თავისუფლების მოედანზე 300-ზე მეტმა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო - კვირის პალიტრა

თავისუფლების მოედანზე 300-ზე მეტმა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო

თავისუფლების მოედანზე 300-ზე მეტმა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. სამხედროებმა ფიცი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წინაშე დადეს.

ფიცის დადებამდე სამხედროებმა და თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისებში დაღუპულთა ხსოვნას.

ფიცის დადების შემდეგ სამხედროებსა და შეკრებილ სტუმრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს.

გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი:

"ჩვენ მართლაც შევძელით ქართული სახელმწიფოს ჩამოყალბება, რომელიც ნამდვილად დამოუკიდებელია და თავის პოლიტიკას, თავის განვითარებას ერთადერთი სწორი წყაროთი, ხალხის ნებით და არა რაიმე სხვა მიზეზით განაპირობებს. მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ ჯერ კიდევ გასავლელია. თავისუფალი არის ქვეყანა, რომელიც ეფუძნება თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალია საზოგადოება, როდესაც მისი ყოველი წევრი არის თავისუფალი. თითოეული ინდივიდის თავისუფლება, თვითგამოხატვის უფლება, არის ფუნდამენტი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს შექმნის. მაგრამ საიდან იწყება თავისუფლება?! თავისუფლება ძნელად არის მოსაპოვებელი, იმიტომ რომ თავისუფლება, პირველ რიგში, შენი თანამოქალაქის, საქართველოს მოქალაქის უფლებების აღიარებაშია. არ არის ადამიანი თავისუფალი, რომელიც სხვა ადამიანის თავისუფლებას არ აღიარებს, ამიტომ იმათ, ვისაც თავისუფლება უმაღლეს ღირებულებად მიგაჩნიათ, ნუ იფიქრებთ იმის თაობაზე, დღეს ვის მოუგეთ ან ვისზე უფრო ძლიერები ხართ. იფიქრეთ იმაზე, დღეს ვის გაუგეთ და ვინ დაიცავით. ასე იქმნება მთლიანი ერი. ასე შეუქმნიათ ჩვენი ძლიერი საქართველო ჩვენს წინაპრებს. როგორც ქართული სიმღერის მრავალხმოვანება, თავის თავში აერთიანებს მრავალ სხვადასხვა ხმას, მაგრამ ერთ ჰარმონიას ქმნის, ისევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა უნდა ისმოდეს ერთიან ჰარმონიაში. ჩვენი ერის განვითარებისა და უზენაესი ღირებულება, მაშინ იქნება ყოველდღიურობაში განხორციელებული".

გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი:

"ჩვენ მსოფლიოს უდიდესი საგანძურის პატრონი ერი ვართ და, როგორც რუსთაველის შთამომავლები, ვალდებული ვართ, ვუერთგულოთ და ვიცხოვროთ იმ ღირებულებებით, რომელიც 850 წელს ითვლის. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ქართველი კაცის გაუტეხელობამ, ღირსებამ, სიმამაცემ, თავგანწირვამ და რაინდობამ სამშობლო შეგვინარჩუნა. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს.

დღევანდელ დღეს მინდა ქედი მოვიხარო სამშობლოსთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების წინაშე და პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას".