"შეუძლებელია, შსს-ს ე. წ. შავი სია ჰქონდეს და იქ ლუჟკოვი არ იყოს"
22-05-2017
"შეუძლებელია, შსს-ს ე. წ. შავი სია ჰქონდეს და იქ ლუჟკოვი არ იყოს"
"დანაშაულის ფაქტის დადგენა სწორედ მასმედიით გავრცელებული ცნობებით უნდა ხდებოდეს"

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, მოსკოვის ყოფ­ილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტმა გამოავლინა, რომ შს სამინისტროს ე.წ. შავი სია არა აქვს და შესაძლოა, დოკუმენტების წესრიგში არსებობის მოტივით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფმა რუსეთის მოქმედმა თუ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ქვეყნის საზღვრის გადალახვა მომავალშიც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოახერხონ. სწორედ ამიტომ, როგორც თინა ხიდაშელი "კვირის პალიტრასთან" აღნიშნავს, თავად გადაწყვიტა, შს სამინისტროსთვის მიეწოდებინა იმ პირთა სია,
რომლებმაც "ოკუპაციის შესახებ" კანონი დაარღვიეს:

- ვიმედოვნებდი, რომ საქართველოში ლუჟკოვის ვიზიტს სამართლებრივი­ ღონ­ისძიებები მოჰყვებოდა, თუმცა ფაქ­ტია, უწყება უუნარო აღმოჩნდა, საქართველოს დეზინტეგრაციის მომხრე პოლიტიკოსის ვიზიტი და შეურაცხმყოფე­ლი განცხადებები თავიდან აეცილებინა.­ ამიტომაც გადავწყვიტე სიის შექმნა, რომელიც­ შსს-ს ბაზაში ისედაც უნდა ჰქონოდა. ხელისუფლებამ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა,­
როდესაც განგვიმარტა, რომ ლუჟკოვის დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რადგან მოსკოვის ყოფილ მერს თურმე დოკუმენტები წესრიგში ჰქონია. უწყებას მედიასთან წვდომა ხომ აქვს? კანონმდებლობაში კი ხაზგასმით წერია, თუ მედიაში სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულზე ინფორმაცია ვრცელდება, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ბატონი ლუჟკოვი, ან ნებისმი­ერი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე­ იმყოფებოდა­ და საქართველოს კონტროლი­რებად ნაწი­ლშიც ვოიაჟის სურვილი გაუჩნდა, ქვეყნის კანონმდებლობას მაშინ კი არ არღვევს­, როცა საქართველოში შემოდის, არამედ მაშინ, როცა დანაშაულის შესახებ ცნობილი­ ხდება.­ მედიის საშუალებით კი არაერთი­ კადრი გავრცელდა, როდის და რა ვითარ­ებ­აში იმყოფებოდა ლუჟკოვი სოხუმსა­ და ცხინვალში.


დიახ, საქმე ხანდაზმული მართლაც იყო, რადგან წინა ხელისუფლებაც არაფრად აგდებდა კანონმდებლობას, მაგრამ მოქმედმა ხელისუფლებამაც გააგრძელა­ ეს, როცა 2010 წელს ცხინვალის რეგიონში ლუჟკოვის ვიზიტის გამო საქმე არ აღძრა. ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას პასპორტი "სუფთა" ჰქონდა, ან თურმე მესაზღვრემ კანონდამრღვევი ვერ იცნო, არასერიოზულია. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ე. წ. შავი სია, სადაც ეჭვმიტანილებისა და ბრალდებულების სრული ჩამონათვალი უნდა იყოს მოცემული, ანუ იმ პირებისა, რომელთა დაკავების შესაძლებლობა შს სამინისტროს ჯერ არა აქვს, თუმცა კონკრეტულ ვითარებაში­ ამის შესაძლებლობა ეძლევა... ზურაბ ადეიშვილს ან მიხეილ სააკაშვილს რაც უნდა "სუფთა" პასპორტი ჰქონდეთ, საქართველოში მათ მხოლოდ მესაზღვრის გადაწყვეტილებით ხომ არ შემოუშვებენ?! მსგავსი სია კი სასაზღვრო დეპარტამენტს რეესტრიდან გადაეცემა.

- ფიქრობთ, შს სამინისტროს მსგავსი სია რეესტრიდან არა აქვს?

- შეუძლებელია, ე. წ. შავი სია ჰქონდეთ და იქ ლუჟკოვი არ იყოს. მეტიც,­ მხოლოდ ის კი არ გვითხრეს, სია არა გვაქვს და ბაზა გაუმართავიაო, კომისიას შევქმნით და გავარკვევთ, ლუჟკოვი საქართველოში შემოსაშვები იყო თუ არაო. ეს ცალსახად ადასტურებს, რომ სია კი არა, უწყებაში ერთი ფარატინა ფურცელიც კი არ დევს იმ პირების შესახებ, რომლებიც ქვეყნისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ.

ე. წ. რბილ ძალასთან მოდუნება დაუშვებელია, იმედია, შს მინისტრი ჩემს მიმართვას გაითვალისწინებს და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. შევახსენებ, რომ კანონი ირღვევა არა საქართველოს საზღვრის თბილისის აეროპორტში გადმოკვეთის დროს, არამედ საქართველოს საზღვრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოკვეთისას. დანაშაულის ფაქტის დადგენა სწორედ მასმედიით გავრცელებული ცნობებით უნდა ხდებოდეს.

უნდა აღიძრას საქმე და დაიწყოს წარმოება. პასპორტში ბეჭედი არაფერს ამტკიცებს­ ან უარყოფს. უკვე არსებ­ული ინფორმაცია, ადგილიდან გავრცელებული ფოტომასალა, ინტერვიუები სოხუმსა­ და ცხინვალში ადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს, შესაბამისად, განსაზღვრავს შს მინისტრის მოქმედებას.

"გაშავებული" რუსი მაღალჩინოსნები...


თინა ხიდაშელმა "კვირის პალიტრას" ე.წ. შავი სიის ნაწილი მიაწოდა

ბორის გრიზლოვი - რუსეთის ფედერაციის დუმის ყოფილი თავმჯდომარე
სერგეი ნარიშკინი - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
სერგეი შოიგუ - რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი
იგორ ზუბოვი - რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
რაშიდ ნურგალიევი - რუსეთის ფედერაციის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
იური ჩაიკა - რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი
ალექსანდრ ტოტონოვი - რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი
ყაზბეგ ტაისაევი - რუსეთის ფედერაციის დუმის წევრი
დენის პარფიონოვი - რუსეთის ფედერაციის დუმის წევრი
ლეონიდ კალაშნიკოვი - რუსეთის ფედერაციის დუმის წევრი
ვლადიმირ ჟირინოვსკი - რუსეთის ფედერაციის დუმის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე
ვიკტორ ოზეროვი - რუსეთის ფედერაციის დუმის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
ვლადისლავ სურკოვი - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე
იოსიფ კობზონი - რუსეთის ფედერაციის დუმის წევრი, მომღერალი, ბიზნესმენი
მარგარიტა სიმონიანი - ღუსსია თოდაყ-ს რედაქტორი, ჟურნალისტი
ოლგა პესკოვა - რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი
იური ტავროვსკი - რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის პროფესორი

"ხიდაშელს უნდა ესმოდეს, რომ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო"


ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე:­ -
წინა ხელისუფლებისგან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო - მართალია, "ნაციონალური მოძრაობა" ოკუპაციასთან დაკავშირებით გულზე მჯიღებს იცემდა და მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა, თუმცა, ოკუპაციის კანონის დარღვევის ყველა­ ფაქტი, რაზეც გამოძიება უნდა დაწყებულიყო, რეაგირების გარეშე დარჩა. წლების განმავლობაში გვესმოდა და კადრებსაც ვადევნებდით თვალს, როგორ კვეთდნენ საოკუპაციო ზოლს რუსი მაღალჩინოსნები, თუმცა ქართული მხარე სამართლებრივ ზომებს არ მიმართავდა. ე.წ. მინიშნებაც კი არ კეთდებოდა თუნდაც მესაზღვრეებისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი პირი საქართველოში არ შემოეშვათ. ლუჟკოვის შემთხვევაში ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, საქმესაც ხელახლა ვერ აღვძრავდით, რადგან საფუძველი არ არსებობდა, ამიტომაც რეალური პრობლემის წინაშე დავდექით. ახლა ვფიქრობთ, გადავხედოთ წარსულს და დავადგინოთ პირები, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და თუ ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, სისხლის სამართლის საქმეები აღვძრათ. ან მესაზღვრეს ჰქონდეს მინიშნება, რომ ასეთი პირები საზღვარზე არ შემოუშვას.

თინა ხიდაშელსაც უნდა ესმოდეს, რომ მძიმე მემკვიდრეობასთან გვიწევს გამკლავება. საქმის ხელახლა აღძვრა ან მესაზღვრეებისთვის მინიშნებები"არ ნიშნავს იმას, რომ ის რუსეთის რიგით მოქალაქეებზეც გავრცელდება - რუსი ტურისტებისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები