კალაძე დამოუკიდებელი თამაშისთვის ემზადება?!
05-06-2017
კალაძე დამოუკიდებელი თამაშისთვის ემზადება?!
"კახი კალაძეს ყველაზე სუსტი პოლიტიკური სტარტი ჰქონდა, თუმცა მან სპორტული ხასიათი გამოავლინა - ცდილობს, განვითარდეს და ისწავლოს, მაგრამ მას აქვს პოლიტიკური თამასა, რომელსაც დიდი შრომის მიუხედავად, მაინც ვერ გადაახტება"

"ღარიბაშვილისთვის ხელისუფლებაში ყოფნა იყო ტვირთი, რომლისგან გათავისუფლებაც მას ძვირი დაუჯდა და რატომ უნდა უნდოდეს ამ მისთვის აუწეველი ტვირთის კიდევ ერთხელ ზიდვა, გაუგებარია"


გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდი
დატურაზე "ქართული ოცნება" კახი კალაძეზე შეთანხმდა. ამბობენ იმასაც, რომ უახლოეს დღეებში ენერგეტიკის მინისტრი პოსტს დატოვებს და არჩევნებისთვის ოფიციალურად მოემზადება. ვის რა პოზიცია და პოლიტიკური წონა აქვს როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში, არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, "კვირის პალიტრას" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი­ ესაუბრება:

- თუ "ქართული ოცნება" კახი კალ­აძის კანდიდატურაზე შიდა განხილვებში­ მაინც ორჭოფობდა, დღეს უკვე თბილისის მერად კალაძის კანდიდატურა საბოლოოდ გადაწყვეტილია.
პირადად ჩემთვის ეს არა მხოლოდ "ქართული ოცნების", არამედ კალაძის არალოგიკურ გადაწყვეტილებად მიმაჩნია - რატომ დაინტერესდა ის თბილისის მერის პოზიციით, გასაკვირია.

- რატომ, თბილისის მერი ხომ უფრო მაღალი ლეგიტიმაციის თანამდებობაა, ვიდრე ენერგეტიკის მინისტრის პოსტი?

- თბილისის მერის პოსტი მისთვის შეიძლება საინტერესო იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრძელვადიან პოლიტიკურ თამაშს იწყებს.
თანამდებობრივად თბილისის მერის სტატუსი ბევრად არ აღემატება ენერგეტიკის მინისტრის პოსტს, თუმცა მნიშვნელოვანი რისკია და მასზე წასვლას მხოლოდ ორ შემთხვევაში აქვს ახსნა: ან დაავალდებულეს, ეს გაეკეთებინა (თუმცა "ქართული ოცნებისთვის" არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, კალაძეს დაასახელებს კანდიდატად თუ ვინმე სხვას, რადგან გუნდში არავინაა ლიდერი და გამარჯვებაც მხოლოდ პარტიის პოლიტიკური კაპიტალის საფუძველზეა შესაძლებელი), ან კახი კალაძემ საკუთარი, დამოუკიდებელი პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად მიზანმიმართული თამაში დაიწყო. ბუნებრივია, თბილისის მერის პოზიცია პოლიტიკური ფიგურის დამოუკიდებლობის ხარისხს ზრდის, რადგან შესაძლებლობას აძლევს, არჩევნებისთვის საკუთარი პოლიტიკური ძალით გამოსვლა სცადოს. თუმცა სხვა საქმეა, რომ მის ამბიციებს რესურსები არ ემთხვევა­ - თავდაპირველად, ხელისუფლებაში კალაძეს ყველაზე სუსტი პოლიტიკური სტარტი ჰქონდა, თუმცა მან სპორტული ხასიათი გამოავლინა - ცდილობს, განვითარდეს და ისწავლოს, მაგრამ მას აქვს პოლიტიკური თამასა, რომელსაც დიდი შრომის მიუხედავად, მაინც ვერ გადაახტება­ - შესაძლოა, ამბიცია აქვს, მაგრამ კალაძის ეროვნულ ლიდერად ჩამოყალიბება წარმოუდგენელია. ამის მისაღწევად მხოლოდ სისტემური მუშაობა საკმარისი არ არის, პოლიტიკური ლიდერიც უნდა იყო, რისი "აკრეფაც" კალაძეს არ შეუძლია - მან წარსულში ბევრი პარამეტრი დაკარგა. შესაძლოა, პოლიტიკაში რაღაც ისწავლო, თუმცა სწავლა ბიოგრაფიის დასაწყისიდან იწყება - ნახევარი ცხოვრება ფეხბურთი ითამაშო, მეორე ნახევარი კი პოლიტიკაში ეროვნულ ლიდერად ჩამოყალიბებას შეალიო, არ გამოვა. თუმცა არ გამოვრიცხავ, თავად ამის ილუზია ჰქონდეს და უფრო მასშტაბური თამაშის წამოსაწყებად ემზადებოდეს.

- და ფიქრობთ, მმართველი გუნდი კალაძის დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბების რისკს ვერ ხედავს?

- შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" ერთგვარი ბალანსისთვის არჩევნებში კიდევ ერთი კანდიდატურა შემოგვთავაზოს. ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პერსონაც განიხილება, თუმცა ღარიბაშვილის თამაშში გამოყვანა უცნაურად მეჩვენება - ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან. შესაძლოა, თავად ირაკლი ღარიბაშვილს სურს თამაშში დაბრუნება, მაგრამ როგორც ღარიბაშვილისთვის, ისე "ქართული ოცნებისთვის","ეს უდიდესი შეცდომა იქნება. ღარიბაშვილისთვის ხელისუფლებაში ყოფნა იყო ტვირთი, რომლისგან გათავისუფლებაც მას ძვირი დაუჯდა, რატომ უნდა უნდოდეს ამ მისთვის აუწეველი ტვირთის კიდევ ერთხელ ზიდვა, გაუგებარია.

სხვათა შორის, როგორც კალაძეს აქვს გარკვეული პოლიტიკური ილუზია, ღარიბაშვილიც მსგავს ილუზიებში იყო და ფიქრობდა, რომ რაღაცას წარმოადგენდა, თუმცა ზუსტად ორ დღეში, რაც საკუთარ წარმატებებზე გვესაუბრებოდა, თანამდებობიდან წასვლა მოუხდა, სამ დღეში კი როგორც­ პოლიტიკოსი აღარავის ახსოვდა.

- ვისაუბრეთ ხელისუფლების შესაძლო სვლებზე, თუმცა საინტერესოა, როგორია ოპოზიციური პარტიების კანდიდატების პოლიტიკური წონა? ელენე ხოშტარიასა და ალეკო ელისაშვილის კანდიდატურები უკვე ცნობილია, ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობიდან" მერის თანამდებობისთვის ნიკა მელია იბრძოლებს.

- ადგილობრივი არჩევნები სპეციფიკურია - რეგიონებში ხელისუფლებას ძლიერი კონკურენტები არა ჰყავს, თბილისში კი პროპაგანდისტული მანქანის ამუშავება აუცილებლად მოუწევს, ოღონდ ამჯერად ისევ სისხლიან ცხრა წელზე აქცენტირება აზრს მოკლებული იქნება, მით უმეტეს, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთანაც ანალოგიური კითხვები დაგროვდა. უამრავი საკითხის დასახელება შემიძლია, რისი დაპირისპირებაც ოპოზიციას მომგებიანად შეუძლია ხელისუფლებასთან, მათ შორის, ფარცხალაძესთან დაკავშირებული ერთ-ერთი ბოლო სკანდალი. თანაც, ფარცხალაძის საქმე მხოლოდ ნაწილია იმ დასკვნისა, რომელსაც აუდიტის სამსახური მერიის საქმიანობის შესახებ გამოაქვეყნებს.
ამიტომ "ქართულ ოცნებას" რადიკალური ზომების მიღება მოუწევს, მათ შორის, საკადრო და საქმეების სწრაფი გახსნისთვისაც. ვგულისხმობ, როგორც ფარცხალაძის დანაშაულის დროულად გამოძიებას, ისე მთავრობაში რადიკალურ ცვლილებებს. სხვათა შორის, ლოგიკურად მეჩვენება, რომ კახი კალაძე თანამდებობიდან უახლოეს დღეებში გადადგეს კიდეც, რადგან თბილისის მერის არჩევნები აუცილებლად მწვავე დაპირისპირების თანხლებით წარიმართება და მას საფუძვლიანად მომზადება მოუწევს.

მართალია, ალეკო ელისაშვილი უპარტიო, დამოუკიდებელი მოთამაშე იქნება,­ მაგრამ მაინც გაუჭირდება საკუთარ კომპეტენციაში თბილისელების დარწმუნება.­ თუ სხვა ალტერნატივა არ გამოჩნდა, ისევ ორპოლუსიან სისტემაში დავრჩებით.­ დღევანდელი გადასახედიდან ნათლად იკვეთ­ება მეორე ტურის ალბათობა, თუმცა მეორე ტურში როგორც "ნაცმოძრაობის", ისე "ევროპული საქართველოს" კანდიდატები წააგებენ იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ ერთმანეთის ამომრჩევლის მობილიზებას ვერ მოახერხებენ -"ნაცმოძრაობის" ამომრჩეველს "ევროპული საქართველო" როგორც მოღალატე ახალი ძალა უფრო ეჯავრება, ვიდრე ""ქართული ოცნება", რაც, ბუნებრივია, მმართველი გუნდის წარმომადგენელს გამარჯვებისთვის დამატებით შანსს აძლევს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით