"აღლუმზე რომ შემოჭრილიყვნენ, გაცილებით სავალალო შედეგი იქნებოდა" - კვირის პალიტრა

"აღლუმზე რომ შემოჭრილიყვნენ, გაცილებით სავალალო შედეგი იქნებოდა"

"ყველამ ვნახეთ, ქართველი ოპოზიციონერები უშვერი და უხამსი სიტყვებით როგორ მიმართავდნენ მთელი თბილისის მოსახლეობას"

"მიტინგები რომ არ გამართულიყო, საქართველოს საზოგადოების 1%-საც არ ეცოდინებოდა ამ წიგნის ავტორის გვარი"

"ნოღაიდელი და ბურჯანაძე კრემლისთვის მონური მორჩილების დასადასტურებლად ჩავიდნენ მოსკოვში"

ილიას უნივერსიტეტში დეისაძის წიგნის პრეზენტაციის გამო დაწყებული ვნებათაღელვა ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. საზოგადოების ნაწილი მხოლოდ დეისაძის წიგნით არ დარჩენილა შეურაცხყოფილი, ისინი შეურაცხყოფილნი იყვნენ გიორგობის პოლიციის დღედ გამოცხადებითაც. ამ თემებზე  საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურს ვესაუბრეთ:

- არანორმალურია, რომ წიგნის გამო მუშტი-კრივი გაიმართა. ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ განაცხადა, რომ ამ წიგნის პრეზენტაციაზე არაფერი იცოდა. მე გამომცემელი ვიყავი და ვიცი, უწინაც გამოდიოდა არაერთი ისეთი წიგნი, რომელიც მორალური თვალსაზრისით საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მიუღებელი გახლდათ. ამ შემთხვევაში გამოსავალი ის არის, რომ ასეთი ავტორის წიგნი არ იყიდონ და კრიტიკული აზრი გამოხატონ პრესასა და ტელეეთერში.

ეს წიგნი არ წამიკითხავს, მხოლოდ იმ ამონარიდებს ვიცნობ, რაც პრესაში ვრცელდება. იქ გამოთქმული აზრები პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ რაც უნდა მიუღებელი იყოს წიგნი ან პუბლიკაცია, ცივილიზებულ საზოგადოებაში ამის საპასუხოდ კალამი და ფურცელი არსებობს. მუშტებით არასდროს არაფერი გადაწყვეტილა.  მსოფლიოს ისტორიაში იყო დრო, როდესაც არათუ ასეთ ნაწარმოებებს, შედევრებს წვავდნენ და ავტორებს ინკვიზიციას გადასცემდნენ ხოლმე, მაგრამ  XXI საუკუნეში ეს არ უნდა მოხდეს.

სიმართლე გითხრათ, ხშირად  ძალიან მაღიზიანებს ფარისევლობა და ზოგიერთი ადამიანის ფსევდორელიგიური აღტყინებაც, რომელსაც აშკარად ეტყობა პოლიტიკური სუნამოს სურნელი. არაფერი გამოვა იმით, თუ ავტორს სადარბაზოსთან ჩაუსაფრდები. არიან პირები (მათ შორის მწერლობაშიც), რომლებიც ეპატაჟს თვითდამკვიდრებისათვის იყენებენ. გარწმუნებთ, მიტინგები რომ არ გამართულიყო, საქართველოს საზოგადოების 1%-საც არ ეცოდინებოდა ამ წიგნის ავტორის გვარი. შესაძლოა, წიგნის ავტორს სწორედ ის აზრი ამოძრავებდა, რომ ამ გზით გამხდარიყო საზოგადოებისათვის ცნობილი. მიმაჩნია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი უნდა შედგეს. მერწმუნეთ, არავინ ებრძვის მართლმადიდებლობას და არც ვინმეს მოსწონს ის წიგნები, სადაც ინცესტზე ან დედისა და შვილის სექსუალურ ურთიერთობაზეა ლაპარაკი.

- პროვოკაციად და ხალხის გამოწვევად შეფასდა 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებაც.

- პოლიციელები ჩვენი ქვეყნის მორალური ავანგარდია. მათთვისაც ისევე ძვირფასია წმინდა გიორგის სახელი, როგორც სხვებისათვის. ამიტომაც მათი პროფესიული დღესასწაული რომ წმინდა გიორგის ხსენების დღეს იყოს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს სწირავენ, განსაკუთრებულ პატივს იმსახურებენ.

- მაგრამ ხალხი ამბობს, ხელისუფლებამ ამით ხალხის ცემა, თვალების დათხრა და ხალხზე გამარჯვება იზეიმაო.

- სამწუხაროდ, მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკება ყველგან ხდება. ოპოზიციის ერთმა ნაწილმა სცადა, ეს თარიღი ექსცესების მოსაწყობად გამოეყენებინა, დაგეგმილი სამთავრობო ღონისძიებები ჩაეშალა, მაგრამ ქართველმა ხალხმა არ დაუჭირა ამას მხარი. სწორედ ამან გამოიწვია ის ღვარძლი და გინება, რომლითაც ოპოზიციამ შეამკო არა ხელისუფლება ან მისი რომელიმე წარმომადგენელი, არამედ მთელი თბილისი. ყველამ ვნახეთ, ქართველი ოპოზიციონერები უშვერი და უხამსი სიტყვებით როგორ მიმართავდნენ მთელი თბილისის მოსახლეობას.

სინამდვილეში ეს არის ამ კონფლიქტის სათავე და მიზეზი და არა ის, რომ შარშან, 6 მაისს, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. ქუჩაში, რკინიგზის მაგისტრალებისა და ქუჩების გადაკეტვით კი არა, საარჩევნო ყუთებთან უნდა გადაწყდეს, ვის ანდობს ხალხი თავის მომავალს. თუმც აქვე ვიტყვი, რომ პოლიტიკური აქტივობა, მიტინგებისა და აქციების თავისუფლება ხელშეუვალია დემოკრატიული საზოგადოებისთვის.

- მომიტინგეები მიახლოებული არც იყვნენ ღონისძიების ადგილთან, რომ მათ გზა გადაუღობა სპეცრაზმმა, შედეგად კი  რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

- ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ მიდიოდნენ იმ ადგილისაკენ, სადაც პოლიცია აღლუმს ატარებდა. ზოგანა ისინი წინასწარ არ აცხადებდნენ, არ მივცემთ აღლუმის ჩატარების საშუალებას, ხელისუფლებას ჯოჯოხეთს მოვუწყობთო? ასეთი განცხადებების შემდეგ სამართალდამცავმა ორგანომ უნდა იზრუნოს, რომ ანტაგონისტურად განწყობილი ხალხი ერთმანეთს არ შეეტაკოს. აღლუმზე მართლაც რომ შემოჭრილიყო ხალხი,  გარწმუნებთ, გაცილებით სავალალო იქნებოდა შედეგი, იქ ქვების წვიმა წამოვიდოდა.

მოგვიანებით კი, როდესაც სააკაძის მოედანზე სცადა ოპოზიციამ შეკრება, მხოლოდ რამდენიმე ასეული მოქალაქე მივიდა. ეს გახლავთ ქართველი საზოგადოების პასუხი - არავის უნდა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, არავის უნდა მუშტი-კრივი და ერთმანეთის დევნა.

ბოდიში და, როდესაც პოლიტიკოსი ამბობს, მთელი თბილისი ჩაჯ...იაო, ამაზე უარესი რა უნდა თქვას კაცმა?

- აქციაზე ხალხის სიმცირე ახსენეთ და, ქალბატონმა, რომელმაც ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში დარეკა, განაცხადა, ხალხი აქციაზე რომ არ წასულიყო, ჩვენს უბანში ცხვრები და ღვინო დაარიგა ხელისუფლებამ, გიორგობა აღნიშნეთო.

- რა ცხვრები და ღვინო?! თუ ადამიანს აზრის გამოხატვა უნდა, აქციაზე მაინც მივა, გინდ ცხვარი მიუყვანე და გინდ - სპილო. ხალხი აქციაზე იმიტომ არ მივიდა, რომ თანამოქალაქეებთან დაპირისპირება არ უნდოდა. საზოგადოება მეტად პასუხისმგებლიანია, ვიდრე ზოგიერთი ექსტრემისტი ლიდერი. კრემლში სიარული, პუტინთან მეგობრობა და თან საქართველოს სიყვარული შეუთავსებელია. რაც უფრო უახლოვდება პოლიტიკური ლიდერი ქვეყნის დამპყრობელსა და ოკუპანტს, მით ნაკლები აქვს თავის ხალხთან სალაპარაკო. ამ შემთხვევაში ჩნდება ქვები, ხელკეტები და აგრესიული მოწოდებები. ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, არ შეუერთდნენ საპროტესტო აქციას.

- ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ნაცმოძრაობის 50 აქტივისტი დაესხა თავს და მათ მოსაგერიებლად ჰაერში გასროლა მოუხდა.

- ზვიად ძიძიგურისაგან აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან სხვები. ამ ინციდენტზე გამჭვირვალე და ტრანსპარანტული გამოძიება უნდა ჩატარდეს. თუმც აქვე შევნიშნავ, ზვიად ძიძიგური იმ ფსევდოეროვნული საბჭოს წევრია, რომელიც კრემლთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ზვიად ძიძიგურის სიტყვების დეფიციტი იმით გამოიხატა, რომ იარაღის გამოყენება დასჭირდა. პირები, რომლებიც კრემლთან თანამშრომლობენ, ვერ მოიპოვებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

- ბურჯანაძე მოსკოვში ფაშიზმის დამარცხების 65-ე წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე მიიწვიეს.

- სინამდვილეში ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად კი არა, კრემლისთვის ლოიალობისა და მონური მორჩილების დასადასტურებლად წავიდნენ ნოღაიდელი და ბურჯანაძე მოსკოვში. რუსეთის მმართველები აცხადებენ, ძეგლი, რომელიც ქუთაისში დაინგრა, მოსკოვში უნდა დავდგათო, მაგრამ მათ ჩვენ თვალწინ დადგეს უკვე ძეგლი საქართველოში. ეს ძეგლია განადგურებული ქართული სოფლები, დახოცილი ქართველები, გადამწვარი პურის ყანები და ტყეები. ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს საქართველოში მეხუთე კოლონის ფორმირება და ბედნიერი ვარ იმით, რომ ვერ მოახერხეს მასშტაბური გაერთიანების შექმნა.