"ლუჟკოვი საქართველოში მაღალი თანამდებობის პირის მოწვევით თუ არა, თანხმობით ნამდვილად ჩამოვიდა" - კვირის პალიტრა

"ლუჟკოვი საქართველოში მაღალი თანამდებობის პირის მოწვევით თუ არა, თანხმობით ნამდვილად ჩამოვიდა"

"ლუჟკოვი თავზე ხელაღებული "ხულიგანი" არ არის, რომ ეფიქრა, აქ ჩამოსულს რაიმე საშიშროება დაემუქრებოდა და მაინც ასეთ პროვოკაციაზე წასულიყო"

"ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან ღია პოლიტიკა. ჩვენ ვამბობთ იმას, რაც სათქმელია ყოველთვის პირდაპირ. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიციები იგივე რუსეთთან მიმართებაში, ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის - ეს ბევრჯერ დავაფიქსირეთ და ძალიან მოწონებით და სიხარულით ვხვდებით იმას, რომ საქართველო ტურისტებისთვის, მათ შორის რუსი ტურისტებისთვის, მიმზიდველი ადგილია. მათ არც ერთ ეტაპზე არანაირი პრობლემა საქართველოში მოგზაურობის კუთხით არ ექმნებათ, მაგრამ როცა ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, ბუნებრივია, საქართველო, როგორც დამოკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ამ კანონის დარღვევას არც ერთ შემთხვევაში არ შეეგუება. სხვა კომენტარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. ჩვენ მომავალშიც დავიცავთ საქართველოს კანონმდებლობას და ღია ვიქნებით ყველასთვის, ვინც საქართველოში ჩამოდის ტურისტული ღირსშესანიშნაობების სანახავად", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ მოსკოვის ექსმერ იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზტზე საუბრისას.

შეგახსენებთ, ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვუს შავ სიაში შეყვანის შესახებ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისი განაგრძობს პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის მოსკოვთან მიმართებაში გაჯანსაღების პროცესს. რუსეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ზედმიწევნით შეაფასონ რისკები, რაც საქართველოში გამგზავრებასთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება იმას რა გზით "შემოიპარა" ლუჟკოვი საქართველოში, როგორც შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს:

"იური ლუჟკოვი ქვეყანაში ტურისტულ ჯგუფთან ერთად მიკროავტობუსით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ"სადახლოს"გავლით, სომხეთის მხრიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთის მომენტისთვის მის პასპორტში არ აღინიშნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ყოფნის მონაცემი. ასევე, შესაბამის ბაზაში, რომელიც "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის" ამოქმედების შემდეგ იწარმოება, მის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული არ ყოფილა".

"აფხაზეთი და ცხინვალი აღარასოდეს იქნებიან საქართველოს შემადგენლობაში" - ამ ფრაზის ავტორია მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი. მან მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან ერთად საქართველოს საზღვარი გადმოლახა და რამდენიმე დღის განმავლობაში ქრისტიანული სიწმინდეები მოილოცა. ამ ფრაზის გამო საქართველოში შემოსვლას ვერავის აუკრძალავ, თუმცა კანონი ვერც იმის გამო ამუშავდა, რომ მან რამდენჯერმე დაარღვია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" - ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის ოფიციალური პირებიდან, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაზე"ჯერ კიდევ 2004 წლიდან საუბრობდა. (იხილეთ სრულად)

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:

- ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ დღემდე უცნობია მისი მომწვევი და მასპინძელი. ლუჟკოვი თავზე ხელაღებული "ხულიგანი" არ არის, რომ ეფიქრა, აქ ჩამოსულს რაიმე საშიშროება დაემუქრებოდა და მაინც ასეთ პროვოკაციაზე წასულიყო.

დარწმუნებული ვარ, მას ხელშეუხებლობა გარანტირებული ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს დაგეგმილი იყო ისე, რომ საზოგადოების უკმაყოფილება გამოხატულიყო პოსტფაქტუმ, ანუ მისი საქართველოდან წასვლის შემდგომ. ყველაზე გასაბრაზებელია ის განცხადებები, რომ თურმე საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა არ იცოდნენ, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყო ნამყოფი და აქ ჩამოსვლისას კანონს არღვევდა. ამგვარი განცხადებები მთლიანად აფარჩაკებს იმ უწყებებს, რომლებიც ვალდებული არიან, დაიცვან კანონი. ამით აჩვენებენ, რომ აზრზე არ არიან, რა ხდება საქართველოში. საბოლოოდ ყველაფერი მიგვანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ლუჟკოვი საქართველოში მაღალი თანამდებობის პირის მოწვევით თუ არა, თანხმობით ნამდვილად ჩამოვიდა.