"წინა არჩევნებთან შედარებით, პოლიტიკური რეკლამა 10-ჯერ გაძვირდა" - კვირის პალიტრა

"წინა არჩევნებთან შედარებით, პოლიტიკური რეკლამა 10-ჯერ გაძვირდა"

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ სატელევიზიო რეკლამის ეთერს ცეცხლი უკიდია. სარეკლამო ტარიფები ძალიან გაძვირდა, მაგრამ არ გაზრდილა არასახელისუფლებო პარტიების ფინანსური შესაძლებლობები. პირიქით, როგორც მათი წარმომადგენლები ამბობენ, პარტიებს წინასაარჩევნოდ "ჯიბეში" ისეთი სიხალვათე აქვთ, როგორიც არასდროს. ამიტომაც ელემენტარული ეკონომიკური კანონის მოთხოვნა-მიწოდების პრინციპიდან გამომდინარე, საზოგადოება ეჭვობს, რომ ტელეკომპანიებმა ფასები ხელოვნურად, "ვინმეს" მითითებით გაზარდეს.

პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების აზრით, არაბუნებრივია, სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის ფასი თითქმის უტოლდებოდეს ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს სარეკლამო ეთერის ღირებულებას. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედსა" და "რუსთავი 2"-ში პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი, დროის მონაკვეთების მიხედვით, 10.000-იდან 32.000 დოლარამდე ღირს, მაშინ, როდესაც რეკლამის ღირებულება ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს წუთში 32.000 დოლარს შეადგენს.

იმის გამო, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ეთერში მხოლოდ ხელისუფლების კანდიდატი გიგი უგულავა ჩანს, ჩნდება კითხვა, როგორ შეუძლია თბილისის მოქმედ მერს თავის პოლიტიკურ პიარზე ამდენი ფულის დახარჯვა?

ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ერთი კვირის განმავლობაში მონიტორინგი ჩაატარა და დათვალა, ვინ რამდენს ხარჯავს საარჩევნო სატელევიზიო პიარზე. თურმე ბევრიც არაფერი ყოფილა დასაკვირვებელი. დღის განსაზღვრულ მონაკვეთში, ორი საათის განმავლობაში, ეთერში ოთხჯერ გავიდა მხოლოდ გიგი უგულავას რეკლამა, რომლის ღირებულებამაც, დიანა ტრაპაიძის დაანგარიშებით, 160 ათასი ლარი შეადგინა. მისივე განმარტებით, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც პოლიტიკური კლიპები გავიდა, სარეკლამო ეთერის ერთი წუთი 22.000 დოლარად იყიდებოდა. თითოეული კლიპის ხანგრძლივობა 3,5 წუთს გრძელდებოდა.

თბილისის მოქმედი მერი პირობას დებს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ხარჯის შესახებ ყველა ინფორმაციას დაწვრილებით გამოაქვეყნებს, მანამდე კი არსებობს მხოლოდ ვარაუდი იმის თაობაზე, თუ რატომ გაიზარდა ტარიფები ისე უსაშველოდ, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატისთვის ყოფილიყო შესაძლებელი მისი გადახდა? ან კი საიდან და როგორ იხდიან გიგი უგულავა ან "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ სატელევიზიო რეკლამაში ამხელა თანხას?

ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, არც გიგი უგულავა და არც ხელისუფლება არაფერსაც არ იხდის.

- ნორმალური მოვლენაა, როდესაც ტელევიზია თავისუფალ სარეკლამო ტარიფებს აწესებს. ისიც ნორმალურია, თუ ვინმე პოლიტიკურ რეკლამაში ფულს იხდის. არანორმალურია პოლიტიკური რეკლამის წინა არჩევნებთან შედარებით ათჯერ გაძვირება. იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, არა აქვთ ამხელა თანხის გადახდის საშუალება. ტელეკომპანიებისთვის ცნობილი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისა და სუბიექტების ფინანსური მდგომარეობის ინდექსი და შესაბამისად უნდა განსაზღვრონ სარეკლამო ტარიფებიც. ასე რომ, რაც ხდება, არანორმალური მოვლენაა. თუ დიდი მოთხოვნაა ფასიან რეკლამაზე, მაშინ შეიძლება გაიზარდოს ფასი, მაგრამ თუ მცირეა, ფასიც ვარდება. აქ კი ფასი იმდენად დიდია, რომ რეკლამის განთავსების მსურველი იზღუდება. ყველა პოლიტიკური პარტია უფასო პოლიტიკურ რეკლამას იყენებს და მხოლოდ "ნაციონალები" ყიდულობენ ფასიან ეთერს.

საეჭვოა, გიგი უგულავამ გადაიხადოს ის თანხა, რაც კლიპებზე იხარჯება. ის ვერ და არც გადაიხდის ფულს. ვფიქრობ, საქმე გვაქვს ტელეკომპანიებსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის შეთანხმებასთან. კერძოდ, "რუსთავი 2"-სა და "იმედს," სადაც პოლიტიკური რეკლამაა განთავსებული, არალეგალურად აქვთ მიღებული დიდი თანხა, არასარეკლამო შემოსავლები, რომელთაც, ჟარგონზე რომ ვთქვათ, გაპრავება, ლეგალიზება სჭირდება. სწორედ ამისთვის გამოიყენებენ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას და წლის ბოლოს, როდესაც ბალანსს გააკეთებენ, აჩვენებენ, რომ ეს დიდი თანხა ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან შემოუვიდათ(?!).

ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია: "წინა არჩევნებთან შედარებით ქვეყანაში კრიზისული ვითარებაა. ასეთ დროს, კონკურენციის მოტივით, კომპანიებს ყოველთვის ურჩევნიათ რაც შეიძლება დაბალი ფასის დაწესება, რომ მინიმალური მოგება მაინც მიიღონ. სარეკლამო ბაზარზე კი უცნაური რამ ხდება. თუ მას ორ ნაწილად - ჩვეულებრივი და პოლიტიკური რეკლამების ბაზრად დავყოფთ, ვნახავთ, რომ ჩვეულებრივი ბიზნესის რეკლამები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან ბიზნესს რეკლამისთვის ფული აღარა აქვს. სრულფასოვანი კონკურენციის პირობებში ფასს ასწევდა ან დასწევდა ცალკეული ტელეკომპანია, მაგრამ ჩვენი ტელეკომპანიები ერთმანეთის კონკურენტები, სამწუხაროდ, არ არიან.

ზოგიერთი კომპანიისთვის საეთერო სივრცე შეზღუდულია, მათი მაუწყებლობა მხოლოდ დედაქალაქსა და მის შემოგარენში ვრცელდება. სხვა კომპანიებისთვის მაუწყებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ვრცელდება, მაგრამ ამათგან ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომლის უფასო ეთერითაც სარგებლობენ პოლიტიკური პარტიები, ამიტომაც ის კონკურენტულ გარემოში არ მოიაზრება. რჩება ორი ტელევიზია - "რუსთავი 2" და "იმედი," რომლებსაც სარეკლამო სივრცე და ბაზარი, ფაქტობრივად, განაწილებული აქვთ.

ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი: - სატელევიზიო ეთერში სარეკლამო ტარიფებს ბაზარი არეგულირებს. როდესაც მოთხოვნა დიდია, ფასი იზრდება, მოთხოვნის შემცირებისთანავე კი მცირდება. ჩვენც გავზარდეთ ფასი (პოლიტიკური რეკლამა 1 წუთი 560 ლარი ღირს), მაგრამ იმის გათვალისწინებით, რისი გადახდის საშუUალებაც აქვთ რეკლამის განთავსების მსურველებს.

საქართველოში არ არსებობს ჩამოყალიბებული სარეკლამო ბაზარი, რაც არსებობს, ისიც იმ ხალხის ხელშია, ვინც მართავს ნაციონალურ არხებს. ისინი კი ისე ჭრიან და კერავენ, როგორც სურთ. ჩვენს კონკურენტ არხებზე სარეკლამო ფასები უსაშველოდ იმიტომ კი არ არის გაზრდილი, რომ მოთხოვნა გაიზარდა, არამედ იმიტომ, რომ ნაციონალების გარდა, ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლოს რეკლამის განთავსება. უთანასწორო პოლიტიკური ბრძოლაა სარეკლამო ეთერშიც, ისევე როგორც ყველგან, ყველა სფეროში.