"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გვითხრა, რაც მინდა, იმას გიზამთო" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გვითხრა, რაც მინდა, იმას გიზამთო"

"აღლუმის 6 მაისს დანიშვნა ხალხის გამოწვევა იყო"

"ჩაატარონ კვლევა და დარწმუნდებიან, ენდობა თუ არა კუდ-სა და სოდ-ს ხალხი"

"სააკაშვილი ორ ვეშაპზე დგას. პირველია პოლიცია და სასამართლო, მეორე - მართული სახელმწიფო ტელევიზიები"

ოპოზიციამ პროვოკაციად და ხალხის გამოწვევად მიიღო პოლიციის დღედ 6 მაისის გამოცხადება. ამის გამო აღშფოთებულმა საზოგადოებამ პროტესტის გამოხატვა შს სამინისტროს შენობასთან სცადა, მაგრამ გზა სპეცრაზმმა გადაუღობა. მომხდარის შეფასება ყოფილ სახალხო დამცველს, "ალიანსი საქართველოსათვის" თანათავმჯდომარე სოზარ სუბარს ვთხოვეთ:

- 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის მოწყობილი პროვოკაციაა. ოღონდ იმის გამო კი არა, რომ ეს დღე გიორგობას დაამთხვიეს, არამედ იმის გამო,  რაც შარშან მოხდა, როდესაც პოლიციამ ხალხი დაარბია. მანამდე კი, სამი ახალგაზრდა დააკავეს და ღირსება შეულახეს, პოლიციამ მათ სირცხვილის დერეფანი მოუწყო და ისე ურტყამდნენ. ამის გამო მივიდა განრისხებული ხალხი პოლიციის სამმართველოსთან.

მეც იქ ვიყავი, როდესაც ხალხს რეზინის ტყვიები დაუშინეს, უშვერი სიტყვებით აგინებდნენ და აფურთხებდნენ. მაშინ გამოჩნდა, რამდენად პოლიტიზებულია პოლიცია, რომელიც "მიშა, მიშას" გაიძახოდა. იმ დღეს ორმა კაცმა მხედველობა დაკარგა. პოლიციის დღე შარშანდელი დარბევის წლისთავს რომ დაამთხვიეს, ეს არის სწორედ ხალხის აბუჩად აგდება.

ის, რომ გიორგობა საერო დღესასწაულსაც დაემთხვეს, მკრეხელობად ან რელიგიურ დარღვევად არ მიმაჩნია, მაგრამ  რადგან  წმინდა გიორგი მეომარია, უპრიანი იქნებოდა, 6 მაისს არმიის დღე ყოფილიყო  და არა - პოლიციის.

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გვითხრა, რაც მინდა, იმას გიზამთო. ეს არის სწორედ პოლიტიზებულობის უტყუარი დასტური. დასტური იმისა, რომ პოლიციას პოლიტიკური მოტივით იყენებენ.

- პრეზიდენტმა პოლიციის 80%-იან რეიტინგზე ილაპარაკა.

- სიცრუეა. მაღალი რეიტინგი საპატრულო პოლიციას აქვს. ჩაატარონ კვლევა და დარწმუნდებიან, ენდობა თუ არა კუდ-სა და სოდ-ს ხალხი, მოსწონს თუ არა მათი მუშაობა. ეს ტიპური ენ-კა-ვე-დე და გესტაპოა. ორივე უწყება პოლიტიკური პოლიციის კლასიკური ნიმუშია. ჩაატარონ კვლევა, რა რეიტინგი აქვთ დათა ახალაიასა და ერეკლე კოდუას და მერე ილაპარაკონ პოლიციის რეიტინგზე.

