"რატომ უწოდებთ ამას სკანდალს?!"
29-05-2017
"რატომ უწოდებთ ამას სკანდალს?!"
"ჩემი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად განხილვას რა უშლის ხელს?"

"როგორ გგონიათ, გამოძიება ვინმეს­ რამეს აპატიებს ან თვალს დახუჭავს? კით­ხვის ნიშნები რომ არა მაქვს, ამიტომაც ვარ მშვიდად"


თბილისის მერი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის გასაჯაროების მოლოდინშია. რატომ გაიცა 500-600 ათას ლარად შეფასებული მიწის სანაცვლოდ 2.615.000 ლარის ქონება? მოარგო თუ არა მერიამ აუქციონის პირობები ყოფილ მთავარ პროკურორს და რატომ არ საუბრობს აუდიტის სამსახურის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე მოლაპარაკების დეტალებზე, ექსკლუზიური ინტერვიუ დავ­ით­­ ნარმანიასთან სწორედ ამ
თემით დავიწყეთ:

- ვერეს ხეობაში არსებულ მიწასთან დაკავშირებულ საუბარს ასე დავიწყებ - ჩვენმა წინამორბედებმა კერძო საკუთ­რებაზე გზა ისე გაიყვანეს, რომ მეს­აკუთრეს არაფერი ჰკითხეს, თუმცა ეს საზოგადოებას, ალბათ, არც გაუკვირდება,­ რადგან "ნაციონალური მოძრაობის" მმართ­ველობისას ჩვეულებრივი მოვლენა­ გახლდათ კერძო პირებისთვის კერძო ქონ­ების ჩამორთმევა. ამიტომ მათი წარმომა­დგენლების მსგავსი
შენიშვნები, ვფიქრობ, მიუღებელიც კი არის.

- აუდიტის სამსახური გისვამთ კონკრეტულ შეკითხვას: თუ ოთხი წლის განმავლობაში "ბიესარ-სიდიჯის" ძველ ხელმძღვანელობას არ დაუკმაყოფილეთ კომპენსაცია, 45 დღეში, მას შემდეგ, რაც კომპანიის 100%-იანი წილის ახალი მფლობელი ოთარ ფარცხალაძე გახდა, რატომ მიიღეთ მიწების ჩანაცვლების გადაწყვეტილება?

- თბილისის მერიამ გადაწყვეტილება­ კანონიერად, პროცედურების სრული დაც­ვით მიიღო. ჩასანაცვლებელი ნაკვეთების მონაცემები გადაიგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც მივ­იღეთ მიწების ღირებულების შეფასება. უამრავი ვერსია მოვისმინე, მათ შორის, თითქოს ოთარ ფარცხალაძეს ხელოვნურად შევუწყვეთ ხელი პროცესში, რასაც ცალსახად არ ვადასტურებ.
თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, მზად ვარ, ვუპასუხო.

- რატომ მიიღო მერიამ კომპანიასთან ოთხწლიანი შეუთანხმებლობის შემდეგ ფარცხალაძის სასარგებლოდ გადაწყვეტილება 45 დღეში და სად არის დოკუმენტები, რომ ფარცხალაძემდე კომპანიას კომპენსაციისთვის კონკრეტულ მიწებს სთავაზობდით?

- აუდიტის სამსახურმა ჩვენგან ყველა­ დოკუმენტაცია და განმარტება მიიღო.

- როგორც აუდიტი ამბობს, თქვენ არ წარგიდგენიათ მოლაპარაკების მცდელობის დამადასტურებელი დოკუმენტები მათთვის.

- მოლაპარაკებებზე დო­კუმენტაცია­ ვერ იქნება, თუ შესაბამისი ოქმი არ შედგა.

- და რატომ არ შედგა ოქმი?

- არსებობს მიწერ-მოწერები, შეფასების დოკუმენტაცია, რეესტრიდან ამოღებული მასალები, რომლებიც აუდიტორებს­ მივაწოდეთ. აუდიტის სამსახური ვერ იტყვის, რომ მერიამ დოკუმენტაცია დაუმალა,­ რაც მოითხოვეს, მივაწოდეთ. საერთოდ,­ აუდიტის სამსახურის პრეზენტაცია არას­წორი ფაქტებით არის გაჯერებული. რატომ არ გიჩნდებათ შეკითხვა, სად არის მთავარი დოკუმენტი და რატომ გამოაქვეყნეს შუალედური დასკვნა, ისიც მხოლოდ პრეზენტაციის სახით?

- როგორც განიმარტა, კვლევის დასრულებამდე შუალედური დასკვნა არც გამო­ქვეყნდებოდა, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ფიზიკურად რომ არ გასწორებოდნენ...

- ველოდები აუდიტის სამსახურის საბოლოო დასკვნას, რის შემდეგაც მერი­ის პოზიციას წერილობით გამოვაქვეყნებთ.­ ვიმეორებ, კანონის ყველა ნორმა დაცულია, ვერც ერთ გადაწყვეტილებაში გადაცდომას ვერ ვხედავ. ახლა საკითხს­ საგამოძიებო ორგანოებიც სწავლობენ, რის დასრულებასაც ასევე ველოდები, მანამდე კი, რასაც ჩავთვლი საჭიროდ, იმაზე გიპასუხებთ.

- სწორ გადაწყვეტილებად მიგაჩნიათ,­ როდესაც 2013 წელს 513.000 ლარად შეფასებული მიწის კომპენსირება მერიამ ოთხი წელი გააჭიანურა (აუდიტის სამსახურის ინფორმაციით) და 2016 წელს 500-600.000 ლარად შეფასებული ქონება 2.615.000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთით ჩაანაცვლა?

- მითხარით კანონის კონკრეტული მუხლი ან ნორმა, რომელიც იმით დავარღვიეთ, რომ მოლაპარაკებები 2016 წელს დავიწყეთ და არა მანამდე?

- თქვენც კარგად იცით, რომ ნებისმიერი კორუფციული გარიგების კანონთან მორგება შესაძლებელია.

- ჩემი არგუმენტი საკმარისია აუდიტის სამსახურის პრეზენტაციაზე პასუხის გასაცემად. მე მათ პრეზენტაციაში კორუფციის რისკებს ვერ ვხედავ, თქვენ რაში დაინახეთ რისკი?

- აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ორი მილიონი ლარით მეტი ღირებულების მიწები რომ მიიღო ფარცხალაძემ, თქვენი აზრით, საზოგადოებას არ უჩნდება კითხვები კორუფციულ რისკებზე?

- თუ აუდიტის სამსახური ამას თვლის რისკად, კი ბატონო, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

- და პროკურატურის გამოძიება რამდ­ენად იქნება ობიექტური იმის გათვალისწინ­ებით, რომ ოთარ ფარცხალაძე არც ისე დიდი ხნის წინ მათი უშუალო ხელმძღვანელი იყო?

- როგორ გგონიათ, გამოძიება ვინმეს­ რამეს აპატიებს ან თვალს დახუჭავს? კით­ხვის ნიშნები რომ არა მაქვს, ამიტომაც ვარ მშვიდად.

- მაშინ იქნებ აგვიხსნათ, რა ინტერესი­ აქვს ლაშა თორდიას თქვენი ან ფარცხალ­აძის წინააღმდეგ, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს?

- ფაქტების უზუსტობა რომ შუალედურ დასკვნად არის შეფასებული პრეზენტაციაში, ფაქტია. დანარჩენზე ინტერვიუ მას შემდეგ განვაგრძოთ, რაც აუდიტის სამსახური დასკვნას გამოაქვეყნებს.

- აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს აქვთ ეჭვი, რომ კომპენსაციის გაცემის შემდეგ, ფარცხალაძისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე­ დამატებითი ნაკვეთის გადასაცემად მერიამ აუქციონი ისე ჩაატარა, რომ პირობები კონკრეტულად ყოფილ მთავარ პროკურორს მორგებოდა.

- ნაკვეთის აუქციონზე გატანის ღირებულებას ადგენს დაქირავებული აუდიტი, თანაც აუქციონზე მიწის საბაზრო ღირებულების საწყისი ფასია მითითებული.

- და ეს რა კავშირშია იმასთან, რომ აუქციონის აუცილებელ პირობად მომიჯნავე­ ნაკვეთთან გაერთიანება დასახელდა და ასეთი მხოლოდ ოთარ ფარცხალაძის მიწის ნაკვეთი გახლდათ?

- აუქციონის პირობებს თბილისის მერიის ქონების სამსახური ადგენს - თუ მომიჯნავე ნაკვეთი არსებობდა და მიწის ნაკვეთის მიერთების შესაძლებლობა იყო, რის შემდეგაც განაშენიანების ერთიანი რეგულირების საფუძველზე მშენებლობა შესაძლებელია, დიახ, შესაძლებელია, აუქციონი გარკვეული პირობებით გამოცხადდეს.

- დაახლოებით ხუთი ათას კვადრატულ­ მეტრზეა საუბარი... რატომ არ შეიძლებოდა, ამ მასშტაბის ნაკვეთზე სხვა ინვესტორი შემოსულიყო და თან ისე, რომ დედაქალ­აქის კუთვნილი ქონება საბაზრო ღირებულებაზე 1,7-ჯერ ნაკლებ ფასად არ გაყიდ­ულიყო?

- ამ გადაწყვეტილებითაც კანონმდებლობა არ დარღვეულა და თუ კანონთან აქვს შენიშვნები თორდიას, დაწეროს, რომ კანონი მოუქნელია. შეიძლება ვიღაცას მოერგოს და რეკომენდაცია პარლამენტს მიაწოდოს.
რაც შეეხება აუქციონზე გამოცხადებულ ფასს, ტენდერში გამარჯვებულმა კერძო აუდიტმა დაადგინა ღირებულება.

- ანუ მიწის შეფასება კერძო აუდიტორს მიანდეთ და არა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს?

- აუქციონამდე აუდიტორული კომპ­ანიის შესარჩევად გამოცხადდა ტენდერი, რომელსაც მერიისთვის ღირებულების შეფასება უნდა მიეწოდებინა.

- და თქვენ, მერმა, რომელმაც, წესით, ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, ნაკვეთი სად რა ღირს, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის კერძო აუდიტის დასკვნაში საეჭვო­ ვერაფერი შეამჩნიეთ?

- კერძო აუდიტის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვქონდა. რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, კარგი იქნება, ბრიფინგებზე რასაც ამბობენ, წერილობით ჩამოაყალიბონ.

- ისე, შესაძლებელია მართლაც ისე მოხდეს, რომ არჩევნების შემდეგ მთავარ აუდიტორად გიხილოთ?

- კონსულტაცია ბევრ საკითხზე მიმდინარეობს და გუნდის საერთო გადაწყვეტილებით გაირკვევა, მე ვიქნები მერობის­ კანდიდატი თუ სხვა, ან სად გადავინაცვლებ, თუ თბილისის მერობის კანდიდატი აღარ ვიქნები.

- და ასეთი სკანდალის შემდეგ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მერიის საქმიანობას სწავლობს აუდიტის სამსახური, უწყების ხელმძღვანელად თქვენი განხილვა რამდენად ადეკვატურია?

- რატომ არქმევთ ამას სკანდალს, არ მესმის, თითიდან გამოწოვილი ინფორმაციის ნაკრებია, რომელიც სკანდალად აქციეს.

- აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოკვლევის გამო გაუსწორდნენ ფიზიკურად, თქვენი შეფასებით, ეს სკანდალი არ არის?

- სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ამიტომ დაველოდოთ. რაც მერი ვარ, იმდენი შემოწმება ჩატარდა მერიაში... ლუპით გვაკვირდებიან, თუმცა კარგი იქნებოდა, მათი მმართველობის დროს გამოერკვიათ, რა ხდებოდა ამ უწყებაში.

- ლუპით რომ გაკვირდებიან, ცუდია?

- არა, პირიქით, სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად უნდა მუშაობდნენ... ისე, კონტრშეკითხვას დაგისვამთ ჩემი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად განხილვაზე - რატომაც არა, რა უშლის ხელს?

- სულ ცოტა, ის ფაქტი, რომ მერიის საქმიანობას სწავლობს არა მხოლოდ აუდიტის სამსახური, არამედ პროკურატურაც.

- უკვე გითხარით, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს, მე კი ყოველთვის გუნდურ გადაწყვეტილებას ვემორჩილები, ასე ვიყავი აქამდე და ასე ვიქნები მომავალშიც, ვიდრე ამ გუნდის წევრი ვარ და, ვფიქრობ, კარგა ხანს ვიქნები.

- "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახი კალაძე იქნება?

- კახი კალაძე ჩემი მეგობარია, არჩევნებისას ის გვერდში მედგა და თუ გუნდი მას დაასახელებს მერობის კანდიდატად, მეც მხარში ამოვუდგები. დარწმუნებული ვარ, კახი კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება.

- კალაძის დასახელება იქნება თუ არა თქვენთვის გზავნილი, რომ გუნდი არც ისე წარმატებულ მერად მიგიჩნევთ?

- ჩემი წარმატების ხარისხი საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, მით უმეტეს­, იმ უამრავი პროექტის შემდეგ, რაც გავაკეთე - ახალი ავტობუსები, აღმაშე­ნებლის პროსპექტი, პუშკინის ქუჩაზე ორმ­ხრივი მოძრაობის აღდგენა, შინდისი­-კრწანისისა და სამება-მახათის გზა, ათზე მეტი ახალი საბავშვო ბაღი, პეკინის­ პროსპექტის სრული აღდგენის გეგმა და ა.შ.

- ახლა მე ჩამოგითვლით იმას, რაშიც ყველაზე მეტად გაკრიტიკებენ - გაჭიანურებული პროექტები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, რის გამოც სულ ცოტა ხნის წინ ელენე ხოშტარიას დაუპირისპირდით, გამხმარი ხეები, შესაძლო კორუფციული ნიშნები....

- თვითონ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა გააკეთეს? ელენე ხოშტარია, გრიშაშვილის ქუჩაზე 300-მეტრიან მონაკვეთზე პრობლემააო, კამერებთან რომ სპეკულირებდა, რას აკეთებდა მისი გუნდი წყნეთში საზოგადოებისთვის ქონების ჩამორთმევის გარდა? ჩვენ წყნეთში ახალი საბავშვო ბაღი ავაშენეთ, ბაგები-წყნეთის გზა გავაკეთეთ, მათ კი რატომღაც ერთი სამასმეტრიანი ქუჩის გზის დაგება აინტერესებთ, რომლის გაკეთებაც იგეგმება, უბრალოდ, სამუშაოები ჯერ სხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს.

- ბატონო დავით, შორს რომ არ წავიდეთ, ზუსტად თქვენი კაბინეტის ფანჯრებიდანაც ჩანს მოპირდაპირე ქუჩა, რომელიც წლებია დაზიანებულია და როგორც ჩანს, ორმოებში ასფალტს იმდენად უხარისხოდ ასხამენ, რომ რამდენჯერმე აღდგენითმა სამუშაოებმაც ვერ უშველა.

