დიპლომატიური სკანდალი - "ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტის პრინციპი, ამას ერთი პასუხი აქვს - პერსონა ნონ გრატად გამოცხადება" - კვირის პალიტრა

დიპლომატიური სკანდალი - "ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტის პრინციპი, ამას ერთი პასუხი აქვს - პერსონა ნონ გრატად გამოცხადება"

დიპლომატიური სკანდალი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ჰერბერტ ზალბერთან დაკავშირებით გრძელდება. საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელისგან შესაბამის ნაბიჯებს ითხოვს. შეგახსენებთ, ბატონი ზალბერი, ორი დღის წინ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ არჩევნების შედეგები და მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობის დაწყება", - მიმართა ზალბერმა ბიბილოვს.

ამ ფაქტს საქართველოში მწვავე კრიტიკა და შეფასება მოჰყვა. ოპოზიცია ზალბერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვს,  ასევე ბოდიშის მოხდასა და უკან გაწვევასაც. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ევროკავშირის მხრიდან შესაბამის პასუხს ელოდება.

დავით დონდუა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე:

"ის, რაც დღეს მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ მიუღებელი და გაუგებარია. ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. ჩვენ კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება ბრიუსელის მხრიდან."

იანოშ ჰერმანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი:

"ევროპის კავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. რასაც ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი."

ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი:

"ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ე.წ. არჩევნებთან და მის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. განცხადებები, რომელიც გავრცელდა მედიით, რა თქმა უნდა, ამ პოზიციასთან შესაბამისობაში არ მოდის, თუმცა, გარწმუნებთ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს უშუალოდ ევროკავშირის პოზიციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები გაჩნდეს."

გრიგოლ ვაშაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ამ ადამიანმა ერთი ფრაზით გერმანიისა და ბრიუსელის პოზიციების დამახინჯება მოახერხა, რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს შეეხება. ასევე, ზიანი მიაყენა იმ პოზიციას, რომელსაც ჟენევის თანათავმჯდომარეები უნდა იკავებდნენ ამ მოლაპარაკებებზე. ეს აღმაშფოთებელი ფაქტი იმ 5-წლიანი მავნებლური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. ისინი ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაცია მიჩქმალონ და რაღაც გაურკვეველი აბაშიძე-კარასინის ფორმატით ჩაანაცვლონ... კატეგორიულად მოვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან - არაა საკმარისი მხოლოდ განცხადებები, უნდა მიაღწიონ იმას, რომ ბრიუსელმა შესაბამისი განცხადება გააკეთოს, ზალბერმა კი თავისი უკიდურესად უმეცარი განცხადების დეზავიურება მოახდინოს."

სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი:

"ასეთ შემთხვევაში მორჩილად არ უნდა დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან რამე მობოდიშებას, არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა. დიპლომატიას თავისი მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა. მას ერთი პასუხი აქვს - პერსონა ნონ გრატად გამოცხადება. ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და ყველასთვის გაფრთხილება."

მამუკა არეშიძე, კავკასიოლოგი:

"მეც ვფიქრობ რომ პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს. აქ შესაფასებელი არაფერია, მან დაარღვია ყველა ის ნორმა, რომლითაც ჩვენ აქამდე ვსარგებლობდით და ვსარგებლობთ. აქედან გამომდინარე, ამას ძალიან მკაცრი რეაქცია უნდა მოჰყვეს. ამ ადამიანმა ან ბოდიში უნდა მოიხადოს და თავისი სიტყვები უკან წაიღოს, ან მისი აქ ყოფნის საკითხი უნდა დადგეს მწვავედ ევროკავშირის წინაშე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უფრო დიპლომატიურად მოქმედებს, თუ ბოდიში არ მოიხადა, აქ რომ არ გააჩერებენ ფაქტია, მაგრამ ჩვენ უფრო კატეგორიულები შეგვიძლია ვიყოთ და ვთქვათ, რომ ამ ადამიანის ადგილი აქ არის და ვერავითარი კონფლიქტის მოგვარებაში, თუნდაც სიტუაციის შეფასებაში ის უკვე ვეღარ ივარგებს. როგორც ჩანს, ადგილობრივ რეალობებს ის ვერ ხედავს და გრძნობს. თვითონ ევროკავშირის, მისი გამომგზავნი ორგანიზაციის წინააღმდეგ მიდის, აქედან გამომდინარე, მისი ადგილი აქ არ არის.

იხილეთ ასევე: "ევროკავშირი სრულად და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს" - რას აცხადებენ მოგერინის ოფისში ზალბერთნ დაკავშირებულ სკანდალზე

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)