"ძლიერდება ეჭვი, რომ ფარცხალაძის გავლენა პროკურატურაზე ისევ დიდია და..."
12-06-2017
"ძლიერდება ეჭვი, რომ ფარცხალაძის გავლენა პროკურატურაზე ისევ დიდია და..."
რატომ დაინიშნა გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ

მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილის მეოთხე მოადგილის პოსტზე­ დასანიშნად შტატი დაამატა, საბოლოო ბრძანება კი იუსტიციის მინისტრმა 6 ივნისს გამოსცა. პროკურატურაში­ დაბრუნებამდე გიორგი ბადაშვილი ფინანსთა­ სამინისტროს საგამოძიებო სამსახ­ურს ხელმძღვანელობდა. როგორც ამბობენ, ის ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კადრი იყო. როგორ აფასებს საკადრო ცვლილებებს სამოქალაქო სექტორი, "კვირის პალიტრას" საიას ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ესაუბრა:

"სამარცხვინოა, როდესაც ამდენი შეკითხვა გროვდება და პასუხის გამცემი არავინაა"


- გაუგებარია, რამ განაპირობა
გიორგი ბადაშვილის მთავარი პროკურორის მეოთხე მოადგილედ დანიშვნა, პროკურატ­ურამ მისთვის ახალი შტატის დამატებაც­ კი მოითხოვა. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავს გადა­წყ­ვ­ეტილებას იუსტიციის სამინისტრო უნდა ასაბუთებდეს და საზოგადოებას განმარტებას აწვდ­იდეს. ეს ხომ არ არის მცირე­ მასშტაბის საკადრო ცვლილება, რომ რომ­ელიმე­ დეპა­რტამენტში სტაჟიორი ან დამწყები გამო­მძიებელი მიეღოთ - ლაპარაკია
პროკურატურაში ყოფილი­ მთავარი პროკურორის ამჟამად მოქმედი მთავარი პროკურორის მოადგილედ დაბრუნე­ბაზე. მნიშვნელოვანია გამოხმაურებები, რაც ბადაშვილის პროკურატურაში დაბრუნებას მოჰყვა - საზოგადოებამ­ დასვა აქცენტი, ვისი ჯგუფი ძლიერდება ან სუსტდება?!

- ითქვა, რომ ბადაშვილი ფარცხალაძის­ კა­დრია და მისი გათავისუფლება ფინანსთა­ სა­მინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ფარ­ცხალაძის­ გავლენის შესუსტებას უკავშირდება.

- თავისთავად... სამარცხვინოა, როდესაც კლანისა თუ რომელიმე დაჯგუფების ინტერესებზე ამდენი შეკითხვა გროვდება და პასუხის გამცემი პირი არ არსებობს. პროკურატურის გეზის ცვლილება დამოკიდებულია პერსონალიებზე და არა სტრატეგიებზე,­ რომლითაც უწყება უნდა ხელმძღვანელობდეს... ჯერაც ვერ მივიღეთ პასუხი, რა გამოიძია უწყებამ თორდიასა­ და ფარცხალ­აძის დაპირისპირების საქმეში, მეტიც, ამ შემთხვევაში დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემაც გვქონდა და გამოძიება სპეციფიკურ საკითხებზე თვალს ხუჭავდა. შესაბამისად, ძლიერდება ეჭვი, რომ პროკურატურაზე ფარცხალაძის გავლენა ისევ დიდია და შესაძლოა, ბადაშვილის უწყებაში დაბრუნება მთელი ამ პროცესის ნაწილიც იყოს. პროკურატურის გარდა, ასეთ სკანდალურ ბრალდებებზე რეაგირება არ მოუხდენია პარლამენტს, არადა, მთავარი აუდიტორის უპირველესი ფუნქციაა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თვალი და ყური იყოს და გააკონტროლოს, როგორ იხარჯება საჯარო სექტორში სახელმწიფო ფული. თორდია ფარცხალაძისგან­ ფიზიკურ ანგარიშსწორებას სწორედ მის მიერ წარმოებულ გამოძიებას უკავშირებდა, პარლამენტს კი მისთვის არც კი მოუსმენია.

"თავისი მოადგილის მოადგილედ დანიშვნა დაწინაურების პერსპექტივის გარეშე არ ხდება"


გიორგი ბადაშვილის პროკურატურაში დაბრუნებას მოქმედი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოსალოდნელ ცვლილებას უკავშირებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი:

- გიორგი ბადაშვილი მთავარი­ პროკურორი გახდება - ერთ დროს თავისი მოა­დგილის მოადგილედ დანიშვნა შემდგომი­ დაწინაურების პერსპექტივის გარეშე არასოდეს ხდება. შოთაძეს მალე ბადაშვილი შეცვლის, ეს უახლოეს მომავალში იქნება.
ჯერ ჩოხელის და შემდეგ ბადაშვილის ფინანსთა­ სამინისტროდან წასვლამ გამოავლინა, რომ ფარცხალაძეს განაჩენი გამოტანილი აქვს და მას უახლოესი წრეც კი განუდგა. თუ "ელ ცენტროში" მომხდარი ინციდენტის შემდეგ მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები დაირაზმნენ, რომ ფარცხალაძეს ღერი თმა არ ჩამოვარდნოდა, ბოლო პერიოდის საკადრო ცვლილებებმა მსგავსი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა - ჩოხელი და ბადაშვილი ფარცხალაძეს გაერიდნენ და არ გამოვრიცხავ, ბადაშვილი სწორედ ამ პირობით დააბრუნეს პროკურატურაში.

- ანუ პროკურატურაში ფარცხალაძის საქმის გამოსაძიებლად დაბრუნდა?

- ფაქტია, რომ შოთაძე იძულებული შეიქნა, ბრმა და ყრუ ყოფილიყო, როდესაც ფარცხალაძის საქმის გამოძიების აუცილებლობაზე ეკითხებოდნენ. ეს გასაგებიცაა, რადგან შოთაძე სწორედ ფარცხალაძის გადაწყვეტილებით გახდა მთავარი პროკურორი. სწორედ ამიტომ დალაგდა ყველაფერი ისე, რომ ფარცხალაძეს ხელისუფლებაზე თავისი გავლენა ნელ-ნელა დაეკარგა.

ლოგიკური კითხვაა: რატომ მოისურვებდა სერიოზული სამსახურის ხელმძღვანელი პოსტიდან წასვლას, თუ ფარცხალაძის გუნდის წევრად ყოფნა დღეს ხელისუფლებისთვის მიუღებელი არ ხდება? ან შესაძლოა, ვიღაცამ ზემოდან აიძულა ბადაშვილი და ჩოხელი, ფარცხალაძეს ჩამოშორებოდნენ. როდესაც ყოფილი მთავარი პროკურორი კმაყოფილებით გადადის თავისი ყოფილი მოადგილის მოადგილედ, ეს უკვე ცალსახა გზავნილია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება.

სწორედ ამ ცვლილებების ანალიზის შედე­გად, ეჭვიც არ მეპარება, რომ ფარცხალაძეს გამამტყუნებელი განაჩენი თავად ბიძინა ივანიშვილმა გამოუტანა და სწორედ მისი მითითებით ხდება ფარცხალაძის დაჯგუფების ცვლილებაც.
ბადაშვილს ფარცხალაძის დაბეზღება, დიდი ალბათობით, არ მოუწევს, თუმცა შოთაძის მსგავსად პირში წყლის ჩაგუბებას არავინ აპატიებს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით