ღმერთის სახელით - კვირის პალიტრა

ღმერთის სახელით

ასე იყო წარსულში და ასე გრძელდება ახლაც, განსაკუთრებით მუსლიმანურ სამყაროში. ისლამისტი ტერორისტები ხალხს სწორედ ალაჰის სახელით აფეთქებენ. საინტერესოა, რა ვნებაა ძალადობა ღვთის სახელით. რა ვნებაა, ადამიანები ჭეშმარიტ გზაზე ძალით მოაქციო? ნუთუ სამოთხეში მოსახვედრად საკმარისი არ არის, იყო ღვთისმოშიში, იცხოვრო კეთილსინდისიერად და დაიცვა ის წესები, რომელთაც შენი სარწმუნოება გიწესებს? ნუთუ სამოთხეში მოსახვედრად აუცილებელია, "ჭეშმარიტება" ცეცხლითა და მახვილით გაავრცელო? ამას არც ერთი სარწმუნოება არ ასწავლის. მაშინ რაშია საქმე? რატომ ძალადობენ ყველა ეპოქაში ადამიანები ღვთის სახელით? რატომ ფიქრობენ, რომ სულაც არ არის საკმარისი, იყვნენ ჭეშმარიტი მორწმუნეები და აუცილებელია სხვისი სულების "გადარჩენაზე" აგრესიული ზრუნვა? - მიჭირს პასუხის გაცემა. ეს, ალბათ, უფრო ფართო და კვალიფიციური კვლევის საგანია. ერთადერთი პასუხი, რაც თავში მომდის, არის არა სამოთხეში მოხვედრის სურვილი (ეს სხვა, გაცილებით ჰუმანური  გზითაცაა შესაძლებელი), არამედ თავის დამკვიდრების ვნება.

ისინი ამ გზით არა იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, არამედ სწორედ ამქვეყნიურ ბედნიერებაზე ზრუნავენ. მათთვის პრიორიტეტი არა სულის ცხონება, არამედ ხორცის ზეობაა, სხვასთან შედარებით შენი უპირატესობის დამტკიცება, ძალაუფლების მოპოვება, სხვებზე ბატონობა. თუ შენ ხარ ის, ვინც მათ ჭეშმარიტ გზას აჩვენებს, ესე იგი ისინი სწორედ შენ უნდა დაგემორჩილონ, შენ უნდა გამოგყვნენ. ამ გზით გამორჩეული ხდები და თუ ღმერთმა არაფრით გამოგარჩია, ღვთის სახელის გამოყენებით ხომ გამოირჩევი.

ახლა ვნახოთ, რა ამოძრავებს იმათ, ვინც ღმერთს საჯაროდ გმობს. მათი მიზანიც იდენტურია. ესეც თავის დამკვიდრების უმოკლესი გზაა, ყურადღების მიქცევის საშუალება. ისინი უკვე ღმერთზე ძალადობენ და ასე ცდილობენ, იყვნენ გამორჩეული. თუმც, ვინ მიაქცევდა ღმერთზე მოძალადეებს ყურადღებას, რომ არ იყვნენ ღვთის სახელით მოძალადეები? არც არავინ. ჰოდა, რა გამოდის? ის, რომ მათ ერთმანეთი სჭირდებათ. რა აზრი ექნებოდა "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" არსებობას, რომ არ იყოს ერეკლე დეისაძე ("საიდუმლო სირობის" ავტორი) და რა აზრი ექნებოდა ერეკლე დეისაძის არსებობას, რომ არ იყოს "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა"? ვინ მიაქცევდა მის წიგნს ყურადღებას? ალბათ, მის არსებობას მე და თქვენ ვერც გავიგებდით და იმ წრეს არც გასცდებოდა, ვინც მის პრეზენტაციას ილიას უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში ესწრებოდა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მათ ბრძოლას ვუყუროთ და დავიმახსოვროთ დეისაძის თუ შალვა აფხაიძის ("სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი) სახელები. მათზე ვილაპარაკოთ, ვწეროთ და ვიმსჯელოთ. არადა, რით დაიმსახურეს ყურადღება? მხოლოდ იმით, რომ ძალადობენ:  ერთნი ღვთის სახელით, მეორენი - ღმერთზე.

ლიბერალიზმი თუ ფსევდოლიბერალიზმი

ბოლო დროს ლიბერალობა კიდევ ერთხელ გახდა განსჯისა და ბრალდებების საგანი. კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი უძველესი თემაა. ყველას გახსოვთ, ალბათ, გრიგოლ ორბელიანის "პასუხი შვილთა"ს" თავდაპირველი ვარიანტი: "კოღო-ბუზები, ლიბერალები, ცრუ პოეტები, პატრიოტები, აკაკიები, ბაკაკიები..." ან კიდევ; "ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალი"...

ამ ლექსის ადრესატები სხვებთან ერთად აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძე იყვნენ. სწორედ ლიბერალობას საყვედურობდა მათ უპირველესად  გრიგოლ ორბელიანი. როგორც ჩანს, "ლიბერალი" სალანძღავ სიტყვად ჩვენში ძველთაგანვე იქცა. ასევე ძველი ტრადიციაა უღმერთობის წამოძახება. აბა, გავიხსენოთ, რას საყვედურობს ახალ თაობას ორბელიანი: "ჰსწავლად მისულნი, წაჰხდნენ ზნეობით!.. / უსასოება, / ურწმუნოება, / უმანკოთ გულში ღრმად ჩაუნერგეს; / ლოცვა რათ გვინდა? / ღმერთი რათ გვინდა? / ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი! / და დაიწყევლა / თქვენი აქ მოსვლა, / და თქვენი სიბრძნის ნაყოფი შხამი! / ღმერთი არ არის?.. / შენთვის ნუ არის! / შენ რა გაწუხებს, რომ ჰსუფევს სხვისთვის?" - ნაცნობი სურათი ხომ არ არის? ლიბერალებს ჩვენში დღესაც უპირველესად სწორედ უღმერთობას საყვედურობენ! აბა, ახლა ილიას პასუხიც გავიხსენოთ: "ჩვენი ქვეყანა, / მკვდარი თქვენგანა, / თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია, / ლიბერალობა, / პატრიოტობა / სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია; / თქვენგან ჩაგრული, / დაბრმავებული, / ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია."

იმედია, არ იფიქრეთ, რომ მალხაზ გულაშვილს გრიგოლ ორბელიანს ვადარებ და გიგი თევზაძესა და სხვა ახალი თაობის ლიბერალებს კი ილია ჭავჭავაძეს (ისე, ილიას სახელობის უნივერსიტეტის რექტორი კია). როგორ გეკადრებათ! ეს ამბები მხოლოდ იმის საჩვენებლად გავიხსენე, რომ სიტუაცია  XIX  საუკუნის შემდეგ დიდად არ შეცვლილა. წინ ვერ წავედით. ლიბერალობა XXI  საუკუნეშიც ბევრს სალანძღავი სიტყვა ჰგონია. არადა, ავიწყდებათ, რომ ლიბერალობაში "ბრალდებული" ილია ჭავჭავაძე ქართველმა ხალხმა ერის მამად გამოაცხადა და ქართულმა ეკლესიამ კი წმინდანად შერაცხა. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ლიბერალობაში თავისთავად ცუდი, საძრახისი და საშიში არაფერია.

გუბაზ სანიკიძემ თქვა, ლიბერალიზმი ქრისტიანობის წიაღში იშვაო. ჩვენ გიგი თევზაძესა და  კომპანიას ლიბერალობა კი არ უნდა ვუსაყვედუროთ, არამედ ფსევდოლიბერალობა, ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობა. როდესაც ისინი ლიბერალიზმის სახელით რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს იცავენ, რატომღაც ავიწყდებათ პრესის თავისუფლების შეზღუდვის, საკუთრების უფლებისა და ბევრი სხვა უფლების დარღვევის გაპროტესტება. ავიწყდებათ მხოლოდ იმიტომ, რომ საჭიროზე მეტად არიან ხელისუფლებასთან დაახლოებული. აი, ეს არის ქართველი ლიბერალების ერთი ნაწილის მთავარი პრობლემა და არა თავისთავად ლიბერალობა.

ვანუატუ

ვანუატუ სახელმწიფოა წყნარ ოკეანეში, მაგრამ ეს სახელი, ვფიქრობ, უფრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუხდებოდა. რატომ, ალბათ, ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ჰოდა, 6 მაისს დიდი დღე იყო ჩვენს ვანუატუში. ეროვნული ზეიმი ჰქონდათ. აღლუმს იბარებდა ვანუატუს პრეზიდენტი, რომელიც შეთავსებით საქართველოს პრეზიდენტიცაა და მისი "ნამესტნიკი" ვანუატუში - ვანო მერაბიშვილი. ვანუატუს პრეზიდენტი ჰყვებოდა, როგორ იყო მათ მოსვლამდე ყველაფერი ცუდად და როგორ გაგრძელდა ყველაფერი კარგად მათი მოსვლის შემდეგ. მათ მოსვლამდე ამ სახელმწიფოს ვანუატუც კი არ ერქვა და სულს ღაფავდა, კორუფციაში იძირებოდა, თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. შემდეგ ვანუატუში რეფორმები გატარდა და ქვეყნის საქმე აშკარად უკეთ წავიდა. ძნელია, ამაში ვანუატუს დიდმოხელეებს შეედავო, რეფორმა მართლაც გაატარეს და უწყება უწყებას დაამსგავსეს.

ახალმა ხელისუფლებამ მოახერხა და კორუმპირებული "გაი" არაკორუმპირებული საპატრულო პოლიციით შეცვალა; მოახერხა და გაქსუებული პოლიციის უფროსები, რომლებსაც ერთი საზრუნავი ჰქონდათ მხოლოდ, როგორმე ჯიბე და ღიპი გაესქელებინათ, უღიპო და არამექრთამე უფროსებით შეეცვალა. თუმცა ნაწილი სიმახინჯეებისა, რომელიც რევოლუციამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა, არ აღმოფხვრა. მაგალითად, ნარკოტიკისა და იარაღის ჩადებით ადამიანების გაფუჭების მანკიერი ჩვევა; არ აღმოფხვრა პოლიტიკურ ოპონენტებზე პოლიციის ანგარიშსწორების იარაღად გამოყენების ტრადიცია, ანუ არ მოახდინა პოლიციის დეპოლიტიზება.

მოკლედ, რაც ხელს აძლევდა, მხოლოდ ის შეცვალა, რაც არა - არა. ამიტომ ვიტყვი: ისევე როგორც ნახევარი სიმართლე სიმართლე არაა, ასევე ნახევრად გატარებული რეფორმა რეფორმა ვერ იქნება. ჰოდა, ვიდრე ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველა მანკიერება არ აღმოიფხვრება, არამედ მხოლოდ ის გამოსწორდება, რაც ვანო მერაბიშვილს მიაჩნია გამოსასწორებლად, მანამდე ის ვანუატუ იქნება.