მიშა სააკაშვილი და ეს ხელისუფლება მოწინააღმდეგეს სწორედ ხალხში ხედავს. რატომ არის, რომ 6 მაისი აჭარის გათავისუფლების დღედ გამოცხადდა? სინამდვილეში ხელისუფლება იმას ზეიმობს, რომ ამ დღეს ასლან აბაშიძე გაიქცა.  დააკვირდით პრეზიდენტს, რომელიც სულ ბათუმშია და ბათუმზე ლაპარაკობს. რადგან ერთადერთი გამარჯვება, რაც ამ კაცმა მოიპოვა, ბათუმს უკავშირდება. მან 2004 წელს არჩევნები მოიგო, მაგრამ მერე პირწმინდად წააგო თბილისში და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. სააკაშვილმა ომიც წააგო, გავიხსენოთ, შერცხვენილი როგორ ფორთხავდა ტალახში. ამის მერე  კი ის ისევ პრეზიდენტია.

სააკაშვილი ორ ვეშაპზე დგას. პირველია პოლიცია და სასამართლო, რომლებიც დამორჩილებული ჰყავს და მეორე, - მართული სახელმწიფო ტელევიზიები. ამ ორი რამით ინარჩუნებს ძალაუფლებას, სხვა აღარაფერი შერჩა. ყველამ დაინახა, რომ მიღწევებზე გამუდმებული ლაპარაკი საპნის ბუშტი ყოფილა. ამ ხელისუფლებას ასეთი მართვის სტილი აქვს: სანამ ხელისუფლებაში ვარ, რაც მინდა, იმას გავაკეთებ და არავის არაფერს ვკითხავო. უკან დახევა არათუ არ იციან, არც შეუძლიათ, რადგან საამისო რესურსი ამოწურული აქვთ. იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ ოდნავ უკან დახევა მათთვის ხელისუფლების რღვევის ტოლფასი იქნება. ძალაუფლებას ერთხანს ასე, ძალადობით შეინარჩუნებენ, მერე კი კოლოსივით ჩამოიშლებიან. ეს ხელისუფლება ხავერდოვნად, არჩევნების წაგებით ვერ წავა. ერთ დღეში ჩამოიშლება და ყველა მთავარი დამნაშავე გასამართლდება. ამას ისე ვხედავ, როგორც დღევანდელ დღეს.

- როდესაც გიგი უგულავა არ მივიდა აღლუმზე, ეს შიდასახელისუფლებო განხეთქილების ილუსტრაციად მოინათლა.

- განხეთქილება ცხადია, არის. პრესა მერაბიშვილისა და ოქრუაშვილის დაპირისპირებაზე რომ წერდა,  ხელისუფლება უარყოფდა. შიგნით, ვინც ახლოს ვიყავით, ვიცოდით, რომ მათ ბოლო პერიოდში კი არა, 2003 წლის შემოდგომიდანვე ეზიზღებოდათ ერთმანეთი, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, ერთად ეკეთებინათ ავი საქმეები.

- ისიც აღსანიშნავია, რომ 6 მაისს ხალხი მასობრივად არ გამოვიდა.

- 6 მაისს რა უნდა მომხდარიყო? შარშან, 26 მაისს, ხალხი იმიტომ მოვიდა აქციაზე, რომ იცოდა, ამ დღეს რაღაც მოხდებოდა. შესაძლოა,  მოლოდინი არარეალური იყო, მაგრამ ხალხი მაინც მივიდა იქ. მაშინ სახალხო დამცველი ვიყავი, როგორც მანიფესტანტი აქციაში არ ვმონაწილეობდი. ვიჯექი მეორე იარუსზე და ვაკვირდებოდი, რაც ხდებოდა. აქციის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ხალხში უკმაყოფილება დაიწყო, რატომ არაფერი  ხდება, ტყუილად რატომ დაგვიძახესო. როდესაც გამოცხადდა, სამების ეკლესიაში წავიდეთო, ხალხს სახე წაეშალა.

ამავე ფიქრმა გამოიყვანა ხალხი ქუჩაში 2007 წლის ნოემბერში, 13 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ის, რომ 6 მაისს ხალხი არ გამოვიდა,  არაფერს ნიშნავს. როგორც კი დაინახავენ, რომ რაღაცის ცვლილების შანსი გაჩნდა, აუცილებლად გამოვლენ.