"ვიღაცამ იფიქრა, რომ თორდიას "გაშავებით" ფარცხალაძის "გათეთრებას" შეძლებს"
29-05-2017
"ვიღაცამ იფიქრა, რომ თორდიას "გაშავებით" ფარცხალაძის "გათეთრებას" შეძლებს"
გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაპირისპირების საქმეში ახალი ვიდეო გამოჩნდა - გიორგი კალაძემ სოციალურ ქსელში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე "პამ კლუბში" 2016 წლის 22 დეკემბერს მომხდარი­ ინციდენტის ამსახველი კადრები გაავრცელა. როგორც თავად ამბობს, ლაშა თორდია მას იარაღით დაემუქრა. რატომ დაემთხვა ფარცხალაძესთან დაპირისპირებას "პამ კლუბში" მომხდარი ინციდენტის კადრების გავრცელება და ემუქრება თუ არა პატიმრობა გენერალურ აუდიტორს, "კვირის პალიტრა" გიორგი კალაძის ადვოკატს, ცოტნე ცანავას­ ესაუბრა:

- 2016 წლის
22 დეკემბერს გიორგი კალაძეს ბარში ლაშა თორდიამ შეურაცხყოფა მიაყენა და მოგვიანებით, იარაღითაც დაემუქრა. გამოძიება მაშინვე დაიწყო, თუმცა გიორგი კალაძემ რამდენიმე თვის წინ ვერ ამოიცნო ლაშა თორდია და მისი იდენტიფიცირება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირება მედიაში გაშუქდა. ამის შემდეგ გიორგი კალაძემ ისევ მიმართა სამართალდამცავ
ორგანოებს და უთხრა, რომ მას ბარში ლაშა თორდია ემუქრებოდა.

- თუ კალაძემ დეკემბერშივე­ იჩივლა, როგორ მოხდა, რომ მთავარი მოწმე პავლე კუბლაშვილი, რომელიც ლაშა თორდიასთან ერთად ბარში იყო, დღემდე არ დაუკითხავთ?

- სწორედ ამიტომ ვითხოვთ დაჩქარებულ გამოძიებას და ამ ამბის მიჩქმალვის ნაცვლად, საქმის ლოგიკურად დასრულებას.

- ლაშა თორდიას დაკავებას ითხოვთ?

- ჩვენ გამოძიებას და მოსამართლესთან­ საპროცესო-მატერიალურ შეთანხმებას ვით­ხოვთ.

- თუ საქმის ძიება რამდენიმე თვეა მიმ­დინარეობს, თავდაპირველად რატომ შეგეშალათ­ გიორგი კალაძის სამსახური და რატომ მიაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ ის ბარის თანამშრომელი იყო?

- უზუსტობა მარტივი მიზეზის გამო მომივიდა - გიორგიმ ისე დაწვრილებით ამიხსნა ბართან დაკავშირებული ყველა დეტალი, რომ ჩავთვალე, "პამ კლუბის" თანამშრომელი იყო. პრესკონფერენციის დასრულების შემდგ კი ამიხსნა, რომ მისი მეუღლე მუშაობდა ბარში და არა თვითონ.

პავლე კუბლაშვილი, იურისტი:
- ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რა მიზნით გაავრცელეს სოციალურ ქსელში სათ­ვალთვალო კამერიდან ამოღებული კადრები - ვიღაცამ იფიქრა, რომ ლაშა თორდიას "გაშავებით" ყოფილი მთავარი პროკურორის "გათეთრებას" შეძლებს. ვერც "გათეთრებას" მოახერხებენ და ვერც სკანდალის გადაფარვას. თუ გამ­ოძიება მაშინვე დაიწყო, რატომ არავინ დაკითხულა ამ დრომდე, მათ შორის მე, პირი, რომელიც იმ საღამოს თორდიასთან ერთად ბარში გახლდით? დღესაც მზად ვარ, გამოძიებას­ ინფორმაცია მივაწოდო, თუმცა­ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებაზეც ფორმალურად საუბრობენ. ვიმეორებ, ფარცხალაძის სკანდალს საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრით ვერ დაგვავიწყებენ. ხომ ყველამ ვიცით, "არ გათეთრდების ყორანი..." ვიდეოების სოციალურ ქსელში გავრცელებით და დისკუსიის ხელოვნურად პროვოცირებით, ფარცხალაძეს ფრთიან ანგელოზად ვერ წარმოაჩენენ, ის ასეთი არ არის და იმიტომ. პირიქით, ყველას ვურჩევ, ფარცხალაძეს მაქსიმალურად მოერიდონ, რადგან ის გარშემო ყველას სვრის...

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები