"ბადაშვილის დანიშვნა - ეს არის ფარცხალაძის ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან სრული განრიდების მცდელობა" - კვირის პალიტრა

"ბადაშვილის დანიშვნა - ეს არის ფარცხალაძის ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან სრული განრიდების მცდელობა"

ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მომხდარი საკადრო ცვლილებები, რამდენიმე დღის წინ, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კადრების გადამალვის მცდელობად შეაფასა, თუმცა ბადაშვილის ახალმა პოსტმა კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა...

ბადაშვილის მთავარი პროკურორის მოადგილედ დანიშვნამდე ერთი დღით ადრე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამოსცა ბრძანება და მთავარი პროკურორის მოადგილეების რაოდენობა 4-მდე გაზარდა. შესაბამისად, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ეს პოსტი კონკრეტულად ბადაშვილისთვის შეიქმნა.

სოსო ცისკარიშვილი:

- ვფიქრობ, ფინანსური სამსახურიდან წასვლის სურვილი ბადაშვილსა და ჩოხელს (რომელიც ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტში ფიგურირებს - ნ.დ.) ცალ-ცალკე არ მოსვლიათ თავში. ერთი მხრივ, კარგია, რომ იგივე ბადაშვილი ჩამოაშორეს ფინანსურ სამსახურს, მაგრამ მისი მთავარი პროკურორის მოადგილედ გადაყვანა ბევრ კითხვებს ბადებს… ყველაფერი, რაც კი შეეხება ფარცხალაძეს, სრულიად ბურუსითაა მოცული და ძალიან საეჭვოა, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ამ ბურუსის გაფანტვა სურდეს. მით უფრო ბადაშვილისთვის სპეციალურად შექმნილი შტატის შემდეგ...

პროცესები, რასაც ბოლო ხანს ვადევნებთ თვალს, ძალიან საშიშია - ერთი მხრივ ხელისუფლებას დეკლარირებული აქვს ევროინტერგაციისა და დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვა, ამ მიმართულებით ბოლო დროის გადადგმულმა ნაბიჯებმაც გარკვეული იმედები ჩაგვისახა, მაგრამ მეორე მხრივ, იმგვარი ვითარება იქმნება, რომ ჩვენს მოქალაქეებს უსამართლობის განცდა უმძაფრდებათ.

თუ კონკრეტულად ბადაშვილის დანიშვნაზე ვისაუბრებთ, ჩემი შეფასებით, ეს არის ფარცხალაძის ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან სრული განრიდების მცდელობა.

როდესაც ადამიანი ხდება, საკუთარი ყოფილი მოადგილის მოადგილე (შეგახსენებთ, როდესაც გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორი გახლდათ, ამჟამინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მის მოადგილედ მუშაობდა - ნ.დ.), ეს მიანიშნებს, რომ როგორც ჩანს, მავანმა ამის აუცილებლობა დაინახა - ვაითუ, მთავარ პროკურორს რაიმე დისკომფორტი შეექმნა იმ პირებისთვის, რომელთაც კარგა ხანია გააჩნიათ პროკურატურის მხრიდან არაფორმალური შეღავათები და მეტიც, პროკურატურაზე გავლენის მოხდენის ბერკეტები!

ამაზე არანაკლებ შემაშფოთებელია ის, რომ როდესაც გენერალური აუდიტორი ლაპარაკობს ფარცხალაძისა და მერიის მხრიდან გარკვეულ გადაცდომებზე, ამ დროს გვეუბნებიან, რომ ეს აუდიტორი შესაძლოა დავით ნარმანიამ შეცვალოს, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი, თუ რამე უკანონობა ხდება მის დაქვემდებარებულ უწყებაში.

ნათია დოლიძე