"ჯადოსნური ჯოხი არა გვაქვს, დანარჩენი ყველაფერი ვცადეთ" - კვირის პალიტრა

"ჯადოსნური ჯოხი არა გვაქვს, დანარჩენი ყველაფერი ვცადეთ"

"ხალხი ცდილობს, ცხოვრება გააგრძელოს, თუმცა ეს უფრო გადარჩენას ჰგავს. ადამიანებს უჭირთ, მაგრამ ცდილობენ, თავი გაიტანონ. ხალხი თავისუფლად ვერ მიდი-მოდის. ეს დიდი ტრაგედიაა"

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რვა წელია, საქართველოშია და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ისინი ბრიუსელელ კოლეგებზე უფრო ახლოს იცნობენ იმ რეალობას, რომელში ცხოვრებაც ე.წ. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარის მოსახლეობას უწევს. "კვირის პალიტრა" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კესტუტის იანკაუსკასს ესაუბრა:

- როგორია მისიის თვალით დანახული შეულამაზებელი რეალობა?

- ძნელია, მთლიან სურათზე ისაუბრო, რადგან მისიას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. ხალხი ცდილობს, ცხოვრება გააგრძელოს, თუმცა, ეს უფრო გადარჩენას ჰგავს. ადამიანებს უჭირთ, მაგრამ ცდილობენ, თავი გაიტანონ. ორი გამშვები პუნქტი დაიხურა - ხურჩა და ორსანტია. ხალხი თავისუფლად ვერ მიდი-მოდის, ბავშვებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთა უწევთ სკოლაში მისასვლელად. ხალხმა არ იცის, რას ელოდოს. მათ გაურკვევლობა აშინებთ.

- ყოველთვის ხდება ხაზგასმა, რომ აუცილებელია დიალოგი - რა სარგებლობა მოაქვს დიალოგს, როდესაც არც ერთი მხარე არ თმობს არაფერს?

- დიალოგი სჯობს ომს და შეტაკებებს. რაც შეეხება დათმობას, დიალოგის გარეშე წარმოუდგენელია. გეთანხმებით, რომ მხარეები სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციაზე დგანან, მაგრამ რა ვუყოთ ყოველდღიურ შემთხვევებს, რომელიც უბრალო ხალხის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას - როგორ მოვაგვაროთ დაკავებების პრობლემა, თუ არ ვისაუბრებთ? როგორ გავაკონტროლოთ კრიმინალი? სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ მოლაპარაკებების სტრუქტურა - დაწყებული ჟენევის ფორმატით პოლიტიკურ დონეზე და დამთავრებული ინციდენტების პრევენციითა და მათზე რეაგირების მექანიზმით.

- რა ბერკეტები არსებობს, რომ სასაზღვრო ზოლზე გატაცებების პრევენცია მოხდეს?

- რაღაცების პრევენცია ვერ შევძელით, მაგრამ კოლოსალური მუშაობა მიდის, რომ უფრო მეტი არ მოხდეს. ჩვენი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ნაკლები შანსია ვითარების გამწვავებისა.

- კონკრეტული შემთხვევა ავიღოთ - გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება?

- ეს დიდი ტრაგედია იყო. პოლიცია ცდილობს ყველგან იყოს, მაგრამ ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება? იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოხდა ეს, ვფიქრობ, შეუძლებელი იყო.

- საზოგადოების ნაწილი ქართველ სამართალდამცავებს ადანაშაულებს, რადგან მათ იარაღით გადმოსული პირი, რომელმაც გადმოკვეთა სასაზღვრო ზოლი, დე ფაქტო იყო იგი თუ დე იურე, ვერ შეაჩერეს.

- შეიძლებოდა მისი შეჩერება? რამდენიმე მეტრში, რამდენიმე წამის განმავლობაში? არა მგონია. ამ შემთხვევის შემდეგ მისია დღედაღამ იქ იყო და ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ მოვლენების ესკალაცია არ მომხდარიყო. იქ რომ ყოფილიყო შეიარაღებული ქართველი სამართალდამცავი, შესაძლოა, მეტი მსხვერპლი გვყოლოდა.

- როგორ ფიქრობთ, გავხდებით ნატოს ან ევროკავშირის წევრები თუ ჯერ კონფლიქტები არ მოვაგვარეთ?

- კონფლიქტების მოგვარება გააძლიერებდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შანსს და სწორედ ამას ცდილობს თქვენი მთავრობა. საქართველო მარტო არ არის - ჩვენი აქ ყოფნა არის არა სიმბოლური ჟესტი, არამედ რეალური სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია სტაბილურობით საქართველოში.

- რამდენად რეალურია, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს დაუბრუნდეს მშვიდობიანი გზით?

- ეს აფხაზებსა და ოსებს უნდა ვკითხოთ. ვფიქრობ, ეს ხალხი, პირველ რიგში, დაინტერესებულია, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ და ჰქონდეთ სტაბილურობა. სურთ, მათმა ბავშვებმა კარგი განათლება მიიღონ, ჰქონდეთ შემოსავალი. თანდათან ხალხი აირჩევს იმ მხარეს, რომელიც მათ მოთხოვნებს უკეთესად დააკმაყოფილებს. ასე რომ, არასოდეს თქვა არასოდეს.

- რამდენად იზიარებენ ამ სულისკვეთებას სოხუმი და ცხინვალი მაშინ, როცა ცხინვალში გეგმავენ რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმს?

- სამწუხაროდ, ჯადოსნური ჯოხი არა გვაქვს, დანარჩენი უკვე ყველაფერი ვცადეთ. ევროკავშირი განუხრელად იცავს აუღიარებლობის პოლიტიკას, მაგრამ აქ, მისიაში, ჩვენ პოლიტიკით არა ვართ დაკავებული. არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც ამჟამად საქართველოს მთავრობას არ შეუძლია. დასანანია, მაგრამ ასეთია რეალობა. მაგრამ რჩება უამრავი რამ, რაც შეიძლება გაკეთდეს ხალხისთვის. სწორედ ხალხი აირჩევს, სად სურს ცხოვრება. პატარა პრობლემის მოგვარებაც კი დიდი ნაბიჯი იქნება. იმ პრობლემებისა, რომლებიც სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებ ხალხს აქვს - დაკარგული საქონელი, სამედიცინო მომსახურება, ნათესავებთან სტუმრობა. როდესაც ეს პრობლემები მოგვარდება, სხვა პრიორიტეტებზეც იფიქრებენ.

ვაჟა თავბერიძე