როგორ "შემოიპარა" ლუჟკოვი - კვირის პალიტრა

როგორ "შემოიპარა" ლუჟკოვი

"საქართველოს შს სამინისტროს განცხადებას, რომ მოსკოვის ყოფილი მერი შავ სიაში იქნება შეყვანილი, ლუჟკოვი რუსეთიდან გამოეხმაურა და საქართველოში სტუმრობა ხელმეორედ სექტემბერში დააანონსა"

ლუჟკოვმა გადამწვარი ქართული სოფლის - თამარაშენის ტერიტორიაზე მოსკოვის ბიუჯეტიდან, ცხინვალის ახალი მიკრორაიონის მშენებლობა დააფინანსა, რომელსაც "მოსკოვსკი" უწოდა...

"აფხაზეთი და ცხინვალი აღარასოდეს იქნებიან საქართველოს შემადგენლობაში" - ამ ფრაზის ავტორია მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი. მან მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან ერთად საქართველოს საზღვარი გადმოლახა და რამდენიმე დღის განმავლობაში ქრისტიანული სიწმინდეები მოილოცა. ამ ფრაზის გამო საქართველოში შემოსვლას ვერავის აუკრძალავ, თუმცა კანონი ვერც იმის გამო ამუშავდა, რომ მან რამდენჯერმე დაარღვია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" - ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის ოფიციალური პირებიდან, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაზე"ჯერ კიდევ 2004 წლიდან საუბრობდა. ამასთან, ხშირად ჩადიოდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კი, ლუჟკოვმა ცხინვალის რეგიონში, სადაც ქართველი მოსახლეობის ეთნოწმენდა განხორციელდა, გადამწვარი ქართული სოფლის - თამარაშენის ტერიტორიაზე, მოსკოვის ბიუჯეტიდან, ცხინვალის ახალი მიკრორაიონის მშენებლობა დააფინანსა, რომელსაც "მოსკოვსკი" უწოდა...

რაც შეეხება ლუჟკოვის რამდენიმედღიან ვოიაჟს საქართველოში, როგორც შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხანდაზმულობა გასულია:

"იური ლუჟკოვი ქვეყანაში ტურისტულ ჯგუფთან ერთად მიკროავტობუსით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ"სადახლოს"გავლით, სომხეთის მხრიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთის მომენტისთვის მის პასპორტში არ აღინიშნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ყოფნის მონაცემი. ასევე, შესაბამის ბაზაში, რომელიც "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის" ამოქმედების შემდეგ იწარმოება, მის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული არ ყოფილა. შესაბამისად, მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორმა იგი დაუბრკოლებლად გამოატარა საზღვარზე... აღსანიშნავია ისიც, რომ ლუჟკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონის დარღვევით ყოფნის დამადასტურებელი, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი ბოლოჯერ ყოფნის თარიღად 2010 წელს მიუთითებს. ამასთან, ცნობის გავრცელების მომენტისთვის, 2010 წელს, ლუჟკოვის მიერ კანონის დარღვევის გამო გამოძიება არ დაწყებულა. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადად დადგენილია 6-წლიანი პერიოდი. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამო შსს მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება".

შალვა ხუციშვილის განმარტებითვე, მოსკოვის ყოფილი მერი სპეციალურ სიაში იქნება შეყვანილი და საქართველოში ვეღარ შემოვა. თუმცა შს სამინისტროს განცხადებას ლუჟკოვი ამჯერად უკვე რუსეთიდან გამოეხმაურა და საქართველოში სტუმრობა ხელმეორედ სექტემბერში დააანონსა. არსებობს თუ არა ქვეყანაში ე.წ. შავი სია და რა შემთხვევაში იყენებს მას სახელმწიფო, დააკავებენ თუ არა ლუჟკოვს, თუ ის საქართველოში ჩამოსვლას ისევ დააპირებს, ამ საკითხების გასარკვევად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს დავუკავშირდით:

- სამართლებრივად ე.წ. შავი სია არ არსებობს, თუმცა უნდა ვიმსჯელოთ, რომ მსგავსი სია თუნდაც არაოფიციალურად არსებობდეს. სამწუხაროდ, მოცემულობაა ასეთი - ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და კონკრეტული ადამიანები შესაძლოა სეპარატისტულ ხელისუფლებებთან კავშირში იყვნენ, ამიტომ ქვეყნის პოზიციების დაცვა პრინციპული საკითხი უნდა იყოს - ასეთი ადამიანები ჩვენთვის "პერსონა ნონ გრატა" უნდა გახდნენ.

- მაშინ გაუგებარია, როგორ მოხვდა ლუჟკოვი საქართველოში და თუ ეს მხოლოდ მესაზღვრის ხარვეზი იყო, რატომ მოიწყო მან რამდენიმედღიანი ვოიაჟი ხელშეუხებლად?

- შსს კანონის სრული დაცვით მოქმედებს... მესაზღვრემაც კანონის ფარგლებში იმოქმედა, თუმცა პოლიტიკურად მისი საქართველოში ვიზიტი მიუღებელია, თანაც თავხედური განცხადებებით მმართველ გუნდს დარტყმა მოგვაყენა. მის ვიზიტს მივიღებთ, როგორც გაკვეთილს, რომ მომავალში არ შემოვუშვათ პირები, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე კითხვები უჩნდებათ...

- თუ ლუჟკოვი სექტემბერში ისევ დააპირებს ჩამოსვლას, აღარ შემოუშვებთ?

- დარწმუნებული ვარ, შს სამინისტრო კანონმდებლობის სრული დაცვით, პრინციპულად იმოქმედებს...

რუსუდან შელია