქრობს ხალხი, ახლა დროა, საპარლამენტო უმრავლესობამაც მოისმინოს მისი ამომრჩევლის ხმა.

- ქუთაისში პირველი განხილვა უკვე გაიმართა. თქვენი შეფასებით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოების ხმის მოსასმენად მზადაა?

- სამწუხაროდ, ქუთაისში გამართულ განხილვას ვერ დავესწარით. ჩვენთვის ყველაფერი ნათელი მას შემდეგ გახდება, რაც ბათუმსა და ზუგდიდში პრეზიდენტი უშუალოდ ჩაერთვება პროცესში და "ქართული ოცნების""დამოკიდებულებასაც გააანალიზებს. ველოდები შინაარსობრივ დისკუსიას ყველა ქალაქში, რომელშიც მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამართავს შეხვედრებს.

- ისე, პარადოქსია, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე პირ­ადად თქვენსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კულუარულ გარიგებაზე საუბრობდა...

- დაველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები...

- და მაინც, გაჩნდა ვერსია, რომ პრეზიდენტის საყოველთაო განხილვაში მონაწილეობა ერთგვარ გარიგებასაც კი უკავშირ­დება, რომ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა კომპრომისზე წავიდეს მარგველაშვ­ილის ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ და 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი არ შეცვალოს.

- შეთქმულების თეორიებზე კომენტარს არასოდეს ვაკეთებ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით