„მაშველი რგოლები“ აზარტის უფსკრულში დანთქმულთათვის - კვირის პალიტრა

„მაშველი რგოლები“ აზარტის უფსკრულში დანთქმულთათვის

2016 წლის თებერვლიდან "პალიტრამედიის" ყველა მედიასაშუალებამ უარი თქვა ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების რეკლამირებაზე და შესაბამისად, საკმაოდ სოლიდურ შემოსავალზე

ბოლო რამდენიმე წელია, ხშირად ვწერდი საქართველოში ონლაინაზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემებზე. არასამთავრობო ორგანიზაციების გათვლებით, ჩვენს ქვეყანაში 14-დან 35-წლამდე დაახლოებით 400 ათასი მოქალაქე თამაშობს. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, როგორც წესი, მძიმე ფინანსური და ფსიქოლოგიური პრობლემები მოაქვს. მოთამაშეებს არაერთხელ უცდიათ თვითმკვლელობაც.

სწორედ ამიტომ თქვა უარი "პალიტრამედიამ" თავის ყველა მედიასაშუალებაში ასეთი ბიზნესის რეკლამირებაზე და სოციალური კამპანია "არ ითამაშო, იცხოვრე!" დაიწყო. ჩვენი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოდ, თამაშზე დამოკიდებულთა მდგომარეობით შეწუხებულ მოქალაქეთა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო და სახელმწიფომ დაიწყო მუშაობა რეგულაციებზე, რომლებიც, კანონად ქცევის შემთხვევაში, ამ მავნე სენისგან ბევრ ადამიანს იხსნის.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს დახურულ სხდომაზე გააცნო პროექტი, სადაც მოყვანილია ის ცვლილებები, რომლებიც კანონმდებლების მხარდაჭერის შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესს დაუწესდება. "კვირის პალიტრამ" სწორედ ეს პროექტი მოიპოვა. როგორც ირკვევა, დღეს სათამაშო ბიზნესის ოპერატორად რეგისტრირებულია 138 ორგანიზაცია და 2016 წელს მათმა ერთობლივმა შემოსავალმა 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამ წელს სათამაშო ბიზნესმა სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში გადასახადების სახით 4 მილიარდი ლარიდან მხოლოდ 109 მილიონი გადაიხადა. ამ შემთხვევაში, ალბათ, ზედმეტია ლაპარაკი, რის ხარჯზე მდიდრდება აზარტული თამაშების ბიზნესი. მათი შემოსავლები წლიდან წლამდე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ისევე როგორც თამაშზე დამოკიდებულთა რიცხვი.

ჩვენ არაერთხელ ვწერდით, რომ ონლაინაზარტულ თამაშებში ჩართვა არასრულწლოვნებისთვისაც ხელმისაწვდომია. კანონი ფორმალურად კრძალავს 18 წლამდე ასაკის პირების აზარტულ თამაშებში ჩართვას, მაგრამ ონლაინსივრცეში მოზარდებს სხვისი პირადობის მოწმობით ახლაც შეუძლიათ რეგისტრირება და თამაში.

საკანონმდებლო ცვლილებების იმ პროექტში პირველად ჩნდება დამოკიდებულ პირთა სიის ცნება. პროექტის თანახმად, ამ სიას შემოსავლების სამსახური აწარმოებს. სიაში პირის მონაცემების შეტანა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების ან თავად ამ პირის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს კი მიმართავს თამაშდამოკიდებული პირის ოჯახის წევრი ან მასთან მუდმივად მცხოვრები ქმედუნარიანი და სრულწლოვანი პირი. დამოკიდებულ პირთა სიაში პირს ერთი წლით შეიყვანენ.

აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორებს აეკრძალებათ "დამოკიდებულ პირთა სიაში" შეტანილი პირის თამაშზე დაშვება, მათ შორის, ონლაინაზარტულ თამაშებზეც.

გარდა ამისა, ონლაინაზარტულ თამაშებში მონაწილეობის მსურველ პირებს შემოსავლების სამსახურში მოთამაშედ დარეგისტრირება მოუწევთ. რეგისტრაცია იქნება ელექტრონულად, რა დროსაც მოხდება პირის იდენტიფიცირება, ან მისი პერსონალურად გამოცხადების შემთხვევაში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ონლაინკაზინოები ვალდებული იქნებიან, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან თამაშში მონაწილეობა მიაღებინონ მხოლოდ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ მოთამაშეს. მოთამაშეთა პერსონალური ინტერნეტანგარიშები (დეპოზიტები) ძალაში იქნება 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იზრდება მოთამაშეთა ასაკობრივი შეზღუდვის ზღვარი - იკრძალება 21 წლამდე საქართველოს მოქალაქის სათამაშო დაწესებულებებში შეშვება ან მონაწილეობისთვის დაშვება. ეს გახდება დასჯადი, ისევე როგორც დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი მოქალაქის დაშვება თამაშში, აკრძალული იქნება იმ მოქალაქის დაშვებაც, რომელიც არ იქნება რეგისტრირებული მოთამაშედ შემოსავლების სამსახურის მიერ. გარდა ამისა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართულ თამაშში მოგებული თანხის გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოთამაშის პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით და სალაროდან თანხის გატანა აიკრძალება, ეს კი შეზღუდავს არასრულწლოვანთა თამაშში მონაწილეობას

და გამოიწვევს ელექტრონული თამაშებისგან მიღებული მოგების გასაცემი სალაროების გაუქმებას როგორც ობიექტზე, ისე მის გარეთ.

"რეკლამაც უნდა შეიზღუდოს!"

ლევან გოგიჩაიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: "ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები საინტერესოა, მაგრამ, ვფიქრობ, არ არის საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად. ერთია ამ ბიზნესის ეფექტიანად ადმინისტრირება და მეტი სარგებელი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, მაგრამ, იმავდროულად, გასათვალისწინებელია სოციალური პრობლემა და დასათვლელია, რა ზიანი ადგება ამ ბიზნესით საზოგადოებას, როგორია ამ ყველაფრის ეკონომიკური შედეგი. ამიტომაც შევქმენით პარლამენტში ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებს შეისწავლის.არ გვინდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დეკორაციული იქნება და რეალურად ვერაფერს შეცვლის. ვითარება უნდა შეიცვალოს სამი მიმართულებით: უპირველესად უნდა დაიხუროს წვდომა საერთაშორისო სერვერებზე, რადგან 150-200 მილიონ დოლარზე მეტი გადის ქვეყნიდან წელიწადში ისე, რომ საქართველოში ერთი თეთრითაც არ იბეგრება. ეს ქვეყნის ეკონომიკასაც აზარალებს და გარდა ამისა, ეს სრულიად უკონტროლო ფულია.

100%-ით უნდა შეიზღუდოს განსაზღვრულ ასაკამდე აზარტულ თამაშებზე წვდომა. ასაკობრივი შეზღუდვა, შესაძლოა, გავრცელდეს 21, 22 ან 23 წლამდე პირებზე.

მესამე და მთავარი - ონლაინთამაშთან დაკავშირებული ქაოსური, აბსოლუტურად უკონტროლო კანონმდებლობა უნდა მოწესრიგდეს. აგრეთვე, ამ ბიზნესის შეუზღუდავი რეკლამირება სხვადასხვა მედიასაშუალების გამოყენებით, მათ შორის, ცხადია, ინტერნეტსივრცეში. უნდა იყოს უწყება, რომელიც წარმართავს პოლიტიკას ამ მიმართულებით, აღრიცხავს სტატისტიკას და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. მთავარია, განვსაზღვროთ ხედვა, როგორ ვუყურებთ ამ ბიზნესს - ტურისტული თვალსაზრისით თუ შიდა მოხმარებისთვის? ჩვენ გვჭირდება ზუსტი ანალიზი და საზოგადოების ინფორმირებულობა. აქამდე ზოგადი განცხადებები კეთდებოდა, მაგრამ პარლამენტის წევრები ვხედავთ, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება".