"ზალბერმა, ფაქტობრივად,­ ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს"
22-05-2017
"ზალბერმა, ფაქტობრივად,­ ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს"
ზალბერი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, რაც ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია. როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებსაც აღიარებს

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომ­ადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში­ ჰერბერტ ზალბერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისე დატოვა, რომ ცხინვალის რეგიონში გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში არ მოუხდია - მისგან ვერც კონკრეტული განმარტება მოვისმინეთ, რატომ იმყოფებოდა ორი დღის განმავლობაში სოხუმში, მანამდე კი ცხინვალში, სადაც ოკუპირებული სამხრეთ
ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი­ ბიბილოვს­ აღნიშნული პოსტის დაკავება მიულოცა. საგ­არეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულმა­ ზალბერმა მხოლოდ ის განმარტა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქ­ა­რთ­ველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ამ პრინციპს იზიარებს.

ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრის დეტ­ალებზე მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით
დონდუამ ისაუბრა: "ზალბერი ევროკავშირის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების­ სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად დაბრ­უნდა სოხუმიდან და ცხინვალიდან. დეტალურად განვიხილეთ, რა ნახა რეგიონებში და ვისაუბრეთ ცხინვალში გამართულ შეხვედრებზე. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელ­ოვან ფორმატს ჩრდილი არ მიადგეს - მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოში მშვიდობის შესანარჩუნებლად. მოგეხსენებათ, ჟენ­ევის მოლაპარაკებები აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა­ და საქართველოსა და რუსეთს შორის ერთ­ადერთი ფორმალური­ ფორმატია, სადაც განიხილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები. აუცილებელია მოლაპარაკების ფარგლებში თანამშრომლობა გაგრ­ძელდეს ისევე აქტიურად, როგორც ახლა მიმდინარეობს. ზალბერთან შეხვედრისას შეშფოთება გამოვხატეთ და დეტალურად ავუხსენით მას, რა პოზიცია აქვს საქართველოს".

"ზალბერის მსგავსი განცხადება 2015 წელს უპასუხოდ დარჩა"


საქართველოს ხელისუფლების პასუხით უკმაყოფილოა ოპოზიცია და ზალბერის განცხადებასაც საგარეო საქმეთა სამინისტ­რ­ოს სუსტ პოლიტიკას უკავშირებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში მსგავსი ანტ­ი­­­­სახელმწიფოებრივი განცხადება ადრეც გაუხმოვანებია:

- 2015 წელს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი სოხუმში წარმომა­დგენლობის გახსნას აპირებდა. გაირკვა, რომ ინფორმაციის წყარო სწორედ სამხ­რეთ კავკასიაში ევროკავშირის­ საგანგებო­ წარმომადგენელი, ჰერბერტ ზა­ლბერი იყო. მეტიც, მან მაშინ განაცხადა: "ახლა ევროკავშირი არ არის იმ ვითარებაში, რომ აფხაზეთი აღიაროს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ზოგიერთი პრაქტიკული ნაბიჯისთვის".

2015 წელს ზალბერის ეს განცხადება­ ქართული მხარისგან უპასუხოდ დარჩა. სწორედ მსგავსმა იგნორირებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ზალბერი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, რაც ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია. როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს ნიშნავს,­ რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებსაც აღიარებს­. ბუნებრივია, ამ განცხადების ტირაჟირებას რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება, რაც პირდაპირ უშლის ხელს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქართული მხარე ზალბერთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლა. აღსანი­შნავია, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მანდატი არა მხოლოდ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაი­ჯანსაც ფარავს­ - ის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებებშიც არის ჩართული, რაც კონკრეტული სახელმწიფოების სუვერენულ ინტერესებს­ აზიანებს. რაც მთავარია, სანამ ზალბერი ოკუპირებული ტერიტორიებიდან თბილისს ეწვეოდა,­ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მას მაქსიმალური კომფორტი შეუქმნეს და მის განცხადებას უნებლიე რეპლიკა უწოდეს, რომ­ელსაც თურმე დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. თუ ხელისუფლება ეროვ­ნულ ინტერესებს არ იცავს, არც ზალბერი შეეცადა თავისი განცხადების დეზავუირ­ებას - ნებისმიერ დიპლომატს შეცდომის აღიარება კარიერულად საკმაოდ ძვირად უჯდება.

- მმართველი გუნდისგან მოვისმინეთ, რომ გადაწყვეტილება ბრიუსელმა უნდა მიიღოს - რამდენად მოსალოდნელია, ზალბერმა ჟენევის მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარის სტატუსი­ შეინარჩუნოს?

- საქართველოს ხელისუფლებას ინფ­ო­რმაციის გავრცელებისთანავე ზალბერის წინააღმდეგ დემარში უნდა დაეგეგმა როგორც ბრიუსელში, ისე ბერლინში და კატეგორიულად განეცხადებინა, რომ ქართული მხარე ვერ მიიღებს მას ჟენევის მოლაპარაკ­ების ფორმატში, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს. თანაც, ზალბერის მანდატი 15 ივნისს იწურება, რადგან მანდატის მინიჭების პროცედურა ყოველწლიურად­ ახლდება. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის ეს კარგი შანსი იყო, ზალბერის წინააღმდეგ ადეკვატური ზომები მიეღო და ის სხვა დიპლომატით ჩაენაცვლებინა. ფაქტია, ხელისუფლებას არ სურს საერთაშორისო დონეზე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დღის წესრიგში დაყენება, რადგან ქართული მხარისგან ზალბერის გაწვევის მოთხოვნა, ბრიუსელში საქართველოს საკითხს გაააქტიურებდა. სამწუხაროდ, დიდი ხანია ბრიუსელში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღარ ახსოვთ და არც ქვეყნის ანექსიის პროცესზე მსჯელობენ.

ძნელი წარმოსადგენია, ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს არაკომპეტენტურობასთან გვქონდეს საქმე, უბრალოდ, მათ არ სურთ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პრობლემებზე საუბრით რუსეთს დისკომფორტი შეუქმნან.

"ზალბერის დაუყოვნებლივ დისტანცირება უნდა მოხდეს"


ჰერბერტ ზალბერის ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში თანათავმჯდომარის სტატუსით დარჩენას მიუღებლად მიიჩნევს ექსპერტი ვალერიან გორგილაძეც:

- ზალბერი ევროკავშირის ერთ-ერთი­ ყველაზე გამოცდილი დიპლომატია და დარწმუნებული ვარ, კარგად იცოდა, რომ მის მილოცვას არა მხოლოდ საქართველოში, ბრიუსელშიც მასშტაბური დიპლომატ­იური სკანდალი მოჰყვებოდა. შესაძლოა, მას ბონუსების მიღება უნდოდა დე ფაქ­ტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ ასე უტიფრად მსგავსი მოლაპარაკებები არ ხდება. მან ფაქტობრივად,­ ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს.

- რამდენად ადეკვატურად იმოქმედა ქართ­ულმა მხარემ იმისთვის, რომ ზალბერმა­ ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში თანათავმჯდომარის სტატუსი ვეღარ შეინარჩუნოს?

- ნებისმიერ ფორმატში, რომელშიც­ საქართველოს პრობლემები იქნება განხილული, განსაკუთრებით კი ჟენევის მოლაპარაკებებში, ზალბერის დაუყოვნებლივ დისტანცირება უნდა მოხდეს. პირადად მე, ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს - მსგავსი მოლაპარაკებით ვერავინ აიძულებს რუსეთს­ ვერც დეოკუპაციას და ვერც დევნილების­ სახლში დაბრუნებას, თუმცა ფორმატი აუცილებლად შესანარჩუნებელია და თუ თუნდაც სულ მცირე ნაბიჯების გადადგმა გვინდა, ზალბერისნაირი დიპლომატებისგან თავი უნდა დავიზღვიოთ.

ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს, მით უმეტეს იმ საერთაშორისო წარმატების ფონზე, რასაც ბოლო პერიოდში ვადევნებთ თვალს - აშშ-ის ფედერალურ ბიუჯეტში ცალკე თავია დათმობილი არაღიარების პოლიტიკის მხარდასაჭერად როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. ეს ყოველგვარ პერსპექტივას უსპობს რუსეთს, ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწიოს. ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით მოგერინის განცხადებაც მწვავე იყო, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ოკუპირებულ ტერიტორიებში ჩატარებული "არჩევნების" არალეგიტიმურობა. ვფიქრობ, ზალბერთან დაკავშირებით ხისტი გადაწყვეტილება ახლა ისევ ბრიუსელში უნდა მიიღონ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით