ქართულ-აფხაზური დაპირისპირების ექსკლუზიური დეტალები - კვირის პალიტრა

ქართულ-აფხაზური დაპირისპირების ექსკლუზიური დეტალები

"არძინბას ეშინოდა, თბილისში მომკლავენო, მაგრამ დავპირდი, შენთან ერთად ჩემი ცოლ-შვილიც ჩაჯდება თვითმფრინავში და თუ აგაფეთქებენ,  ჩემი ოჯახიც დაიღუპება-მეთქი".

როგორ მზადდებოდა ქართულ-აფხაზური დაპირისპირება, როგორ სცოდავდნენ ქართველი ხელისუფალნი აფხაზეთის საკითხში და როგორ ჩამოიყვანა თბილისში განდგომილი  ვლადისლავ არძინბა, ამ და სხვა საინტერესო თემებზე აფხაზეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გივი ლომინაძე გვესაუბრება. აფხაზეთის შს ექსმინისტრის ექსკლუზიურ ინტერვიუში მკითხველი აქამდე უცნობ ბევრ ამბავს შეიტყობს და ბევრ მოვლენას სხვა კუთხით დაინახავს:

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აფხაზეთში გამამწესეს და იქ დიდხანს ვიმუშავე. 1976 წელს თბილისში გადმოვედი, მაგრამ 1989 წლის ივნისში აფხაზეთში უბედურება რომ დატრიალდა, სასწრაფოდ სოხუმში მიმავლინეს. ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელად დამნიშნეს, 15-16 ივლისს მომხდარი სისხლის ღვრის საქმე უნდა გამომეძიებინა.

მაშინ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი ვოვა ვეკუა მოკლეს. ამ დროს თბილისში ყალყზე იდგა ეროვნული მოძრაობა. იყო გაუთავებელი მიტინგები, შიმშილობა და საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მოთხოვნა. გაისმოდა აბსოლუტურად მიუღებელი ლოზუნგები აფხაზებზე - "აფსუები - მთიდან ჩამოთრეულები", "აფსუებო, გაეთრიეთ საქართველოდან" და ა.შ. არანაკლებ რადიკალურად განწყობილი ძალები იყვნენ სოხუმში. მათი ლიდერები: გოგუა, მარხოლია, ინაფშბა, დომენია, შამბა ეწინააღმდეგებოდნენ იმ ლოზუნგებს, რაც თბილისში გაისმოდა და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლას ითხოვდნენ.

თბილისის მწვავე განცხადებებს აპრილში სეპარატისტების ანტიქართული პათოსით გამსჭვალული ლიხნის თავყრილობა უძღოდა წინ. მაშინ სეპარატისტებმა  საქართველოს შემადგენლობიდან გასვლა მოითხოვეს და მიმართვაც გაუგზავნეს მოსკოვს, რომ აფხაზეთი კრასნოდარის მხარისთვის მიეერთებინათ. ამას თბილისიდანაც მოჰყვა პასუხი და აფხაზეთში დაპირისპირებამ 14-15 ივლისს აპოგეას მიაღწია. სხვადასხვა სოფლიდან სოხუმში 3-4 ათასი აფხაზი ჩამოვიდა და საქართველოდან გამოყოფა მოითხოვა. ამას დაემთხვა ის, რომ აფხაზეთის უნივერსიტეტიდან გამოყოფა მოითხოვა უნივერსიტეტის ქართულმა ნაწილმა. სტუდენტები და მასწავლებლები გაიფიცნენ. ვოვა ვეკუა სოხუმში 15 ივლისს პირველ სკოლასთან დაპირისპირებული მხარეების გაშველების დროს მოკლეს. მას ლურსმნიანი ხელკეტით ჰქონდა რამდენიმე ჭრილობა მიყენებული. ის ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერი იყო აფხაზეთში. იმ დღეს ასეულობით კაცი დაიჭრა. მომდევნო დღეებში კი ათეულობით ქართველი და აფხაზი მოკლეს. ასეულობით დაჭრილი იყო ორივე მხარეს. არეულობა მთელ აფხაზეთს მოედო. სოფლებსა და გზატკეცილებზე უსაფრდებოდნენ ერთმანეთს. დაიწყო ბარიკადების აგება.

ამავე პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი დაეჯახნენ ერთმანეთს ყარაბაღის გამო. ბაქოდან სომხებს ყრიდნენ და სომხეთიდან - აზერბაიჯანელებს. ამდენი დევნილი საქართველოს რომ არ მოსწყდომოდა და საქართველოში არ გაგრძელებულიყო მათი დაპირისპირება, შს სამინისტროს ძირითადი ძალები მარნეულსა  და ბოლნისში გადაისროლეს. ჩემი ოპერატიული სამძებრო ჯგუფით იქ ვიყავი, როდესაც მინისტრმა შოთა გორგოძემ დამირეკა, ახლავე წადი აეროპორტში. შენი ჯგუფით სასწრაფოდ სოხუმში უნდა ჩახვიდე, ვოვა ვეკუა მოკლესო. ბოლნისიდან პირდაპირ აეროპორტში წავედი. ოჯახის წევრებმა იქ მომიტანეს ტანსაცმელი და საჭირო ნივთები... სოხუმის აეროპორტთან ქართველების ბლოკპოსტი დაგვხვდა, - აფხაზებს ეძებდნენ. 800 მეტრში ყალყზე შემდგარი აფხაზები იდგნენ. აეროპორტიდან სოხუმის ცენტრამდე მისვლას 15-20 წუთი სჭირდებოდა და ჩვენ ამ მონაკვეთის გავლას 7 საათი მოვანდომეთ. გზადაგზა ხალხი განვაიარაღეთ და ბლოკპოსტებისაგან გავწმინდეთ ის მონაკვეთი. მეორე დღეს გავიგე, რომ იქ მიპირებდნენ დატოვებას. აფხაზეთის შს მინისტრის პირველ მოადგილედ დამნიშნეს და მინისტრის მოვალეობის შესრულება დამავალეს, რადგან რუსული პოლიტიკის გამტარებელი და პროვოკატორი მინისტრი ჩულკოვი მოხსნეს. ორიოდ თვეში მინისტრადაც დამნიშნეს, მაგრამ  აფხაზები თავს იკლავდნენ, მინისტრად ქართველს არ დავამტკიცებთო. ამ დროს ლიხნის წერილზე ხელმოწერის გამო აფხაზეთის ავტონომიის მეთაურობიდან უკვე გადაყენებული იყო ბორის ადლეიბა. მის ადგილზე ვალოდია ხიშბა დაინიშნა, ლოიალური კაცი, ასეთზე იტყვიან, არც წყალია, არც ღვინოო. ახლა ვფიქრობ, რომ ხიშბასთანა კაცის დანიშვნას გაბედული ადლეიბას დატოვება სჯობდა. მას ანტიქართველობას ვერ დავაბრალებ, უბრალოდ, ადლეიბა იძულებული გახადეს აფხაზებმა, ხელი მოეწერა ლიხნის წერილზე.

- ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამე შეიცვალა აფხაზეთში?

- გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აფხაზეთში არძინბა მოვიდა და ძალიან დაიძაბა  ვითარება. არძინბა და ზვიადი თხა და მგელივით იყვნენ ერთმანეთთან. არძინბა ზვიადს არ ემორჩილებოდა. რაც უნდა ეთქვა გამსახურდიას აფხაზეთის  სასიკეთოდ და ასაყვავებლად, ამას სოხუმში სხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებდნენ. მაგრამ თბილისიდანაც არ ისმოდა მხოლოდ კარგი სიტყვები. ჩვენმა ვაიპოლიტიკოსებმა პატრიოტიზმის გამოვლინებად ის მიიჩნიეს, ვინ უკეთ გალანძღავდა აფხაზებს. ამის გაგრძელება შეუძლებელი იყო. გადავწყვიტე, არძინბა დამერწმუნებინა, თბილისში ჩამოსულიყო და ზვიად გამსახურდიას შეხვედროდა. არძინბას ეშინოდა, თბილისში მომკლავენო, მაგრამ დავპირდი, შენთან ერთად ჩემი ცოლ-შვილიც ჩაჯდება თვითმფრინავში და თუ აგაფეთქებენ,  ჩემი ოჯახიც დაიღუპება-მეთქი. ამ გზით დავიყოლიე.

