რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტებში - კვირის პალიტრა

რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება შეისწავლა და მნიშვნელოვანი ხარვეზებიც გამოავლინა. "კვირის პალიტრას" აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია ესაუბრა:

- სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს არა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების კანონიერებას, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ საჯარო რესურსების გამოყენებასა და განკარგვას. წელს გამოიკვეთა, რომ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტისთვის საერთო-სისტემური ხარვეზებია დამახასიათებელი. კერძოდ, რამდენიმე კატეგორია შეგვიძლია გამოვყოთ: თვითმმართველობებში ქონების აღრიცხვის პრობლემა საკმაოდ მწვავეა. თითქმის ყველგან, სადაც აუდიტს ვატარებთ,

გაირკვა, რომ თვითმმართველ ქალაქებს არა აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია, რა ქონებას ფლობენ. ამ ქონებას უკანონოდ იყენებენ პირები, რომლებიც შესაბამის იჯარასა თუ სხვა ტიპის გადასახადს არ იხდიან, საბოლოოდ, ბუნებრივია, ეს თანხა ისევ ქალაქის ბიუჯეტსა და ადგილობრივ მოსახლეობას აკლდება. ლაპარაკია ნაკვეთებსა თუ სხვა ტიპის ქონებაზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი უნდა განკარგავდეს.

- ქონების აღრიცხვა იმის გამო არ ხდება, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ არ იცის, რა არის მის საკუთრებაში, თუ ამ შემთხვევაში ფარულ გარიგებასა და კორუფციასთან გვაქვს საქმე?

- აუდიტის სამსახურის მოვალეობაა საეჭვო გარემოებების გამოვლენა, ხოლო კორუფციასთან გვაქვს საქმე, გარიგებასთან თუ არაკვალიფიციურ მენეჯმენტთან, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ. თუ გამოიკვეთა, რომ გარკვეული გარემოებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალებს პროკურატურაში ვგზავნით. გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით განხორციელებული შესყიდვები არადამაკმაყოფილებელი შედეგით სრულდება - მუნიციპალიტეტების უმრავლესობა სათანადოდ არ აკონტროლებს კერძო კომპანიის მიერ ინფრასტრუქტურისა თუ სხვა მიმართულებით შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და ვადას.

ხშირად თვითმმართველობის ბიუჯეტიდან თანხა გადარიცხულია, თუმცა მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის პროექტები დასრულებული არ არის.

მეორე მხრივ, თუ უკვე დასრულებულ პროექტებში, დაგებულ გზებსა თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ხარისხის პრობლემა დგას, პრობლემურია ექსპერტიზის დასკვნაც - დასკვნაში ხშირად არაფერია ნათქვამი ჩაბარებული სამუშაოების ხარისხზე და მცირე პასუხით შემოიფარგლება.

მსგავსი მწირი არგუმენტების მიუხედავად, მუნიციპალიტეტების მმართველები რატომღაც ფიქრობენ, რომ საეჭვო ობიექტები შესრულებულად უნდა გამოაცხადონ. ხშირია პროექტების გადავადება, ხელშეკრულებით განსაზღვრული თავდაპირველი თარიღი რამდენჯერმეც კი იცვლება. გადავადება ზოგჯერ დასაბუთებულიც არ არის. მეტიც, როდესაც კომპანია ხარვეზებით აბარებს მუნიციპალიტეტს ობიექტს, თვითმმართველი ორგანოები მის საგარანტიო თანხას კი არ იყენებენ, პირიქით, ხელახლა იხდიან თანხას ხარვეზების გამოსასწორებლად. არადა, ხელშეკრულებებში გათვალისწინებულია, რომ თუ კომპანია უხარისხოდ შეასრულებს სამუშაოს, ვალდებულია, მის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო თანხიდან, ანუ მისივე თანხით აანაზღაუროს განმეორებითი სამუშაოს ხარჯი.

- მუნიციპალიტეტში არსებულ შიდა აუდიტის სამსახურს არ ევალება მსგავსი ფაქტების გამოვლენა?

- შიდა აუდიტის სამსახურებიც არასათანადოდ მუშაობენ. პრობლემების უმეტესობა არც არის გამოვლენილი. ეს კი კორუფციის რისკებს ზრდის. შიდა აუდიტის მუშაობის გამართულობაზე გამგებლები არიან პასუხისმგებელი, სწორედ მათ ექვემდებარება ეს სამსახურები.

- ეს კიდევ ერთხელ ამძაფრებს ეჭვს, რომ შიდა აუდიტსა და გამგებლებს შორის გარიგების შემთხვევებიც არსებობს?

- გამგებლის ერთგვარი თვალი და ყური სწორედ მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის სამსახურები უნდა იყოს, ყველაფერს ცენტრალური ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს. საკრებულო უნდა ადგენდეს, როგორ უნდა გაძლიერდეს კონტროლი, როგორ დაიხარჯოს ეფექტიანად ბიუჯეტის თანხები და ა.შ. ყველაფერი ისევ და ისევ მოსამსახურეთა კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

- და თუ კეთილსინდისიერება არ აქვთ საკმარისად არც გამგებლებს და არც შიდა აუდიტის სამსახურს, სხვა სადამსჯელო მექანიზმი სახელმწიფოს არ გააჩნია მსგავსი დარღვევების გამოვლენისას?

- კონტროლის მექანიზმი ისევ თვითმმართველობებმა უნდა გააძლიერონ. ბუნებრივია, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემთხვევაში პროცესში საგამოძიებო ორგანოები მონაწილეობენ. ალბათ, გახსოვთ, კორუფციის ბრალდებით არაერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომელზე აღიძრა საქმე, ზოგი დააკავეს კიდეც, თუმცა, ვიმეორებ, ამ მიმართულებით მეტი მუშაობაა აუცილებელი.

რუსუდან შელია