ნორვეგიული მოდელი საქართველოსთვის ახლოს, მაგრამ წევრობის გარეშე? - კვირის პალიტრა

ნორვეგიული მოდელი საქართველოსთვის ახლოს, მაგრამ წევრობის გარეშე?

"საქართველოს ერთადერთი გზა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისაკენ ევროკავშირზე გადის"

დაიბადა, დაქორწინდა, ევროპარლამენტის წევრი გახდა - ასე (სარკასტულად) შეაფასა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ბრიუსელში ერთ-ერთი გავლენიანი ევროპარლამენტარის, გერმანელი ელმარ ბროკის კარიერა. "კვირის პალიტრა" ვეტერან ევროპარლამენტარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ესაუბრა:

- ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მივიღეთ, რა უნდა იყოს ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ევროპასთან დაახლოების გზაზე?

- ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ევროპასთან დაახლოებისთვის. რაც შეეხება შემდგომ განვითარებას, ჩვენ უკვე გვაქვს ასოცირების შეთანხმება და ამ ეტაპზე მუშაობა სწორედ ამ კუთხით უნდა გავაგრძელოთ. ხელშეკრულების პრაქტიკაში განხორციელება საქართველოს განვითარებასა და წინსვლას ნიშნავს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, რეფორმებს, სახელმწიფოსა და ეკონომიკის ტრანსფორმაციას. თუ საქართველოსა და ქართველ ხალხს ეს სურს, ჩვენ მხარში ამოგიდგებით და დაგეხმარებით. ამ გადმოსახედიდან კი, შესაძლოა, ნორვეგიული მოდელისკენ წავიდეთ, რაც შიდა ბაზართან, შენგენის ზონასა და ასეთ საკითხებში საქართველოსა და ევროკავშირის კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას გულისხმობს.

- მაგრამ ნორვეგია ევროკავშირის წევრი არ არის. რას იტყოდით საქართველოზე, როგორც ევროკავშირში გაწევრების მოსურნე ქვეყანაზე? პირადად თქვენ ხედავთ საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნად მომავალში?

- ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შემოიტანოს, კოპენჰაგენის კრიტერიუმი ხომ სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ. ცხადია, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს განსაზღვრული მოთხოვნები, მაგრამ, მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ევროკავშირის გაფართოების პოტენციალთან - ანუ რამდენად შეუძლია ევროკავშირს, ამ ეტაპზე გაფართოების საკითხით დაკავდეს. ჯერ საჭიროა არსებული კრიზისებიდან გამოსავლის პოვნა. ახლა ბრიუსელში ერთგვარი კონცენტრაციის ეტაპია - აანალიზებენ, რა მიიღეს და მომავალში რა უნდა გააკეთოს ევროპულმა ბლოკმა იმ მასშტაბური გაფართოებების შემდეგ, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ვიხილეთ. ნორვეგიული მოდელი იმითაცაა მიმზიდველი, რომ მიღწევის შემთხვევაში, ეს უკვე ხელშესახები 30%-ია იმ სიკეთეებისა, რასაც ევროკავშირის წევრობა იძლევა. ვფიქრობ, საქართველოსთვის ასეთი, ნაბიჯ-ნაბიჯ დაახლოების ფორმატი უფრო მომგებიანი და ნაკლებად პრობლემატური იქნება.

- გადავიდეთ ტერიტორიულ კონფლიქტებზე. ევროკავშირი მყარად ინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს. როგორ შეაფასებდით ამ პოლიტიკას, რამდენად ეფექტიანია ბრიუსელის მიდგომა?

- თუ დავაკვირდებით, ვინ მანიპულირებს აფხაზეთის, "სამხრეთ ოსეთისა" და, თუ უფრო ფართოდ შევხედავთ, მოლდავეთში დნესტრისპირეთისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დონბასის კონფლიქტებით, ცხადი გახდება, რომ სწორედ რუსეთი ქმნის ამ გაყინულ კონფლიქტებს, რათა სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. ეს ევროკავშირისთვის პრინციპული საკითხია რუსეთთან ურთიერთობაში. მოსკოვისგან უფრო დამაჯერებელი არგუმენტები უნდა მივიღოთ, ვიდრე მასთან ასეთ საკითხებზე ვითანამშრომლებთ.

- ასეთი არგუმენტების მიღება რუსეთისგან, ალბათ, გაგიჭირდებათ. მაგალითად, ე. წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა რეფერენდუმიც სახელის შეცვლაზე. ლაპარაკია მეორე რეფერენდუმზეც, სადაც რუსეთთან შეერთებაზეა საუბარი. არასახარბიელო მდგომარეობაა აფხაზეთშიც. როგორ ფიქრობთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ? რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა?

- საუკეთესო გამოსავალი იქნება საქართველოს, უკრაინისა და სხვების მოწინავე ქვეყნებად გადაქცევა. ეს კი შემაშფოთებელი რამ არის პუტინისათვის - თუ საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი პოლიტიკურად და ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნები გახდებიან, თუ რეგიონში მისაბაძი ქვეყანა იქნებით, მაშინ პუტინს მოუწევს, საკუთარ ხალხს აუხსნას, რატომ არ ცხოვრობენ რუსეთში ისევე კარგად და კანონის ფარგლებში, როგორც თქვენთან.

- როგორი იქნებოდა თქვენი რეცეპტი, ასე ვთქვათ, ნოუ-ჰაუ?

- უკვე აღვნიშნე, საქართველომ ეს გზა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიაროს. არის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელთა სწორად გადაწყვეტა ქართულ ბაზარს ევროკავშირის შიდა ბაზარზე თავის დამკვიდრების შესაძლებლობას მისცემს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირის ტრანსფორმაციის პროგრამა - ქართული პროდუქცია კონკურენტუნარიანი უნდა იყოს ჯერ შიდა ბაზარზე, რათა შემდგომ კონკურენტუნარიანი გახდეს ევროპულ სექტორებში. ეძებეთ ალტერნატიული ბაზრები და ნუ შეჰყურებთ რუსეთს: მასზე დაყრდნობა არ შეიძლება, რადგან ჯერ ერთი, ფული თვითონაც არა აქვს და მეორე, ეს არასტაბილური ბაზარია.

თქვენი ერთადერთი გზა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისაკენ ევროკავშირზე გადის, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.

თეონა ლავრელაშვილი

ვაჟა თავბერიძე