ჩვენი უდარდელობის ბრალია ყველაფერი! - კვირის პალიტრა

ჩვენი უდარდელობის ბრალია ყველაფერი!

ხელისუფლებამ ვერ მოიშალა სიმბოლოებთან თამაში და "ვარდების რევოლუციის" გარიჟრაჟზე მოზღვავებულ იდეებს დღესაც ჯიუტად ახორციელებს. 2003 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, სადაც კი გადატრიალება, სისხლის ღვრა და ვიღაცის გადაყენების აღსანიშნავი ტაშ-ფანდური დაიგეგმა, ყველაფერი გიორგობას და ქვეყნის სხვა გამორჩეულ თარიღებს "მიაბეს", თითქოს სხვა დღეები არ არსებობდეს კალენდარში(?!).

საეკლესიო დღესასწაულების დროს ერი და ბერი ლოცვად უნდა იდგეს ტაძარში და არა - აღლუმებს იბარებდეს და იარაღს აჟღარუნებდეს, ხალხი სინანულში უნდა იყოს და არა ერთმანეთის სიძულვილში, აღსარება-ზიარების მადლს უნდა იღებდეს და არა - თავში ხელკეტებს(!).   ნორმალურ ქვეყანაში ვის რა უნდა ჰქონდეს იმ პოლიციის საწინააღმდეგო, რომელიც საკუთარი ხალხის დასაცავად არის მოწოდებული. თუნდაც 9 აპრილი გაიხსენეთ: ხალხის მხარდასაჭერად გადადგმულმა ქართული მილიციის ერთმა ნაბიჯმა როგორ შეცვალა მისდამი დამოკიდებულება, როგორ ეფერებოდა ნებისმიერი გამვლელი მილიციელებს, როგორი ურთიერთსიყვარული იყო.

რატომ არ მოუვიდა აზრად ქვეყნის მაშინდელ მესაჭეს, ზვიად გამსახურდიას, 9 აპრილი პოლიციის დღედ გამოეცხადებინა? იმიტომ, რომ თუკი მართლა გინდა ხალხის სიყვარული დაიმსახურო, შენი დღე შენვე უნდა მოიპოვო და დაიმკვიდრო ხალხისადმი თავდადებით(!), თორემ სანამ ფარზე ხელკეტს გამომწვევად აბრახუნებ და გიორგობა დღეს ხალხს რეზინის ტყვიებით თვალისჩინს აკარგვინებ და ეს დQღე საპოლიციოდ გინდა გამოაცხადო, არ გაგივა! ამ ხალხს ჯერ მთლად არ დაუკარგავს თვალისჩინი... ესეც არ იყოს, ქართული ტრადიცია ხომ გახსოვთ, - 365 წმინდა გიორგის სალოცავი შეგეწიოთო...

ეს, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეპყრა წმინდა თარიღებს. ახლა იმაზეც ვთქვათ, მაინცდამაინც რაც ხალხს აღიზიანებს, იმას რომ ატენი ცხვირში დაჟინებით(?!). ამ ბავშვურმა ჟინიანობამ და “მე ვარ და ჩემი ნაბადის” ძახილმა გახლიჩა და დაათითოკაცა საქართველო. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება ისეთივე დაჟინებით შეეცადოს ერის გამთლიანებას, როგორც ზოგიერთ უაზრო პრინციპს აწვება, იქნებ მართლა გამოჩენილიყო საშველი.

არა, ეს არ გამოსდით და სამწუხაროდ, ვერც ამის მცდელობას ვხედავთ. პირიქით - ვისაც არ ეზარება, ყველა საქართველოს ამოგდებას ცდილობს. პარადოქსია, თუ ასე უყვართ ჩვენი დედა-ეკლესია და წმინდა გიორგის იმდენად გულწრფელად ეთაყვანებიან, რომ მისი ხსენების დღესასწაულზე საკუთარ პროფესიულ წარმატებებს აღნიშნავენ, მაშინ როგორ ხდება, რომ პარალელურად ტვინგაუკუღმართებული ნაძირალები ენით აუწერელი საზიზღრობით ბილწავენ წმიდათა წმიდას, რასაც კი ქრისტეს აქეთ ეთაყვანება ქართველი კაცი(?!). თუ წმინდა გიორგის მხედრები არიან, როგორ ითმენენ ამ მკრეხელობას იმ სახელმწიფო დაწესებულების კედლებიდან, რომელსაც ცინიზმის უკანასკნელი გამოვლინებით მაინცდამაინც ილია ჭავჭავაძის სახელი ჰქვია(?!).

მათთვის ვერ იცლიან - დემოკრატიააო, ადამიანის უფლებების დაცვაო, ვისაც რა უნდა, თქვას და რა აზრიც მოუვა, გამოხატოსო...

ხომ მაგარი დემოკრატიაა ისრაელში და ხომ არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა? აბა, ერთი სცადოს ვინმემ და მათ რწმენას თუნდაც ერთი გადაბრუნებული სიტყვა შეჰკადროს, რა დღეში ჩააგდებს ხალხი და თავად ისრაელის პოლიცია(!). თავად ვარ შემსწრე ამ საკითხში მათი საოცარი ერთსულოვნებისა. პოლიცია ზუსტად იქ უნდა იდგეს, სადაც ერის ჭეშმარიტი ფასეულობებია დასაცავი, თორემ თავზე ხელს კი არ უნდა უსვამდეს ერის სიწმინდეების მაგინებლებს. რა, ქართულ პოლიციაში არ არიან მართლმადიდებელი ბიჭები, ამ ქვეყნის სისხლხორცეული ნაწილი და ეკლესიის შვილები? მაშ რატომ ხდება, რომ ასე გაიჯეჯილეს ჩვენში ეკლესიის მაგინებლებმა? მამაცხონებულო, ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია და მათი უფლებები რომ ირღვევა, იმას არ უყურებ? ჩვენ რომ სიწმინდეებს გვიგინებენ, სულიერ საუნჯეებს გვითახსირებენ, ეს დემოკრატიაა და ვიღაც სულწაბილწულს, "უფალო, შეგვიწყალე" და საკუთარ დედასთან გაუკუღმართებულ ურთიერთობას რომ ქადაგებს, როდესაც პასუხს გასცემ, ეს - კრიმინალი(?!). არ გიკვირთ, ქართველებო, ამის შემდეგ მიწა რომ არ გვისკდება?!

ჩვენი უდარდელობის ბრალია ყველაფერი! არადა, ჩვენს დღეში მყოფ ქვეყნის შვილებს არ გვმართებს უდარდელობა. გახსოვთ, პირველად რომ შეურაცხყვეს ქართვლის დედა, როგორ გავატარეთ ყურთა შუა? ვეღარ გაბედავენ მეტსო... ჯერ სადა ხართ, კიდევ უარესს გაბედავენ, სანამ ეცოდინებათ, რომ საზეპურო ერად წოდებული ქართველობა საარჩევნოდ მიგდებულ მათხოვრულ დაპირებას წყალობად აღიქვამს და ამ ქვეყანაში სიწმინდეების და ეკლესიის ლანძღვა დემოკრატიის საფარქვეშ იქნება შემალული(!). ვიდრე გამოვიღვიძებთ, კიდევ ბევრჯერ ჩამოგვექცევა თავზე ჩვენი სულიერება, როგორც ამას წინათ ჩვენს სათაყვანებელ ოშკის ტაძარს გავეტირეთ.

P.S. ერთმა ე.წ. მწერალმა (რომელმაც თავის დროზე ასევე მკრეხელური "შედევრი"”გამოაქვეყნა) განაცხადა ამას წინათ, როდესაც  ღვთისმგმობელი წიგნის (მოგვიტევოს უფალმა, თუ მაინც გვიწევს წიგნის მკრეხელური სათაურის გამეორება) "საიდუმლო სირობის" პრეზენტაცია გაიმართა: - ქართველები თალიბები არ ვართ და ასეთ მარაზმს, როდესაც თავისუფალ სიტყვას ებრძვიან, ბოლო უნდა მოეღოსო(?!). ამ სიტყვებს რაღა კომენტარი უნდა, გარდა იმისა, რომ მართლა ცოდოა საქართველო, როდესაც რუსთაველის სამშობლოში მწერლებად ასეთი "მოღვაწეები" იწოდებიან.

თალიბანის შთამომავლად რომ მონათლავ ქართველ კაცს, რომელმაც "ვეფხი და მოყმე" დაწერა, სადაც შვილმკვდარი დედა შვილის მკვლელის დედაზეც წუხს და სამძიმარს უცხადებს, სადაც მიტევება და სტუმართმოყვარეობა სიწმინდის რანგშია აყვანილი, მაშინ არც ამ ქვეყნის ისტორია გცოდნია და არც ქართველად ვარგებულხარ...

სინდისი საუკეთესო ჭკუის სასწავლებელი წიგნია, ამიტომ ხშირად უნდა ჩავიხედოთ მასში

ბლეზ პასკალი

www.kvirispalitra.ge

გამოთქვით თქვენი მოსაზრება, როგორი ფორმით უნდა გამოეხატა საზოგადოებას თავისი დამოკიდებულება დეისაძის სკანდალური წიგნის მიმართ. ასევე მოგვწერეთ, მიგაჩნიათ თუ არა მართებულ გადაწყვეტილებად 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება.