"მურუსიძის საძმაკაცო სასამართლოში უკვე უვადოდ გვეყოლება" - კვირის პალიტრა

"მურუსიძის საძმაკაცო სასამართლოში უკვე უვადოდ გვეყოლება"

"სასამართლო სისტემას კლანური ჯგუფი მართავს - კლანის სათავეში კი ლევან მურუსიძეა"

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ოთხი მოსამართლე უვადოდ დანიშნა, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა არიან, რომლებთანაც არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ოპოზიციურ სპექტრს კითხვები მრავლად დაუგროვდა. როგორც უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აღნიშნავს, უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უვადო მოსამართლეების რიცხვს მალე იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეც შეუერთდება:

- წლებია, იუსტიციის საბჭოსგან გამჭვირვალობას ვითხოვთ - როგორ მიმდინარეობს დანიშვნის პროცედურა, რა კრიტერიუმებით ამწესებენ კანდიდატებს მოსამართლეებად და ა.შ. თუმცა მონიტორინგის თუნდაც მინიმალურ დონეზე განხორციელებას ვერ მივაღწიეთ. არადა, გულწრფელად გვსურს, სასამართლო ხელისუფლების მიმართ სანდოობის ხარისხი ამაღლდეს, თუმცა ვხედავთ, რომ ისედაც გაცამტვერებულ იმიჯს სასამართლო თავად ანადგურებს. იუსტიციის საბჭოს ბოლო გადაწყვეტილება კი, რომლის შედეგადაც ჩინჩალაძე და სიჭინავა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეებად დაინიშნენ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება და უკვე ღია გზავნილს წარმოადგენს, რომ სასამართლო სისტემას კლანური ჯგუფი მართავს - კლანის სათავეში კი ლევან მურუსიძეა. მოგეხსენებათ, უახლოეს მომავალში სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ ღიად განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებისგან მიღებული დაკვეთა შეასრულა, სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდება. "ნაცმოძრაობის" მმართველობისას, მურუსიძესთან ერთად, კლანის მთავარ ფიგურად ითვლებოდა ჩინჩალაძეც, რომელმაც გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ, უვადო თანამდებობა მიიღო...

- თუმცა იუსტიციის საბჭომ უარი უთხრა ისეთ კანდიდატურებსაც, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლად მიიჩნევდნენ, მაგალითად, მოქმედ პროკურორ რევაზ ნადოის.

- რევაზ ნადოის მსგავსი ფიგურები სასამართლოში ვერაფერს წყვეტენ და ვერც საქმის პირნათლად შესრულებას ახერხებენ. ამ მხრივ კი ჩინჩალაძე და სიჭინავა იდეალური კანდიდატურები არიან. როდესაც იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვე, დავინტერესდი, იქნებ მართლაც კვალიფიციური მოსამართლეა ჩინჩალაძე და შესაძლოა, სწორედ პროფესიული ნიშნით იხელმძღვანელეს. აღმოჩნდა, რომ ჩინჩალაძეს (რომელიც 2007 წლის 23 მაისიდან უზენაესი სასამართლოს წევრია და მიმდინარე თვეს მოსამართლეობის ათწლიანი ვადა ეწურებოდა) სულ განხილული აქვს: 2014 წელს - ორი კერძო საჩივარი, 2015 წელს - ერთი კერძო საჩივარი, 2017 წელს 17 საკასაციო საჩივარი, ერთი კერძო საჩივარი და ორი განსჯადობის საქმე. "ნაცმოძრაობის" დროს ჩინჩალაძე სასამართლო პროცესებს ერიდებოდა და სხვა მოსამართლეებს ხელისუფლების დირექტივებს ღიად აძლევდა. ასეთი საქმის მომგვარებელი სჭირდება დღესაც ხელისუფლებას. ამ ჯგუფს მალე მურუსიძეც შეუერთდება - არ უნდა ველოდოთ სასამართლო სისტემაში მეტ სამართლიანობას. ფაქტია, თავის დროზე, სწორედ ამ ადამიანებისთვის უვადო მოსამართლის სტატუსის მინიჭების გამო ითხოვდნენ იუსტიციის საბჭოს წევრები უვადო მოსამართლის პრაქტიკას...

მგონია, რომ ნინო გვენეტაძე პროცესებზე გავლენის მოხდენას საერთოდ ვერ ახერხებს. კლანიც შემთხვევით არ მიხსენებია - მურუსიძის საძმაკაცო, არაკვალიფიციური და დანაშაულებრივი განაჩენების გამომტანი მოსამართლეების დაჯგუფება, სასამართლოში უკვე უვადოდ გვეყოლება.

რუსუდან შელია