"მიშა საქართველოს ჩრდილო კორეად გადაქცევას ცდილობს" - კვირის პალიტრა

"მიშა საქართველოს ჩრდილო კორეად გადაქცევას ცდილობს"

"პრიორიტეტული რეიტინგული გადაცემის გაკეთება უნდა იყოს, თუ ქვეყანა და ხალხი?"

"სააკაშვილი რობერტო კავალის შეხვდა და არ შეხვდა რობერტ მიულერს?"

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისვლა ოთხი გზით იყო შესაძლებელი და თითო გზაზე 5 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული"

ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განვითარებული მოვლენებით დავიწყეთ საუბარი გია და ლევან გაჩეჩილაძეებთან, რომლებიც 6 მაისის აქციის ორგანიზატორები იყვნენ და ხელისუფლებას "ჯოჯოხეთს" ჰპირდებოდნენ:

გია გაჩეჩილაძე: - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ გარემო თავისუფალი უნდა იყოს როგორც ხელოვნებაში, ისე მედიასა და პოლიტიკაში.  ვისაც რა უნდა, ის დაწეროს, მაგრამ როდესაც ვიღაცის უკუღმართ ნაწერს განგებ ექცევა ყურადღება, ამით ნაბოდვარს აპიარებ. ამას არ სჯობს, ის ღირებული ნაწარმოები გააპიარო, რომელიც მაღაზიაში დევს და არ იყიდება?  მერე რა, რომ ილიას უნივერსიტეტში "საიდუმლო სირობის" პრეზენტაცია ჩატარდა. იქ ასი კაცი მივიდა და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, ხმაური რომ არ ატეხილიყო. ერთმა მხარემ თუ შეგნებულად გამოიწვია ხალხი, მეორე ამას აჰყვა და ცემა-ტყეპა გაჩაღდა.

2003 წლიდან დღემდე სახელისუფლებო პოლიტიკა ქართველი საზოგადოების გახლეჩასა და დანაწევრებას ემსახურება. ამიტომაც ბრძანა პატრიარქმა, ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებსო, ხედავთ, რომ საზოგადოების ყველა სფერო გაყოფილი და დაპირისპირებულია? რატომღაც ვერ გაგვიგია, რომ გაერთიანება სიყვარულშია.

როდესაც ქვეყანა ასე გაყოფილია, და ყველა დაპირისპირებულია, ხომ შეიძლება სატელევიზიო განხილვის თემად არ შეარჩიო ის, რაც მეტად დააპირისპირებს საზოგადოებას და ცეცხლზე ნავთს დაასხამს?! ჟურნალისტისთვის პრიორიტეტული რეიტინგული გადაცემის გაკეთება უნდა იყოს, თუ ქვეყანა და ხალხი? შესაძლოა, ლიბერალებისა და ფუნდამენტალისტების დაპირისპირება ვიღაცის დადგმულიც იყო. ვინც ყოველი ქართველის ჩახუტებას შეძლებს, ის არის ჩემთვის პატრიოტი და ქვეყნის მსახური.

სააკაშვილმა იცის, სკამი მორყეული რომ აქვს და უნდა სხვაგან გადაიტანოს ხალხის ყურადღება, სხვაგან გაჩნდეს დაპირისპირების ეპიცენტრი.

ლევან გაჩეჩილაძე: - ძალიან ცუდია, რაც "კავკასიის" ეთერში მოხდა. ძალადობა დაუშვებლად მიმაჩნია. ოპოზიციის ნაწილი იმიტომ იბრძვის და ქუჩაში იმისთვის დგას, რომ ძალადობა არ მოსწონს.

როდესაც იწერებოდა კანონი "რეკლამის შესახებ" საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სასწავლებლებსა და სკოლებში  აიკრძალა სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელების რეკლამა, როგორც ჯანმრთელობის დამაზიანებელი საშუალებებისა. ისეთი პროვოკაციების რეკლამირება, რასაც "საიდუმლო სირობა" წარმოადგენს, ასევე საკანონმდებლო აქტით უნდა აიკრძალოს უმაღლეს სასწავლებლებში, მათ მიმდებარე ტერიტორიებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რადგან ისიც დამაზიანებელია ჩვენი ახალგაზრდობის ფსიქიკისა და  გონებისათვის. არ შეიძლება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ბორდელის გახსნა.

მანამდე პროვოკატორების სამიზნე საქართველოს პატრიარქი იყო. პროვოკატორების ამ ჯგუფმა, ბოროტმოქმედთა ბანდამ, კარგად იცის საზოგადოების გამოწვევის ტექნოლოგია. ეს ბოლოდროინდელი პროვოკაციაც იმისათვის არის გამიზნული, რომ მთელ დასავლეთს მიაწვდინონ ხმა, ხელისუფლება რომ წავიდეს, შესაძლოა, ძალაუფლება ხელში შავრაზმელმა ფანატიკოსებმა აიღონ. ჩვენ კი ცუდები ვართ, მაგრამ ჩვენზე ცუდები სხვები არიანო. ეს ამ ხელისუფლების დაცვის პროპაგანდისტული იარაღია.

როდესაც რეჟიმის გადაგდება მოახლოებულია, პროვოკაციების რიცხვი მატულობს.

- რის საფუძველზე ფიქრობთ, რომ ხელისუფლების წასვლა მოახლოვდა?

- ეს მკაფიოდ ჩანს ერთი მაგალითით - FBI-ის დირექტორი ჩამოვიდა და სააკაშვილი კოსტა-რიკაში წავიდა. რას ნიშნავს, რომ წასვლამდე სააკაშვილი რობერტო კავალის შეხვდა და არ შეხვდა რობერტ მიულერს? ეს ხომ იმას მოასწავებს, რომ სააკაშვილი ყველასაგან იგნორირებულია. ყველამ გაიგო, რომ ამ კაცს შიზოფრენია სჭირს და ადეკვატური არ არის.

ასეთ ვითარებაში უნდა შეიკრან ის პოლიტიკოსები, რომელთაც არსებული რეჟიმის შეცვლა და ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ და არა არჩევნებზე მეორე ან მესამე ადგილის მოპოვება.

- მაგრამ პოლიტიკოსები სწორედ შეკვრას და გაერთიანებას ვერ ახერხებთ. ეს ცხადყო 6-მა მაისმაც.

- სააკაშვილის რეჟიმი პოლიტიკური და  საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაქსაქსულობაზე დგას. რატომღაც ყველას თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია, ყველას პირველობა უნდა, ყველა ვიწროპარტიულ ინტერესს არის გამოკიდებული და, რაც მთავარია, არიან ოპოზიციონერი ლიდერები, რომელთაც ოპოზიციაში ყოფნა სამსახურად გაიხადეს და არ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, რადგან პასუხისმგებლობის აღება არ სურთ. არიან ოპოზიციის ლიდერები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა ურჩევნიათ ლევან გაჩეჩილაძის გაპრეზიდენტებას.

- ვის გულისხმობთ?

-  მათ სახელებს ჯერჯერობით არ ვამბობ, მოვა დრო და მათ გვარებს, იმას, რაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლაში დავინახე, წიგნში დავწერ, რომლის სათაური უკვე მოფიქრებული მაქვს "საქართველო უპირველეს ყოვლისა". ეს წიგნი ყველას დაანახებს, რომ საქართველოში ისევ მეორდება 1918-1937 წლის მოვლენები.

- პოლიტიკური ბრძოლა უხალხოდ წარმოუდგენელია და, ალბათ, აღიარებთ, რომ გიორგობის დღეს აქციაზე ხალხი არ მოვიდა. არ გიფიქრიათ, რა მოხდა?

- არ  მოვიდა იმიტომ, რომ პოლიტიკოსები არიან დაქსაქსული. ხალხი 3 ნაწილად არის გაყოფილი. უდიდესი ნაწილი დაბნეულია, მეორე ნაწილი არჩევნებისთვის ემზადება, მესამე ნაწილი კი ბოიკოტს უჭერს მხარს. ხალხის სიმცირე იმითაც იყო გამოწვეული, რომ გიორგობას ხალხის უმეტესობა ტაძრებში იყო. და კიდევ, საზოგადოების ნაწილი შეშინებულია. ამბობენ, როდემდე უნდა ვიაროთ აქციებზე, როდემდე უნდა გვცემონო. საქართველოს მტერი რომ შემოესეოდა და ჩვენი ჯარი დამარცხდებოდა, მტრის მეორე შემოსევისას, რაკი უკვე წავაგეთო, აღარ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები?

ჯერ კიდევ შარშან თბილისი ოპოზიციური იყო, სააკაშვილს კლანჭებიდან გამოვგლიჯეთ და ახლა ნახავთ, 31 მაისს ზოგიერთი ოპოზიციური პარტია იმით იქნება კმაყოფილი, რომ მეორე ადგილზე გავა.

თუ ოპოზიცია ორგანიზებული იქნება, შექმნის მძლავრ გაერთიანებას და ხალხს გამარჯვების რეცეპტს დაანახებს, იმდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში, რამდენიც სააკაშვილის რეჟიმის დამთავრებას ეყოფა.

6 მაისს ხელისუფლება ძალიან შეშინებული იყო. ეს იმაში გამოვლინდა, რომ ნაცვლად გასასვლელის ჩაკეტვისა, პოლიცია შეტევაზე გადმოვიდა. სააკაშვილი აღლუმზე რომ სიტყვით გამოსულიყო, 20 ათასი კაცის მობილიზება გახდა საჭირო და ეს არ არის ჯოჯოხეთი? ასეთი აღლუმები უკვე ჩრდილო კორეაშიც აღარ ტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისვლა ოთხი გზით იყო შესაძლებელი და თითო გზაზე 5 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული. ეს დიქტატურის ტიპური ნიმუშია. ერთი ამდენი კი ცოცხალი კედელივით იდგა სააკაშვილის წინ. ეს ხელისუფლება იტყვის, რომ ჯოჯოხეთში არ არის?

მაშინ, როდესაც ყველა სახელმწიფოს ჯარი მოსკოვში 9 მაისს ერთად ატარებს აღლუმს, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო დამთავრდა. სააკაშვილი კი საქართველოს ჩრდილო კორეად გადაქცევას ცდილობს. ეს რეჟიმი მალე დასრულდება, მთავარია, ეს რაც შეიძლება მშვიდობიანად მოხდეს.