ერთი სიტყვით, 1991 წლის 7 იანვარს, დილის 7 საათზე არძინბა თბილისში ჩამოვიდა გაგრის რაიკომის ყოფილ მდივან ენვერ კაპბასთან ერთად. დაპირებისამებრ, მათთან ერთად იმგზავრა ჩემმა მეუღლემ. მე წინა საღამოს ჩამოვედი თბილისში, ეტყობა, გულმა მიგრძნო, რომ მე მომიწევდა პროტოკოლის სამსახურის ნაცვლად გარჯა. თბილისში ჩამოსულს არც ზვიადი დამხვდა, არც ასათიანი და არც ბურჭულაძე. Aადგილზე არც შს მინისტრი ხაბულიანი იყო, რადგან იმ პერიოდში ცხინვალში უკიდურესად გართულდა ვითარება, ცხინვალთან უკვე ბრძოლები მიდიოდა  და ხაბულიანი იქ იყო. მინისტრის მოადგილე ჩაჩიბაია ვნახე და შევუდექი არძინბას დახვედრის ორგანიზებას.  პარალელურად ტელეფონით მთავრობის წევრებს ვეძებდი.  როგორც იქნა, ღამის 3 საათზე პრეზიდენტთან დამაკავშირეს. ვუთხარი, ხვალ დილით არძინბა ჩამოდის-მეთქი. საპასუხოდ ცივი ხმა შემომესმა, - "ჰო, კარგი". ბატონო ზვიად, სად მიიღებთ, რომელ საათზე. იქნებ შევხვდეთ და  მოვამზადოთ საკითხები, რომელთაც შეხვედრისას  წამოჭრით-მეთქი. ეს ის დრო იყო, როდესაც აფხაზეთისკენ მიმავალი 20 ათასი ტონა ხორბალი მთავრობის მითითებით თბილისში ჩამოცალეს. ამის გამო არძინბა თავს იკლავდა და ვიცოდი, ხორბლის საკითხს უსათუოდ დასვამდა. ზვიად გამსახურდიამ მითხრა, მომზადება არ მჭირდება, ყველაფერი ვიცი. თერთმეტ საათზე შევხვდებიო. კი, მაგრამ სტუმარს ვინ დახვდება, კაცი 7 საათზე თბილისში იქნება და 11 საათამდე სად წავიყვანო. მე მისი მინისტრი ვარ, თბილისიდანაც ხომ უნდა დახვდეს ვინმე-მეთქი. ეგ არ ვიცი, ბურჭულაძეს დაელაპარაკეო.  ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეორე დღეს მე მომიწია არძინბას დახვედრამ შს მინისტრის მოადგილე ჩაჩიბაიასთან ერთად.

დავხვდით აეროპორტში არძინბას გაღიმებულები, მაგრამ ამას "ჭამდა" ცბიერი არძინბა, რომელსაც ვერაფერს გამოაპარებდი? მაგრამ არ შეიმჩნია წყენა. მძღოლი გავაფრთხილე, ნელა ევლო, რადგან 9 საათზე მქონდა სუფრა რესტორანში შეკვეთილი. რესტორნის შემდეგ ზვიად გამსახურდიასთან მივედით მთავრობის სასახლეში. ზვიადის კაბინეტი იქ იყო, სადაც ახლა პარლამენტის თავმჯდომარე ზის. ნაცვლად იმისა, არძინბას ვინმე შეხვედროდა, პრეზიდენტის მისაღებში ვიღაც ქალები ტრიალებდნენ და მწარე-მწარე სიტყვები მიაძახეს სტუმარს. პრეზიდენტის დაცვამ კი არძინბას ხელები ააწევინა. გაჩხრიკეს! ხუმრობა ვცადე და ვუთხარი, ბომბი კარგად დამალეთ, თორემ გიპოვიან და დავიღუპებით-მეთქი. შევედით და პრეზიდენტი სკამიდან ოდნავ წამოიწია. არძინბას ხელი ისე ჩამოართვა, არც შეუხედავს... ეს კიდევ არაფერი. ერთი საუბარი მოგესმინათ... ფაქტობრივად, საუბარი არ გამოვიდა. მხოლოდ ბრალდებები იყო. ზვიად გამსახურდიამ - გაგრაში ხორცკომბინატის ქართველი გამგე რატომ მოხსენი და აფხაზი რატომ დანიშნეო? არძინბამ კი, ეს საკითხები არ ვიცი, ბევრად მნიშვნელოვან თემებზე მინდა თქვენთან საუბარიო. ზვიად გამსახურდიას უცნაურად ეჭირა თავი. მერე შევნიშნე, რომ კარი, რომელიც მოსასვენებელ ოთახში გადიოდა, ღია იყო. იქ ვიღაც დადიოდა. ჩვენს საუბარსაც სიტყვასიტყვით ისმენდა. მანანა არჩვაძე და მისი და ყოფილან... გამწარებული ვფიქრობ, ეს რა ვქენი, გამოსწორების ნაცვლად ყველაფერი გაფუჭდა-მეთქი. გამოსავალზე დავიწყე ფიქრი და უცებ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ სიგუა გამახსენდა. ზვიადს ვუთხარი, საკითხები, რომლებიც არძინბამ დასვა, სამეურნეო ხასიათისაა და ჯობს ამაზე სიგუას დაველაპარაკოთ-მეთქი. სიგუას დავურეკე, შენთან მოვალთ და თუ არ გინდა ომი დაიწყოს, რაც უნდა მოითხოვოს არძინბამ, ყველაფერზე დაეთანხმე, თორემ დაღუპულია საქმე-მეთქი... სიგუა თავისი კაბინეტის წინ დაგვხვდა, გაღიმებული შეეგება არძინბას, თითქოს მონატრებულ ოჯახის წევრს ხედავდა. ცოტა მომეშვა გულზე. დასხდნენ სასაუბროდ და აჰყვა არძინბას. ყველაფერს დაჰპირდა. 30 მანქანა "მისცა" (როგორც თქვენთვის არ მოუცია, ისე არ მიუცია ის მანქანები აფხაზებისთვის, მაგრამ ხომ დაჰპირდა?), საწვავიც და ხორბალიც დაუბრუნა. გამოვედით სიგუასგან და არძინბა ამბობს, აი, კაცი. მასთან შეიძლება მუშაობაო... გამსახურდიას ცივ დახვედრას მოგვიანებით არძინბა სულ იხსენებდა. სიგუას კი ხშირად ურეკავდა...

ასე დამთავრდა არძინბას პირველი და უკანასკნელი ვიზიტი თბილისში, პირველი და უკანასკნელი მცდელობა, დაგვეწყო ერთმანეთთან საუბარი, რომელიც ნორმალურად რომ წარმართულიყო, შესაძლოა, იდილია არ გვქონოდა, მაგრამ რუსებს ნამდვილად შეუქმნიდა დაბრკოლებას  მიზნის მიღწევაში.

- მაგრამ 1992 წელს მაინც გართულდა ვითარება, რასაც აგვისტოში ომის დაწყება მოჰყვა.

- ისე იყო გაღრმავებული ჩვენ შორის უნდობლობა, რომ ურთიერთობის რეანიმირება შეუძლებელი გახდა. ამას მოჰყვა აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადება და სხვადასხვა სტრუქტურის თბილისის დაქვემდებარებიდან გამოყვანა. სეპარატისტული განწყობილებების ახალი ძალით აფეთქებას თბილისში სახელმწიფო გადატრიალებამ შეუწყო ხელი. სამოქალაქო დაპირისპირებას  საბჭოთა კავშირის დაშლა დაემთხვა. აფხაზეთისთვის მაშინ არავის ეცალა.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საკავშირო დაქვემდებარების დანაყოფების რესპუბლიკურ სტრუქტურებში გადაცემა დაიწყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უნდა გადმოეცათ საკავშირო შინაგანი ჯარის ბატალიონის დანაყოფი აფხაზეთში. ცხადია, უნდა გადმოგვცემოდა ბატალიონის შეიარაღებაც: ავტომატები, ჯავშანმანქანები, ტყვიამფრქვევები, ჯავშანტრანსპორტიორები, მაგრამ  რუსები და აფხაზები გარიგდნენ. ისარგებლეს იმით, რომ ერთი დღით გასული ვიყავი სოხუმიდან (თბილისში გამომიძახეს) და არძინბამ გადაწყვიტა (აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით) ბატალიონი შს სამინისტროს დაქვემდებარებიდან აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს გადასცემოდა. უმაღლეს საბჭოში შექმნილიყო სამხედრო საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც არძინბამ საკუთარი თავი დაინიშნა. საბჭოში ერთი ქართველიც კი არ შეიყვანეს. მხოლოდ რუსები, სომეხი და აფხაზები იყვნენ. არძინბას შეჩერება აღარ შეიძლებოდა. მალე მოხალისეთა რაზმიც შექმნა.  სულ მეუბნებოდა, გამოდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დაუქვემდებარე მილიციაო.

1992 წლის გაზაფხულზე, როდესაც საქართველოში შევარდნაძე ჩამოვიდა და შს მინისტრად რომან გვენცაძე დანიშნა, აფხაზეთში შს სამინისტროს ბატალიონი შევქმენი. მაშინ ყველა ნარკომანს, ქურდს, ჯიბგირსა და გარეწარს იარაღი ჰქონდა ასხმული, ჩემს მილიციელებს კი ნორმალური შეიარაღებაც არ ჰქონდათ.

- აფხაზები რომ იარაღდებოდნენ, რას ფიქრობდნენ ქართველები?

- უკანონო შეიარაღებული ჯგუფების შექმნის გამო ჯერ კიდევ 1989 წელს სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული ოზგანზე, ბაღაფშზე, მარხოლიაზე, მაგრამ საქართველოს პროკურატურაში ეს საქმეები შეწყდა. თბილისში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს - ამ პირების დაპატიმრება უფრო გაამწვავებს ვითარებასო.

(გაგრძელება იქნება)