შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია
როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუჰთარლი თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანის იზოლატორში, ან რატომ აჭიანურებენ სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელისა და ყოფილი მთავარი პროკურორის საქმის გამოძიებას - ამ მწვავე კითხვებზე აღმასრულებელ ხელისუფლებას კონკრეტული პასუხები ჯერაც არა აქვს, თუმცა რა ფუნქცია დაეკისრება პროცესებში პარლამენტს, ამის გარკვევა ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილთან ვცადეთ:
- საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ჯერ მხოლოდ ვერსიები გვესმის, თუმცა სწორი პასუხების გაცემა გამოძიების ვალდებულებაა. ფაქტია, საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია და პასუხებიც სათანადო უნდა იყოს.
- შს მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ თურმე საზღვრის უპასპორტოდ გადალახვის მინიმალური ალბათობა მაინც არსებობს.
- ასეთი შანსები ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს, ეს ოპოზიციამაც იცის. ვინც არ იცის, გაერკვნენ. საქართველოს საზღვრის დაცვის გაძლიერებისთვის ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, უკანონო გადაკვეთის შანსი ყველა ქვეყანაშია.
- არ ფიქრობთ, რომ პარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია?
- ვფიქრობ, ასეთ განსაკუთრებულ საქმეებზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად დისკუსია პარლამენტში საჭირო და მნიშვნელოვანია. ეს დაეხმარება პასუხისმგებელ უწყებებს, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, მეორე მხრივ კი, აღარ დარჩება ზედმეტი სპეკულაციებისთვის სივრცე.
- ანუ საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიხართ?
- პარლამენტში დისკუსია აუცილებელია.
- დიდი ხანია საპარლამენტო უმრავლესობა სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარს ამბობს. მუჰთარლის გაუჩინარების საკითხის გააქტიურება ევროსაბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებების შემდეგ გადაწყვიტეთ, რადგან ქვეყნის იმიჯის შელახვაზეა ლაპარაკი?
- ქვეყანას წარმატებული რეფორმატორის იმიჯი აქვს. სამწუხაროდ, ისეთი რაღაცები ხდება, რაც, სასურველია არ მოხდეს, თუმცა საქართველოსთვის მსგავსი შემთხვევები უნიკალური არ არის. მნიშვნელოვანია, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი.
- რადგან პარლამენტის გააქტიურებაზე საუბრობთ, არ ფიქრობთ, რომ ფარცხალაძე-თორდიას საქმის გაჭიანურების გამო საპარლამენტო კომისიის შექმნა აუცილებელია?
- შემიძლია გავიმეორო, რაც პარლამენტის როლის შესახებ ზემოთ მოგახსენეთ...
- თქვენგან განსხვავებით, თქვენი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა ოპოზიციის სპეკულაციაა. მეტიც, იურიდიული კომიტეტი თურმე პროცესს მხოლოდ გარედან დააკვირდება. არადა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქმე ორ კვირაში უნდა გამოძიებულიყო.
- ამ კითხვებზე ერთი პასუხი არსებობს - დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
დიახ, კითხვები ამ საქმეზე არის და სწორედ ამიტომაც ვარ პარლამენტის როლის გააქტიურების მომხრე.
რუსუდან შელია