"არსებობს რისკი, რომ პუტინმა ტრამპისთვის "ჭკუის სწავლება" საქართველოს მაგალითზე მოისურვოს, თუმცა..." - კვირის პალიტრა

"არსებობს რისკი, რომ პუტინმა ტრამპისთვის "ჭკუის სწავლება" საქართველოს მაგალითზე მოისურვოს, თუმცა..."

"ტრამპი შეეცდება პუტინის ამბიციებს ფრთები შეუკვეცოს, ის თავისი მსგავსი გაქანების ლიდერს ერთ სივრცეში ვერ იგუებს"

"პუტინი მიმწოლი იყო იმდენად, რამდენადაც სუსტები აღმოჩნდნენ მისი თაობის ევროპელი თუ ამერიკელი ლიდერები"

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტით შეზღუდვა დაწესდა აშშ-ის მიერ იმ სახელმწიფოების დაფინანსებაზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. ხელმოწერილი კანონით, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აშშ-ის წარმომადგენლებს აეკრძალათ იმ პროგრამების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არღვევს.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ორიოდ დღეში კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საქმიანი ვიზიტით ესტუმრა აშშ-ს და თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.

როგორც შეხვედრის შემდეგ პრემიერმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ქართულმა მხარემ მიიღო ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ტრამპიც გამოეხმაურა. მან "ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა: "პატივი მქონდა თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად".

ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის შესაფასებლად, ამ მოვლენების შემდეგ რუსეთის და ამერიკის სავარაუდო რეაქციებზე, ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ვესაუბრეთ.

- ლოგიკური იქნება შევაფასოთ არა ეს ერთი ვიზიტი, არამედ გადავხედოთ იანვრიდან დღემდე საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს, რათა უფრო ნათლად გამოჩნდეს ამ ვიზიტის მნიშვნელობა. თუ ამ ხნის განმავლობაში აშშ-ში საქართველოს ხელისუფალთა ვიზიტებს წინა წლების ვიზიტების რაოდენობას შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლების აქტივობა ამერიკის მიმართულებით რეკორდულია. ეს ადასტურებს ორმხრივ ინტერესს და ამ კონტექსტში თვალსაჩინოა პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც. თან თუ 2 დღის წინანდელ დოკუმენტსაც გავიხსენებთ, როდესაც ამერიკამ მკვეთრად დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და  გარკვეული სანქციები შემოიღო იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც ამ ტერიტორიული მთლიანობის რაღაცა ფორმით დარღვევას შეეცდება.

საქართველოს დელეგაცია იყო მეხუთე თუ მეექვსე, რომელიც ამერიკის ახლადარჩეულ ადმინისტრაციას ინაუგურაციიდან ერთ კვირაში შეხვდა და ამ ვიზიტის ლოგიკური გაგრძელება იყო პრემიერის აშშ-ში ჩასვლა.

ნიშანდობლივია ერთიც, ტრამპი ერთგვარად მსოფლიო პოლიტიკის მაჩოა, ანუ ძალაუფლების მოყვარული ლიდერი, რომელიც თავისნაირებს გვერდზე ვერ იგუებს, ის უნდა იყოს მსოფლიო პოლიტიკის ტონის მიმცემი, აქედან გამომდინარე, პუტინთან და რუსეთთან ურთიერთობის შიშები, რასაც მთელი მსოფლიო ელოდა, როგორც ჩანს უსაფუძვლოა და ტრამპი შეეცდება პუტინის ამბიციებს ფრთები შეუკვეცოს, ის თავისი მსგავსი გაქანების ლიდერს ერთ სივრცეში ვერ იგუებს, ეს არის ის რეალობა, რომელიც საქართველოს ძალიან ბევრ შანსს აძლევს.

- ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს საქართველომ?

- საქართველო ამ კორიდორს, რომელიც მასა და ამერიკის ურთიერთობებში გაჩნდა, საკმაოდ კარგად ხედავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ში საქართველოს საელჩოს მუშაობა, რომელმაც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლებელი შეძლო და ასეთი მაღალი დონის ვიზიტები დაგეგმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის ორმხრივი მიმართულებით მოძრაობა. როგორც ჩანს, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასაც საქართველოს როლის მიმართ ამ რეგიონში სერიოზული ინტერესი აქვს. რეგიონში ვგულისხმობ არა მხოლოდ რუსეთს, არამედ თურქეთს, ირანს, ახლო აღმოსავლეთს და ა.შ. ამ თვალსაზრისით, საქართველო შეიძლება რეალურად იქცეს ამერიკის ინტერესების სტრატეგიულ საყრდენად სწორედ ამერიკის უსაფრთხოებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ტრამპი წინასაარჩევნოდ ამბობდა, რომ ამერიკის საქმე არ არის მისი პარტნიორი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა და ამერიკამ უარი უნდა თქვას მსოფლიო პოლიციელის როლზე, ეს სიტყვები მან ბევრჯერ გაიმეორა. საკუთარი პოზიცია განსაკუთრებით გამოკვეთა გასული წლის ივლისში, თურქეთში სავარაუდო სამხედრო გადატრიალების შეფასებისას, როდესაც მან მხარი დაუჭირა ერდოღანის ხელისუფლებას.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მიმართ ტრამპის ხელისუფლების ინტერესი შეიძლება იმას არ ნიშნავდეს, რომ ტრამპის ხელისუფლება ისევე როგორც ამერიკის წინა ადმინისტრაციები, საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების სადარაჯოზე იდგება, ამას მოწმობს ისიც, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ შეამცირა, ზოგადად სახელმწიფო დეპარტამენტის და usaid-ის პროექტების დაფინანსება, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებულიც.

დაფინანსების ძირითად მიმართულებად დაიტოვა ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ამიტომაც ქართველ საზოგადოებას კი სჭირდება ამერიკა სტრატეგიულ პარტნიორად, მაგრამ თავისი საკეთებელი თავად უნდა გააკეთოს. რაც შეეხება მართვის დემოკრატიულ სტანდარტებს, იგივე საკონსტიტუციო ცვლილებებში მართვის დემოკრატიული სტანდარტების ასახვას და გამყარებას, ეს არის უპირატესად ჩვენი საზოგადოების ასაწევი ტვირთი. ამერიკა იმ დოზით მიიღებს და აღიარებს საქართველოს დემოკრატიულად, რა დოზითაც მიიღებს და აღიარებს თავად საქართველოს მოსახლეობა.

ტრამპის დამოკიდებულება თავისი პარტნიორი ქვეყნების შიდა პოლიტიკის მიმართ დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება.

გვახსოვს, მაშინ აშშ-ის მხრიდან როგორი ინტენსიური იყო საქართველოს მიმართ ინტერესი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ხშირად დასავლელი პარტნიორები იგნორირებას უწევდნენ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტებს. შეიძლება ცოტა უხეში შედარებაა, მაგრამ დაახლოებით ასეთივე ნეიტრალურ დამოკიდებულებას უნდა ველოდოთ ტრამპის ხელისუფლების მხრიდანაც. მას საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ნებისმიერი ფორმით სჭირდება და მისთვის მისაღები იქნება საქართველოში მართვის ნებისმიერი მოდელი, ვიდრე ის უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილურ განვითარებას. ის, რომ სტაბილური განვითარება თანხვედრაში იყოს დემოკრატიული მართვის სტილთან, ეს უკვე ჩვენი საზოგადოების გადასაჭრელი ამოცანაა.

- ამ მოვლენების ფონზე, რას იზამს რუსეთი?

- პუტინი მიმწოლი იყო იმდენად, რამდენადაც სუსტები აღმოჩნდნენ მისი თაობის ევროპელი თუ ამერიკელი ლიდერები, ანუ რამდენიც გასდიოდა, იმდენი გაჰქონდა, შესაბამისად, ტრამპის გამოჩენამდე ის იყო ლიდერი, რომლის წინაშეც მთელი დასავლური დემოკრატიული სამყარო უკან იხევდა, ის გადადიოდა შეტევაზე და დანარჩენები ყოველთვის თავდაცვით პოზაში იდგნენ, ობამას პერიოდის ამერიკა, პუტინის პრეზიდენტობა და ამავდროულად ევროკავშირისა და ნატოს პოლიტიკა, ზუსტად ამას ადასტურებდა.

დღეს სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს და ტრამპი აღმოჩნდეს სწორედ ის ფიგურა, რომელიც იქნება შემტევ პოზაში და პუტინის რუსეთი იძულებული გახდება თავი დაიცვას, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

როგორც რისკი, არ უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ შეიძლება პუტინმა ტრამპისთვის "ჭკუის სწავლება" საქართველოს მაგალითზე მოისურვოს, ისევე, როგორც 2008 წელს, საქართველო აღმოჩნდა დასავლეთისთვის სასროლი პირველი ქვა, ჩვენდა სამწუხაროდ და რუსეთისთვის საბედნიეროდ, ძალიანაც წარმატებული.

რისკის დონეზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კრემლში კვლავ განიხილებოდეს ანალოგიური სცენარები, მაგრამ იმედია, პუტინი ხვდება, რომ ტრამპის სახით მას არც ობამა ჰყავს მოწინააღმდეგედ და არც, ფაქტობრივად, უხერხემლო ევროპული ელიტები. ამას გარდა, თუკი ტრამპი რეალურად იღებს მსოფლიოს მართვის სადავეებს, მისთვის საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, შეიძლება იქცეს გაცილებით უფრო დიდ სტრატეგიული მნიშვნელობის საყრდენად, ვიდრე ის იყო ობამამდე პერიოდში. ობამაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ობამას მმართველობის პირობებში ამერიკამ დათმო მისი წინამორბედების მიერ ათწლეულობით მოპოვებული პოზიციები და გავლენები მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)