- ყველა დაზიანებულ გზას აღვადგ­ენთ,­ პეკინის რეაბილიტაცია კი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად ხარისხიან გზას ვაგებთ, თანაც სრულყოფილად, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლის ჩათვლით. როდესაც მერიაში მოვედი, ამოწურული ბიუჯეტი დაგვხვდა, ამიტო­მაც რამდენიმე თვე დაგვჭირდა, რომ ფული მოგვეძიებინა და პროექტები­ გაგვემართა, 2015 წლიდან კი გზების აღდგენა დავიწყეთ.

- არასამთავრობოების მონაცემებით, თბილისის მერიის ხელფასებსა და დანამატებში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 127 მილიონი ლარი დაიხარჯა, აქედან მილიონობით ლარი შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება იყო. მათივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი თანხა შტატგარეშე თანამშრომლების დანამატებზე­ 2014 წელს ფიქსირდება - 1.756.265 ლარი, 2016 წელს კი გაცემულია 6.183.091 ლარის დანამატი.

- მერიაში სპეციალისტები 700-950 ლარს იღებენ, რაც დღეს მართლაც არ არის მაღალი ხელფასი, ამიტომ როდესაც ზეგანაკვეთური სამუშაო უწევთ, ბუნებრივია, დანამატიც უნდა გავცეთ. როგორც კი მერიაში მოვედი, ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გააქტიურება გადავწყვიტე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ 30 მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ შრომის ანაზღაურებიდან, მივლინებებიდან და საოფისე ხარჯებიდან შევამცირე. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა გრძელდებოდა 2016 და 2017 წელსაც და პირველ რიგში, პრემიებსა და დანამატებს შეეხო, რაც, რასაკვირველია, თანამშრომლების განწყობაზე აისახა. მოტივირებულ თანამშრომლებს შესაბამისი ანაზღაურება ესაჭიროებათ. ბევრია შემ­თხვევა, როდესაც თბილისის მერიიდან კერძო სექტორში კვალიფიციური კადრი გაედინება, რაც ნიშნავს, რომ ახალი კადრი უნდა მოვიყვანოთ, შემდეგ ის გადავამზადოთ და სისტემას მოვარგოთ და ა.შ. თუ "ნაციონალური მოძრაობის" დროს მერიის თანამშრომლებზე საახალწლოდ 10-10.000 ლარს არიგებდნენ, დღეს ეს თანხა სამჯერ ნაკლებია.

- კორუფციას თუ გაუმკლავდით? ოპოზიციის ბრალდებით, მხოლოდ უფასო სასადილოებიდან ჩინოსნების ჯიბეში დღეში სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი 20.000 ლარი მიდის, რადგან 39 251 კაციდან უფასო სასადილოებით ბენეფიციართა­ 50% სარგებლობს. ლაპარაკია მილიონობით ლარის სხვაობაზეც მეტროს ვაგონების რეაბილიტაციისთვის რეალურად დახარჯული თანხიდან.

- ვაგონების საკითხი სასაცილო ბრ­ა­ლ­­დება იყო - ჩვენ დაგვხვდა ამორტიზებული ვაგონები, რომელთა ექსპლუატაციის ვადა 20 წლით გაიზარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უტენდეროდ არ ჩაგვიტარებია, მათ კი იქსელის დოკუმენტი წარმოადგინეს, რომლის შევსებაც ნებისმიერს შეუძლია. პოლიტიკური სპეკულაციაა უფასო სასადილოებთან დაკავშირებული ბრალდებებიც.

- მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ და რატომ არ აპროტესტებთ ამას თუნდაც სასამართლოს გზით?

- არ ვფიქრობ, რომ ჩვენი იურისტები მსგავსი ცილისმწამებლების გამო სასამართლოში სიარულით უნდა მოცდნენ.
გასაგებია, რომ არჩევნებში უამრავ ადამიანს გაუჩნდება მერობის სურვილი, მაგრამ მხოლოდ ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს - ოპოზიციის შანსი ნულს უტოლდება, გუნდის არჩევანი კი უპირობოდ ღირსეული იქნება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები