"მაჟორიტარები რომ ფეოდალური სექტაა, ეს დიდი ხანია იცის საზოგადოებამ" - ფორსმაჟორი მაჟორიტარებისთვის - კვირის პალიტრა

"მაჟორიტარები რომ ფეოდალური სექტაა, ეს დიდი ხანია იცის საზოგადოებამ" - ფორსმაჟორი მაჟორიტარებისთვის

უნდა შეიცვალოს თუ არა მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით - ამ საკითხზე საკონსტიტუციო კომისიის პროექტის შესახებ დავა არ წყდება. აღმოჩნდა, რომ საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდშიც აზრთა სხვადასხვაობა - რამდენიმე მოქმედი მაჟორიტარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს. ერთ-ერთი მათგანი 2016 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატი, დმანისის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილია, რომელიც მაჟორიტარებზე ზეწოლაზე საჯაროდ ლაპარაკობს:

"ჩემი დისკრედიტაცია და შეურაცხყოფაც სცადეს"

კახა ოქრიაშვილი, დმანისის მაჟორიტარი: "მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, მაჟორიტარული სისტემის ნაცვლად პროპორციულზე გადავიდეთ, ნეგატიური კამპანია და მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატებზე ზეწოლა დაიწყო. ჩემი დისკრედიტაცია და შეურაცხყოფაც სცადეს - თითქოს მაჟორიტარები მხოლოდ ფინანსურად ძლიერი დეპუტატები არიან, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებისგან განსხვავებით, არ გამოირჩევიან აქტივობებით და თურმე ამის გამო მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. ამ უსამართლობას მხარს არასოდეს დავუჭერ. მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს პარლამენტშიც არიან არაკვალიფიციური დეპუტატები, ეს პრობლემა მხოლოდ მაჟორიტარებში არ გვხვდება - ასეთები ხშირად ხვდებოდნენ ჩვენს პარლამენტში ადრეც და ახლაც, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საზოგადოდ ქვეყანაში უნდა ამაღლდეს პოლიტიკური კლასი და კვალიფიკაცია. ამ საკითხზე "ქართულ ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობაა, პირადად ჩემი აზრით კი, ქვეყანას სჭირდება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების ზომიერი კონცენტრაცია და სტაბილურობა, რასაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით ვერ მივაღწევთ".

"მხოლოდ ორმა მაჟორიტარმა არ მოაწერა ხელი გაუქმებას"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ასევე მაჟორიტარი ზაზა გაბუნია კი ფიქრობს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა აუცილებელია და ამ ინიციატივის წინააღმდეგი გუნდში მხოლოდ ორი მაჟორიტარია: "ვერ დავეთანხმები აზრს, რომ მაჟორიტარებთან პრინციპული წინააღმდეგობა გვაქვს - მხოლოდ ორმა მაჟორიტარმა არ მოაწერა ხელი ამ სისტემის გაუქმებას, მაშინ, როდესაც უმრავლესობის რიგებში 70-ზე მეტი მაჟორიტარია. "ქართულმა ოცნებამ" გამოამჟღავნა პოლიტიკური ნება - რადგან ოპოზიცია აღიქვამს ამ სისტემას როგორც შესაძლებლობას, უფრო დიდი სახელისუფლებო ბერკეტები გაიჩინოს მაჟორიტარების ხარჯზე, ამ კომპრომისზე წავედით. ამ შეთანხმებას დღეს 108 დეპუტატი აწერს ხელს და მათ შორის, მაჟორიტარებიც არიან".

