"სულ დანის პირზე დავდივარ" - ბლიცინტერვიუ - კვირის პალიტრა

"სულ დანის პირზე დავდივარ" - ბლიცინტერვიუ

"მე ორი შვილის დედა ვარ და, იმავდროულად, ცოლი, ძალიან ბევრი რამეა, რისიც მეშინია ამ კონტექსტში. სხვა კონტექსტში არაფრის არ მეშინია"

თავისუფლება ჩემთვის არის...

ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც პირველად დავდექი არჩევანის წინაშე. მაშინ მამაჩემმა მითხრა, - შენ შეგიძლია გააკეთო ისე, როგორც მე გეტყვი და ვფიქრობ, შეცდომა არ მოგივა. თუმცა ასევე შეგიძლია გააკეთო ისე, როგორც შენ თვლი საჭიროდ, მაგრამ შენ უნდა აიღო ამაზე პასუხისმგებლობაო. იმ დღიდან მოყოლებული ვაკეთებ ისე, როგორც მე ვთვლი საჭიროდ და შესაბამისად, ვიღებ ამაზე პასუხისმგებლობას. აი, ეს არის ჩემთვის თავისუფლება.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

ჯერჯერობით არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, რომ მსოფლმხედველობა შემეცვალოს რამეზე. მყარად ვდგავარ იმ ფუნდამენტზე, რომლითაც გავიზარდე და რისიც სულ მჯეროდა. ადამიანის ჩამოყალიბებაზე, ალბათ, სხვადასხვა მოვლენა ახდენს გავლენას. ასეთი, რა თქმა უნდა, ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა...

დღევანდელი გადასახედიდან და იმ პერიოდიდან გამომდინარე, რომელიც ჩემს შვილებთან ერთად გავატარე, ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი, რომ არასწორად წარიმართა ჩემი ცხოვრება, უფრო სწორად, მე თვითონ არ ვმართე ჩემი ცხოვრება სრულად და აბსოლუტურად, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი თავი საჯარო ცხოვრებას ვაჩუქე.

ცხოვრებაში მთავარია...

შენ იყო საკუთარი ნების, ქმედების, გადაწყვეტილებების პატრონი. შენ აგებდე მათზე პასუხს, შენვე იღებდე ყველა შედეგს, რომელიც ამ გადაწყვეტილებებით დგება. ყველაზე მთავარი ეს არის ცხოვრებაში. აქედან იწყება და ამით მთავრდება ყველაფერი, რაც მერე ხდება შენ ირგვლივ, შენ გარშემო, შენს თავს. ხანდახან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებ, ხანდახან - სწორს, ხანდახან კმაყოფილი ხარ, ხანდახან უკმაყოფილო, მაგრამ ეს კმაყოფილებაც და უკმაყოფილებაც შენია. ვერავინ შეგეცილება ამაში და ეს გაძლევს უზარმაზარ, წარმოუდგენელ სიმდიდრეს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება, სულ ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებ მასზე, აგურს აგურზე დებ იმისათვის, რომ უკეთეს ადამიანად იქცე.

ვრისკავ, როცა...

მუდამ... სულ ზღვარზე, სულ დანის პირზე დავდივარ, სხვანაირად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და უაზრობად მეჩვენება.

როცა მაქებენ...

გააჩნია, ვინ მაქებს. თუ ჩემი შვილები მაქებენ, ძალიან მსიამოვნებს. თუ აღმოჩნდება შემთხვევით ასეთი საოცრება და ჩემი მეუღლე იტყვის ჩემზე რამე კარგ სიტყვას, ასევე ძალიან მიხარია. თუმცა ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, განსაკუთრებით, როდესაც მინისტრი ვიყავი, ხშირად გიწევს ისეთი ტიპის ქების მოსმენა, რომელიც ზუსტად იცი, რომ ის არ არის, შენ რომ გგონია და რაც შენს ყურს ესმის. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო.

მაბრაზებს...

სინამდვილეში, ერთადერთი რამ მაბრაზებს, როდესაც უსამართლოდ... როდესაც ჩაგრავენ ვიღაცას, როდესაც განცდა გაქვს, რომ გამოსავალი არ არის. ასეთი მომენტი, ალბათ, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ბევრჯერ დამდგარა. ეს არის ერთადერთი მომენტი, როდესაც ისე ვბრაზდები, რომ გონიერ-ცნობიერი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მეკარგება, როცა უსასოობის განცდა გაქვს, როცა იცი, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე, მაგრამ წრე ჩაკეტილია და ვერაფერს იზამ.

მეშინია...

მე ორი შვილის დედა ვარ და, იმავდროულად, ცოლი, ძალიან ბევრი რამეა, რისიც მეშინია ამ კონტექსტში. სხვა კონტექსტში არაფრის არ მეშინია.

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

ყველაზე ხშირად სანდროსა და გიგაზე ვფიქრობ, ოღონდ მხოლოდ ერთ რამეზე - როგორი კაცები იქნებიან. ყველაფერს, რაც აქამდე მიკეთებია - ვიღაცისთვის წარმატებული, ვიღაცისთვის წარუმატებელი - ერთ დღეს ზუსტი სახელი დაერქმევა მხოლოდ იმით, როგორი კაცებიც ისინი იქნებიან.

მწყინს, როცა...

საერთოდ წყენა არ მახასიათებს. ეს, ალბათ, ჩემი თვისებების იმ ნაწილიდან მოდის, რომ არასოდეს ვოცნებობ. ბავშვობაშიც ასეთი ვიყავი. არასოდეს არაფერზე მიოცნებია. საერთოდ არ ვიცი, ეს რას ნიშნავს. არაფერს ვნატრობ, არაფერზე ვოცნებობ, ძალიან რაციონალური ადამიანი ვარ. ჩემი ხელებით ვაკეთებ ყველაფერს და ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. იმდენს, რამდენიც შემიძლია, იქამდე ვწვდები, სადამდეც შემიძლია. ისეც არაფერი მწყინს... წყენა რას გაძლევს? გეწყინება და რა? ამით არაფერი იცვლება.

დრო ჩემთვის არის...

რაც არასდროს არა მაქვს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე არასდროს მქონდა და აწი ვნახოთ, როგორ იქნება.

მოხუცი, ალბათ, ვიქნები...

საშინელი. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მოხუცი.

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

ამ ქვეყანაში ბევრი რამ ხდებოდა, რამაც განაპირობა ჩემი არჩევანი. თუ ყველაფერი ისევ ისე იქნებოდა, დიახ, ზუსტად იმავე ცხოვრებას გავივლიდი. თუ სხვა საქართველოში, სხვა ეპოქაში, სხვა ქვეყანაში დავიბადებოდი, შეიძლება სხვა პროფესიის, სხვა საქმიანობის, სხვა ადამიანი ვყოფილიყავი. ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, რომ არ შეიცვლებოდა, იქნებოდა ჩემი უზომო სიყვარული დინამიკური, ძალიან აქტიური, მაღალი ტემპით ცხოვრების მიმართ.