"ჩინჩალაძის არჩევით იუსტიციის საბჭომ საზოგადოების მოლოდინს ლახვარი ჩასცა" - კვირის პალიტრა

"ჩინჩალაძის არჩევით იუსტიციის საბჭომ საზოგადოების მოლოდინს ლახვარი ჩასცა"

"ხელისუფლების კონკრეტული შტოს მხარდაჭერით აირჩიეს ჩინჩალაძე, რადგან მსგავსი "შემსრულებელი" მოსამართლეები ყველა ხელისუფლებას ხიბლავს"

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ახლა უკვე ყოფილ მოადგილეს სააპელაციო სასამართლოს მართვის უფლება ოთხი წლით გადასცა. სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ ვალერი ცერცვაძემ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აფასებს:

- რეალურად, ცერცვაძის თანამდებობიდან გადადგომა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე საზოგადოების დაუღალავი ბრძოლის შედეგი იყო - როდესაც გაირკვა, რომ ის საეჭვო ბიზნესგარიგებებში მონაწილეობდა, ბუნებრივია, ყველას უნდა გვემოქმედა მისი სასამართლო სისტემიდან ჩამოსაშორებლად, თუმცა ცერცვაძის გადადგომის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იყო გადასალახი - იუსტიციის საბჭოს შეერჩია საზოგადოებისთვის მისაღები კანდიდატურა. განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას.

ფაქტობრივად, მიხეილ ჩინჩალაძის არჩევით იუსტიციის საბჭომ საზოგადოების მოლოდინს ლახვარი ჩასცა. არადა, მართლაც ვფიქრობდით, რომ იუსტიციის საბჭო ერთხელ მაინც საჯარო კრიტიკას ყურს დაუგდებდა და ასეთ მაღალ თანამდებობაზე ღირსეულ მოსამართლეს აირჩევდა. მთელ ამ პროცესში მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

- რა ბერკეტი ჰქონდა ხელისუფლებას, იუსტიციის საბჭოს არჩევანზე გავლენა რომ მოეხდინა?

- არ ვფიქრობ, რომ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებში ხელისუფლება უნდა ერეოდეს, მაგრამ, თავის მხრივ, იუსტიციის საბჭო კრიჭაში უდგას საზოგადოებას მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი აქვს - იცოდნენ, რომ ჩინჩალაძის არჩევის გამო დაბრკოლება არ შეხვდებოდათ. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების კონკრეტული შტოს მხარდაჭერით აირჩიეს ჩინჩალაძე, რადგან მსგავსი "შემსრულებელი" მოსამართლეები ყველა ხელისუფლებას ხიბლავს.

იცით, ახლა როგორი მოლოდინი მაქვს? ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკვანძო საკითხს ჩინჩალაძე დაჩქარებული წესით განიხილავს და ამჯერად "ქართული ოცნების" დავალებების პირნათლად შესრულებას გააგრძელებს. სწორედ ისე, როგორც პროკურატურა ასრულებს დავალებებს, რომ კრიმინალი ფარცხალაძე ანგელოზად მოგვაჩვენონ.

მსგავსი შემთხვევები სასამართლო სისტემას შიგნიდანაც ანგრევს, რადგან პატიოსან მოსამართლეებს უსამართლობის განცდა უჩნდებათ - ყველა კონკურსი ფორმალურად ტარდება და საუკეთესოები განზე რჩებიან. დღეს მთელ პროცესს მართავს იურისტების ჯგუფი, რომლებიც წლების განმავლობაში მხოლოდ მავნებლობით იყვნენ დაკავებული. სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა კი არა, მეორმოცე ტალღაც რომ მიიღოს პარლამენტმა, სანამ ამ ჯგუფის ხელშია ყველა ბერკეტი და ხელისუფლების ნდობით სარგებლობს, სასამართლოს არაფერი ეშველება.

- იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით კომისიამ უკვე შეარჩია ხუთი კანდიდატურა სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის პოსტზე წარსადგენად. არსებობს ალბათობა, ქართველი მოსამართლეების კანდიდატურები კიდევ ერთხელ არაკვალიფიციურად შეაფასონ?

- რა თქმა უნდა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ამასობაში ნონა წოწორია ისევ მოსამართლედ დარჩება.

როგორ უნდა მქონდეს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შერჩეული კანდიდატურების იმედი, როდესაც ხუთეულში უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო ჭანტურიაც მოხვდა? ეს სწორედ ის ლადო ჭანტურიაა, რომელიც სააკაშვილის შეტევის დროს ისე უპრობლემოდ გადადგა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნავდა?! ისე დაინიშნა მაშინ კოტე კუბლაშვილი, რომ ჭანტურიას ხმაც არ ამოუღია, მეტიც, როდესაც მოსამართლეებზე ახდენდნენ ზეწოლას და ამის გამო 21-მა მოსამართლემ გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება, ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარე ლადო ჭანტურიას არაფერი გაუკეთებია კოლეგების დასაცავად.

ახლა რატომ უნდა მჯეროდეს, რომ ლადო ჭანტურია ევროსასამართლოში სამართლიანი მოსამართლე იქნება და ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს? ინტერესთა კონფლიქტთანაც გვაქვს საქმე, რადგან მაშინ უზენაეს სასამართლოში ზეწოლის მსხვერპლი მოსამართლეების საქმე ამ დრომდე სტრასბურგში განიხილება. თეა წულუკიანი მაშინვე უნდა გადამდგარიყო, როდესაც სტრასბურგმა კანდიდატურები უკვალიფიკაციო მოსამართლეებად შეაფასა და მეორედაც რომ იგივე განმეორდეს, წულუკიანის ადგილი არათუ იუსტიციის საბჭოში, საშუალო რგოლშიც კი არ უნდა იყოს. მართალია, ევროპული განათლება მიიღო და ევროპაშიც დიდხანს ცხოვრობდა, თუმცა ევროპული საქართველოში არაფერი გამოჰყოლია, მათ შორის, ღირსებაც.

რუსუდან შელია