"დღესაც პარლამენტში უამრავი დეპუტატია, რომელთაც საზოგადოება არც კი იცნობს"

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მანკიერებაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც: "მაჟორიტარულმა საარჩევნო სისტემამ ისტორიულად არ გაამართლა - რატომღაც მიღებულია, რომ მაჟორიტარ კანდიდატად შეძლებული ადამიანი უნდა წარადგინოს პარტიამ არჩევნებზე, რადგან ასეთ კანდიდატს აქვს რესურსი, ამომრჩეველს ერთი ტომარა ფქვილი თუ შაქარი უსახსოვროს. ამასთან, ითვლება, რომ მაჟორიტარები ნაკლებად პოლიტიზებული არიან, არ მონაწილეობენ დებატებში და ყველაზე პასიურ ნაწილს წარმოადგენენ. კიდევ ერთი - როგორც წესი, მაჟორიტარები ხელისუფლებისადმი ლოიალურობით გამოირჩევიან და მარტივად ექვემდებარებიან მათ მითითებებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სჭირდებათ ცენტრალური ბიუჯეტის მხარდაჭერა, რათა რეგიონისთვის ფინანსური რესურსი მოიპოვონ.

- მაჟორიტარების ნაწილი მსგავს შეფასებას აპროტესტებს...

- უამრავი დეპუტატია დღესაც პარლამენტში, რომელთაც საზოგადოება არც კი იცნობს, თუმცა მაჟორიტარებს სხვა პასუხისმგებლობა აქვთ - მათ კონკრეტული რეგიონის ამომრჩეველი ირჩევს, სახელმწიფო კი დამატებით თანხას იხდის მაჟორიტარული ბიუროების დაფინანსებაში.

არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ მაჟორიტარების უმრავლესობა არჩევნების შემდეგ ხალხთან კონტაქტს მომავალ არჩევნებამდე ერიდება, არადა, მათი ვალდებულებაა, თითოეულ ზარსა თუ წერილობით შეტყობინებას პასუხი გასცენ...

დღეს ქვეყანაში იმდენად მძიმე ეკონომიკური ფონია, რომ ამომრჩეველი მარტივად ივიწყებს საკუთარი"რჩეულისგან მსგავს დამოკიდებულებას და არჩევნების წინ, მცირე საჩუქრის სანაცვლოდ, რაც ხშირ შემთხვევაში მწირ ფულად დახმარებას თუ ერთ ტომარა ფქვილს გულისხმობს, კიდევ ოთხი წლით უხანგრძლივებს დეპუტატობის მანდატს. სწორედ მსგავსი მანკიერი პრაქტიკის შედეგია, რომ ქვეყანაში ვითარება არ იცვლება და წრეზე სიარული გვიწევს.

"მაჟორიტარები რომ ფეოდალური სექტაა, ეს დიდი ხანია იცის საზოგადოებამ"

უფლებადამცველი ლია მუხაშავრია კი მაჟორიტარი დეპუტატების სამართლებრივ დარღვევებზეც მიანიშნებს:

"მარადმწვანე მაჟორიტარები დღესაც მრავლად გვყავს პარლამენტში - გვყავს მაჟორიტარები, რომლებიც ყველა მოწვევის პარლამენტში შესვლას ახერხებენ, თუმცა საკუთარ რეგიონში მძიმე სოციალურ ვითარებას მაინც ვერ ცვლიან. მაჟორიტარები რომ ფეოდალური სექტაა, ეს დიდი ხანია იცის საზოგადოებამ.

სამწუხაროდ, ამომრჩეველთა უმრავლესობის ირიბი თუ პირდაპირი მოსყიდვა ფინანსურად ძლიერ მაჟორიტარ კანდიდატს იოლად შეუძლია, ამიტომაც საარჩევნო სისტემა რადიკალურ ცვლილებას საჭიროებს.

ხშირად მაჟორიტარი დეპუტატები საკუთარ კომპეტენციას სცილდებიან და თვითმმართველობების საქმიანობაში უხეშად ერევიან - მაჟორიტარების მონაწილეობის გარეშე მუნიციპალიტეტები ზოგიერთ თანამდებობაზე პირის დანიშვნასაც კი ვერ ბედავენ. რატომღაც ყველა საკითხი, მათ შორის, უმნიშვნელო დეტალებიც კი, მაჟორიტართან წყდება.

პროპორციული სისტემა მსგავს რისკებს ამცირებს, თუმცა შორს ვარ იმ აზრისგანაც, რომ არსებული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლის შემთხვევაში, მომავალ პარლამენტში კვალიფიციურ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ დეპუტაციას ვიხილავთ".

რუსუდან შელია