ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: "საქართველოს დაცვით გარკვეულწილად ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ" - კვირის პალიტრა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: "საქართველოს დაცვით გარკვეულწილად ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ"

დამოუკიდებლობის 26 წლის თავის აღნიშვნას სიმბოლურად დაემთხვა ის, რომ დღეს თბილისში დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო რიგით მე-5 არაწევრი ქვეყანაა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გიმართება. აქვე უნდა ითქვას, რომ ის ოთხი ქვეყანა, რომელმაც აქამდე უმასპინძლა ამგვარ ღონისძიებას უკვე ნატოს წევრია.

სესიის ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილია, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პრესკონფერენციები. პლენარული სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, ასამბლეის თბილისის სესიაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტენმიულერი და უკრაინის "ვერხოვნა რადას" თავმჯდომარე ანდრიი პარუბი.

პლენარული სხდომის დასასრულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ პრესკონფერენციაზე პირველი განცხადებებიც გააკეთა:

"ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან ბევრი სამუშაო გასწია, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოების, უშიშროების კუთხით, განსაკუთრებით ავღანეთში, საერთაშორისო მისიების კუთხით. მართლაც ძალიან დიდი წვლილია შეტანილი ქართველი ჯარისკაცების მხრიდან. ჩვენ უფრო მეტად და მეტად გვესმის, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის და ამ რეგიონის სტაბილურობას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ყველა ქვეყნისთვის. საქართველოს დაცვით და მხარდაჭერით, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, გარკვეულწილად ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ. სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქ ჩამოსვლა. როგორც წესი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიები არ იმართება ნატოს არაწევრ ქვეყნებში. ეს მხოლოდ მეხუთედ ხდება მთელი ისტორიის განმავლობაში, შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი საშუალება იმის სათქმელად და გამოსახატად, თუ რამდენად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას საქართველოს რეფორმირების გზაზე... ძალიან ბევრი რამ იცვლება, სამყაროში და იხსნება ახალი ჰორიზონტები, რომელიც მოიცავს და ეხება ირანს, ჩინეთს და სხვა. მაგრამ საქართველოს პოზიცია ამ გეოპოლიტიკურ გარემოში უფრო და უფრო მაღლდება და მნიშვნელოვანი ხდება. ასე, რომ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ თქვენს ევროპულ მისწრაფებას და ჩვენი აქ ყოფნა ამის კიდევ ერთი დემონსტრაციაა", - განაცხადა პაოლო ალიმ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა დევიდ ჰობსმა კი პარლამენტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იშვიათად ხდება, როდესაც არაწევრ ქვეყნებში იმართება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია:

"მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სესია საქართველოში იმართება. ეს არის ძალიან კარგი გზა და საშუალებაა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატოს თავისი მჭიდრო და მყარი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი", - განაცხადა დევიდ ჰობსმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პაოლო ალისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს სესია:

ნატო-ში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენ მოხარული ვართ, რომ მას მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან შედგება. ნატო და საქართველო უკვე დიდი ხანია, მხარდამხარ იბრძვიან გლობალური უსაფრთხოებისათვის და მშვიდობისათვის. ალიანსთან ურთიერთობას უკვე მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოსთვის - ნატო-ს ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება და იმედს გამოვთქვამთ, რომ პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება"- განაცხადა კობახიძემ

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 29 მაისს დასრულდება.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო განზომილებას, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 წევრ და 20-ზე მეტ ასოცირებულ, პარტნიორ და დამკვირვებელ ქვეყანას აერთიანებს. ასამბლეის სესია არის ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება, რომლის მუშაობაშიც 600-მდე მოწვეული სტუმარი მონაწილეობს.