"მაღალია უმუშევრობა - ასეთ ქვეყანაში დასაბრუნებლად კი არც აფხაზები გამოიქცევიან და არც ოსები" - კვირის პალიტრა

"მაღალია უმუშევრობა - ასეთ ქვეყანაში დასაბრუნებლად კი არც აფხაზები გამოიქცევიან და არც ოსები"

"დღეს თუ რიგით ევროპელს ჰკითხავთ, უნდა თუ არა საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ალბათ, "არას" გეტყვით, რადგან ამჟამად ევროკავშირს ახალი წევრების მიღებისთვის ნაკლებად სცალია"

თბილისში გამართულ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე "კვირის პალიტრა" ცნობილ ევროპელ ანალიტიკოსსა და ჟურნალისტს, ევროპული პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელ ამანდა პოლს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე ესაუბრა:

- მის პოლ, აღმოსავლეთპარტნიორობით დავიწყოთ - ის ჭადრაკის დაფას უფრო ჰგავს, ვიდრე პოლიტიკურ პლატფორმას. ერთი მხრივ, მცოცავი ოკუპაცია საქართველოში, ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და პრორუსი პრეზიდენტი დოდონი მოლდავეთში, მეორე მხრივ, ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია. რა იქნება შემდეგ?

- როდესაც აღმოსავლეთპარტნიორობის ფორმატი შეიქმნა, რუსეთი დიდად არ აღფრთოვანებულა. ოფიციალური მოსკოვი ამას მისი გავლენის სფეროებში ევროპისა და დასავლეთის შემოჭრად აღიქვამს და ბრიუსელმა რაც უნდა საპირისპირო ამტკიცოს, კრემლში ამას ასე ხედავენ. ისტორიულად, რუსეთი ყოველთვის აღიქვამდა ამ რეგიონებს როგორც ბუფერულ ზონებს, რომლებიც რუსულ მიწებს გარშემო ერტყა მტრისგან თავის დასაცავად, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ასპექტი - რუსებს ძალიან უნდათ ევროკავშირის აღსასრული ნახონ. რაც შეეხება ევროკავშირის პერსპექტივას, უმნიშვნელოვანესია, გავაგრძელოთ ამ ქვეყნების ევროპული მომავლის მხარდაჭერა (ევროპულ მომავალში ვგულისხმობ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას), ქვეყნებისა, რომელთაც სურთ, მიიღონ ევროპული ღირებულებები. ამ სამეულიდან - უკრაინა, საქართველო, მოლდავეთი - საქართველო ყველაზე წინაა რეფორმებისა და ინტეგრაციის პროცესებით. ევროკავშირმა უნდა უთხრას ამ სამ ქვეყანას, რა პერსპექტივა არსებობს მათთვის ახლო და შორეულ მომავალში.

- თქვენი ვარაუდით, რამდენ ხანს მოგვიწევს ამ გაფართოების ლოდინი? ბრიუსელში ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა, როგორც ჩანს, ახლო მომავლის პერსპექტივა არ უნდა იყოს.

- ახლა ევროკავშირში ვითარება საკმაოდ სერიოზულია, ბრექსიტის შემდეგ, ნიდერლანდების არჩევნებს, შეიძლება ითქვას, გადავურჩით, ახლა კარზეა მომდგარი საფრანგეთის არჩევნები და იმის მიხედვით, თუ ვინ გაიმარჯვებს, დიდწილად განისაზღვრება კიდეც ევროკავშირის ბედი.

- ხშირად გვესმის უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, მაგრამ რას ფიქრობს რიგითი მოსახლეობა ევროკავშირში? მივაჩნივართ მათ ევროპელებად?

- დიდი ალბათობით, თუ ევროპაში რიგით მოქალაქეს გააჩერებთ და ჰკითხავთ, ჯორჯია რა არისო, პირველად ამერიკის შტატს დაგისახელებთ. დაგუგვლისას, ძებნის ველშიც პირველად სწორედ ჯორჯიის შტატი ამოდის. თუმცა, ვინც იცის, რა და სად არის საქართველო, როგორც წესი, დადებითი წარმოდგენა აქვთ ამ ქვეყანაზე. შეიძლება რუკაზე ვერ გიჩვენოთ, სად არის საქართველო, მაგრამ ეცოდინებათ, რომ ევროპული ორიენტაციის ქვეყანა ხართ. სამაგიეროდ, ბევრი არაფერი იციან, მაგალითად, საქართველოს ეკონომიკაზე ან სოციალურ მდგომარეობაზე. ბევრი, ალბათ, იმასაც წამოიძახებს,"ეს ხომ ყოფილი საბჭოთა კავშირია, რუსეთის შემოგარენიო და ა.შ. ასე რომ, დღევანდელი გადმოსახედიდან, თუ რიგით ევროპელს ჰკითხავთ, უნდა თუ არა საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ალბათ, "არას" გეტყვით, რადგან ამჟამად ევროკავშირს ახალი წევრების მიღებისთვის ყველაზე ნაკლებად სცალია.

- საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს დავუბრუნდეთ. ცხინვალში გადაწყვიტეს, "ალანია" დაირქვან და რუსეთთან შეერთებას გეგმავენ, სოხუმში კი რუსეთის ახალი საელჩოს გახსნას ლავროვიც დაესწრო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, ამ გადმოსახედიდან, ძალიან ფერმკრთალია.

- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ახლო მომავალში არ აღდგება. ეს ძალიან ძნელად მისაღწევი იქნება. ერთადერთი გამოსავალი არის ძლიერი, მოწინავე სახელმწიფოს შექმნა, მდგრადი ეკონომიკით, კანონის უზენაესობითა და გაუმჯობესებული სოციალური პირობებით. ეს ყველაფერი საქართველოს ბევრად მიმზიდველს გახდის, რადგან ახლა რეფორმები სანახევროდაა მომთავრებული - ქვეყანაში კვლავ მაღალია უმუშევრობა, ასეთ ქვეყანაში დასაბრუნებლად კი არც აფხაზები გამოიქცევიან და არც ოსები. კიდევ ერთი გამოწვევაა კრემლის განუწყვეტელი პროპაგანდა. ძნელია ამას დაუპირისპირდე, რადგან ბრიუსელს ადგილობრივ მოსახლეობასთან საკმარისად მჭიდრო კონტაქტი არა აქვს და ვერ უხსნის მათ, რატომ არ შეესაბამება რუსული ვერსია სიმართლეს. ასე რომ, ეს პრობლემა აუცილებლად მოსაგვარებელია. ამასთან, ისეთ ფაქტებზე, როგორიცაა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღება, კრემლი ყოველთვის რეაგირებს, როგორც წესი, ასიმეტრიულად, და ცდილობს, საქართველოს მაგრად ჩაავლოს ხელი. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასა და ევროკავშირს არა აქვთ შემუშავებული ისეთი პოლიტიკა, რომელიც ყველაფერ ამას შეაჩერებს.

- როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება ვიზალიბერალიზაციას აფხაზებსა და ოსებზე?

- შეიძლება ჰქონდეს ეფექტი, რადგან ეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოტივაციას გაუჩენს, ქართული პასპორტები აიღონ. არა მგონია, ათასობით ადამიანი მოაწყდეს საქართველოს პასპორტის ასაღებად, მაგრამ გარკვეული ნაწილი მოვა და ეს უკვე კარგია. ეს მათ საშუალებას მისცემს, წავიდნენ ევროპაში და თავი აღარ იგრძნონ იზოლირებულად. რუსეთი ვერ შეედრება ევროკავშირს მიმზიდველი ეკონომიკური პერსპექტივების შექმნაში, ამ კუთხით ბრიუსელს ნამდვილად უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით, წარმატებული და ეკონომიკური რეფორმების შემდგომ საქართველოსთვის.

ვაჟა თავბერიძე