"ჩვენი მეზობლები საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას რომ ცდილობენ, ცხადია..." - კვირის პალიტრა

"ჩვენი მეზობლები საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას რომ ცდილობენ, ცხადია..."

"თუ ეს ოპერაცია აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა ქართულ სპეცსამსახურებთან შეუთანხმებლად ჩაატარეს, მაშინ ეს საერთაშორისო სკანდალია"

"დემირელის კოლეჯის დაკავებული მმართველი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაეცეს თურქეთს"

არ წყდება ხმაური აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტის, აფგან მუჰთარლის გარშემო. ის აზერბაიჯანის ხელისუფლებას გამოექცა და 2015 წლიდან, მეუღლესთან ერთად, თბილისს შეაფარა თავი, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტის მტკიცებით, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე თქმით, პირებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩაუდეს. 31 მაისს აზერბაიჯანის სასამართლომ მუჰთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარმა უამრავი უპასუხო კითხვა გააჩინა. საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებისგან ამ კითხვებზე დროულ პასუხს ითხოვს.

როგორ შეიძლება შეფასდეს მომხდარი? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება მეზობელი ქვეყნების ზეწოლას განიცდის და მათი ინტერესების გათვალისწინებით უწევს არასწორი გადაწყვეტილებების მიღება? გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- მომხდარი ყველა თვალსაზრისით დიდი დარტყმაა ქვეყნის პრესტიჟზე, მაგრამ კარგი იქნება, საზოგადოებას შექმნილ ვითარებაზე სრული წარმოდგენა ჰქონდეს და ემოციური განცხადებებისა და შეფასებებისგან თავი შეიკავონ. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო იქცა ქვეყნად, რომელსაც 10-12  სახელმწიფოს მოქალაქეები პოლიტიკური მოსაზრებების გამო აფარებენ თავს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გარდა, მათ შორის არიან ჩვენი სამეზობლოს წარმომადგენლებიც.

თურქეთიდან ჩამოსულთა შორის ბევრია გიულენის თანამოაზრე, რომლებმაც ერდოღანის ხელისუფლებასთან საერთო ვერ გამონახეს; აქ არიან აზერბაიჯანის ხელისუფლების მოწინააღმდეგეები, მაგრამ ისინი არ არიან ალიევის ხელისუფლების აგრესიული მოწინააღმდეგეები, ხალხი, რომელიც რეჟიმის გადატრიალებისა და დამხობისკენ მოუწოდებდეს ვინმეს; და, რა თქმა უნდა, არიან რუსეთის მოქალაქეები, როგორც ჩრდილოეთ კავკასიიდან, ასევე უფრო ღრმა რუსეთიდანაც. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ვითარება მარტყოფის ლტოლვილთა ბანაკში, სადაც მთელი ეს სპექტრია წარმოდგენილი. თუმცა მარტყოფის გარდა, ეს ადამიანები თითქმის მთელ საქართველოში ცხოვრობენ.

როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ტერორისტები კი არა, უბრალოდ, სხვაგვარად მოაზროვნეები არიან, საქართველოს რეგიონში თავისუფლების კუნძულად აღიქვამენ, არ უნდა დავუშვათ, რომ ამაში ვინმეს ეჭვი შეეპაროს. ეს საქმე ყურადღებით უნდა გამოიძიონ და შედეგები დაწვრილებით აცნობონ საზოგადოებას.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მომხდარის ემოციურად შეფასება და არც ისეთი მოუფიქრებელი და გაუაზრებელი განცხადებების კეთება, რასაც საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ვისმენდით. ეს ძალიან საფრთხილო თემაა, რომელსაც დიდი დაკვირვებით სჭირდება მოპყრობა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა გააკეთონ ისეთი არაადეკვატური განცხადებები, რაც საზოგადოებას აფიქრებინებს, რომ მთავრობაში არაპროფესიონალიზმია ან კოორდინაციის პრობლემაა... კიდევ კარგი, ბოლოს და ბოლოს, პრემიერმა გააკეთა ადეკვატური განცხადება და დააფიქსირა ისეთი პოზიცია, როგორიც სახელმწიფოს ეკადრება.

- ერთი ვერსიით, ჟურნალისტი აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად გაიტაცეს; მეორე ვარაუდით, ორივე ქვეყნის სპეცსამსახურები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რასაც ამტკიცებენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და მისი ახლობლები; მესამე - ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, რასაც, როგორც ჩანს, ნაწილობრივ ქართული მხარეც იზიარებს, ჟურნალისტი საზღვრის ე.წ. მწვანე ზონაში უკანონოდ ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას, რა დროსაც დააკავეს...

- აზერბაიჯანული მხარე ყველანაირად ცდილობს ამ ბოლო ვერსიის გამყარებას, ამბობენ, თითქოს მუჰთარლის ადრეც დაურღვევია ამ გზით საზღვარი, რათა გარკვეული თანხა გადაეცა კონკრეტული პირებისთვის, მაგრამ ეს ჩემთვის არადამაჯერებელია, თუმცა, ვიმეორებ - ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული...

თუ ეს ოპერაცია აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა ქართულ სპეცსამსახურებთან შეუთანხმებლად ჩაატარეს, მაშინ ეს საერთაშორისო სკანდალია და საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს ყველას, მათ შორის - აზერბაიჯანის ხელისუფლებასაც.

თუ ამაში საქართველოს სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, არ მჯერა, რომ ეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი. არ მესმის, ხელისუფლებას რა შეუშლიდა ხელს, მოქცეულიყო ისევე, როგორც დემირელის სკოლის ერთ-ერთი მმართველის შემთხვევაში - დაეკავებინა მუჰთარლი და შემდგარიყო სასამართლო პროცესი, სადაც ან გამტყუნდებოდა ეს პიროვნება, ან - გამართლდებოდა. არც ეს წაადგებოდა დიდად ქვეყნის იმიჯს, მაგრამ ამას ნამდვილად აჯობებდა.

მას, ვინც ეს მოიფიქრა და ჩაიდინა, აშკარად ჩვენი ხელისუფლების დისკრედიტაცია სურდა. თუ ეს ხელისუფლების გაკეთებულია, გამოდის, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ დისკრედიტაციას ცდილობს?!

მე ამას გამოვრიცხავ! არა მგონია, ხელისუფლებაში ვინმე ისეთი ბრიყვი იყოს, ეს გაეკეთებინა. როგორც ჩანს, აქ მოვლენათა ისეთი თანხვედრა მოხდა, რაც ზედაპირზე არ ჩანს, ამიტომაც ვერ ვხედავთ ამ პროცესში ლოგიკას... დრო გავა და გავიგებთ...

- "მეზობლის დაკნინება, მასზე ზეწოლა, მისი დისკრედიტაცია, კეთილმეზობლობად აღარ აღიქმება, რაც, შესაძლოა, მასშტაბური საფრთხის შემცველი, ტრაგიკული სცენარის წინმსწრებ პირობას წარმოადგენდეს", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და თქვენ მიერ ნახსენები თურქეთის მოქალაქის, დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის დაკავებაზე საუბრისას... ეს ორი ამბავი, ფაქტია, რომ ერთ კონტექსტში განიხილება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებულია გაითვალისწინოს მეზობელი ქვეყნების ინტერესები, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ეს პროცესები ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს მეტისმეტად აზიანებს...

- სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ ორ ამბავს ერთ კონტექსტში განიხილავენ, რადგან საზოგადოების გადმოსახედიდან სწორედ ასე ჩანს. შემთხვევით არ მითქვამს, არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი ქვეყნის ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ხდებოდეს-მეთქი. შეხედეთ, რა განწყობაა სოციალურ ქსელებში - ძირითადად, ამბობენ, რომ თავზე დაგვასხდნენ მეზობლები... ის, რომ თურქეთის ხელისუფლებას მაღალი ტონით ლაპარაკი დასჩემდა, ახალი ამბავი არ არის, ის ასე ელაპარაკება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის წარმომადგენლებსაც... აშკარად დაკარგული აქვთ ზომიერების გრძნობა.

ჩვენი მეზობლები საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას რომ ცდილობენ, ვადასტურებ და მიმაჩნია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს ამ ყველაფერთან გამკლავება.

დემირელის კოლეჯის დაკავებული მმართველი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაეცეს თურქეთს.

ეს ადამიანი 15 წელია, საქართველოში ცხოვრობს, როგორ შეიძლება მისი ტერორისტული საქმიანობა ჩვენს სპეცსამსახურებს აქამდე ვერ შეემჩნიათ?! თუ გადავცემთ, ამით იმასაც ვაღიარებთ, რომ სპეცსამსახურები არ გვყავს!

ხომ ყველა ვხედავთ, რა რეზონანსი მოჰყვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს - არ დარჩა საქართველოში საერთაშორისო მისია, დიპლომატიური წარმომადგენლობა და საელჩო, რომ ამას არ გამოხმაურებოდა. საქართველომ აღიარა დასავლური ფასეულობები, რაც ადამიანის უფლებების დაცვას ითვალისწინებს. ეს შეეხება იმ ადამიანებსაც, ვინც დროებით, პოლიტიკური მოსაზრებების გამო საკუთარი ქვეყნიდან არის დევნილი და ჩვენს სახელმწიფოს აფარებს თავს. ჩვენ ჩვენი მოვალეობები გვაქვს, რაც უნდა შევასრულოთ. ამას ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმაც უნდა სცენ პატივი!

თუმცა, ფაქტია, რომ ეს მოვლენები ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ვიღაც ამ ყველაფერს განზრახ ხომ არ აკეთებს და ასე ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას?!

ან ხელისუფლებაში ვიღაცამ მართლაც დაკარგა აზროვნების უნარი და საკუთარ თავსაც და მთელ ხელისუფლებასაც ძირს უთხრის.

- ანუ ფიქრობთ, რომ ასეთი ჯგუფი ხელისუფლების შიგნით შეიძლება არსებობდეს?

- დიახ, რთულია რამის გამორიცხვა. ასევე შესაძლებელია, გარკვეული ძალა ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესების მართვას გარედან ცდილობდეს.  (იხილეთ სრულად)

ნათია დოლიძე