"დრო მოვა, თბილისს და კიევს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას აქეთ სთხოვენ" - კვირის პალიტრა

"დრო მოვა, თბილისს და კიევს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას აქეთ სთხოვენ"

შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას უკრაინელები 11 ივნისიდან შეძლებენ. რას მოუტანს უკრაინას უვიზო მიმოსვლა და როგორ აპირებს ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა, გაუმკლავდეს მის წინაშე მდგარ უამრავ გამოწვევას, პირველ რიგში კი რუსეთს, ამ საკითხზე უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ვოლოდიმირ ოგრიზკოს ვესაუბრეთ.

- რა მოლოდინი აქვს უკრაინელ ხალხს?

- ყველა ბედნიერია - 4 საუკუნეზე მეტია, ეს კარი ხელოვნურად იყო ჩვენთვის ჩაკეტილი. მომავალს სწორედ ევროპაში, ევროპულ ოჯახში ვხედავთ.

- რა გავლენა ექნება უვიზო რეჟიმს უკრაინაზე? საუბარია დიდ ქვეყანაზე დიდი პრობლემებით - ხომ არ ელოდებით მასობრივ იმიგრაციას?

- არა მგონია, უვიზო რეჟიმმა განსაკუთრებული პრობლემა შეგვიქმნას ან ჩვენ, ან ევროპელებს. ვისაც არალეგალურად სურდა ევროპაში წასვლა, ან იქ მუშაობა, უკვე წასულები არიან. უვიზო მიმოსვლა უკრაინელებს საშუალებას მისცემს, ახლოდან გაეცნონ ევროპას, გაიაზრონ, თუ რა არის ის, რა ღირებულებებზე დგას, როგორ მუშაობს დემოკრატიული საზოგადოება. ეს ყველაფერი კი ქვეყნის შიგნით ცვლილებებსა და რეფორმებს დააჩქარებს. შეიძლება ევროპაში ყველგან გაშლილი ხელებით არ გველოდნენ, მაგრამ ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული - როგორ მოვიქცევით...

- როგორ შეხვდებიან ამას რუსეთში? საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მეშკოვმა უკვე განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმი უკრაინისთვის თოკზე გამობმული სტაფილოა...

- ტრადიციული, რუსული რეაქცია - უახლოეს პერიოდში პროპაგანდის ახალი ტალღა დაგვატყდება თავს. გვეტყვიან, რომ აქ ახალი არაფერია, რომ ეს არაფერზე არ მოახდენს გავლენას და ამდაგვარი სიბრიყვეები, მაგრამ საუკეთესო პასუხი იქნება არა მათი აყოლა, არამედ წარმატებული უკრაინისა და წარმატებული საქართველოსთვის მუხლჩაუხრელი შრომა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში, ასე ვთქვათ, იწინასწარმეტყველეთ, რომ 20 წელიწადში უკრაინა სუპერსახელმწიფო გახდებოდა. ვციტირებ - "22 წელიწადში, უკრაინა ჩრდილოატლანტიკური სივრცის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება. შეიქმნება ხაზი, რომელიც დააკავშირებს პარიზს, ბერლინს, ვარშავასა და კიევს, ეს იქნება ევროპის ახალი ხერხემალი". როგორია ამ გადმოსახედიდან საქართველოს მომავალი?

- თუ ერთად ვიდგებით, მომავალიც საერთო იქნება. დრო მოვა, თბილისს და კიევს აქეთ სთხოვენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას.

- და რა დანიშნულება ექნება საქართველოს? რითი მიიზიდავს ის ევროპას?

- საქართველო უკვე საკმაოდ მიმზიდველია - თქვენ გამუდმებით წინ მიდიხართ და პროგრესი გაქვთ. ვფიქრობ, საქართველო გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა შავი ზღვის აუზში, რომელიც ნატოსა და ევროპისათვის უსაფრთხოების კუთხით უმნიშვნელოვანეს სივრცეს წარმოადგენს.

თუ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვაც ნატოსი გახდება და რუსეთის პლაცდარმის ნაცვლად, იქცევა ტერიტორიად, სადაც იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადი განვითარება.

- და მაინც, რუსეთის ფაქტორი... ახლახან განაცხადეთ, რომ ა ღმოსავლეთიდან ყოველ ავიადარტყმას უკრაინამ უნდა უპასუხოს. გჯერათ, რომ უკრაინას შეუძლია ეს ომი მოიგოს?

- ამ ომს ყოველდღიურად რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ეწირება. ასე გაგრძელება არ შეიძლება! რუსეთსა და რუს საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ პუტინის რეჟიმს მომავალი არა აქვს, რომ დემოკრატია უკეთესია, ვიდრე ავტოკრატია. ამასთან, უნდა გავძლიერდეთ სამხედრო თვალსაზრისით. პუტინის გენერლები უნდა დარწმუნდნენ, რომ თუ თავიანთ აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებენ, ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევთ, ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური ან სამხედრო კატასტროფაც კი. უნდა გვქონდეს ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება - მხოლოდ ეს გადაგვარჩენს.

- ცოტა ხნის წინ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა...

- უზომოდ მადლიერი ვართ თითოეული იმ ქართველისა, ვინც რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში გვეხმარება. უნდა გავიაზროთ, რომ უკრაინელები და ქართველები ერთ ნავში ვზივართ. თუ ჩვენ ჩავიძირებით, არა მგონია, თქვენ გადარჩეთ და პირიქით - თუ უკრაინა გადარჩება და წარმატებული იქნება, საქართველოსაც ეს ბედი ელის. ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა.

ვაჟა თავბერიძე