"ერთი პარტიის ორი განაყოფი ცდილობს, ტელევიზიაში გავლენის სფეროები ერთმანეთს წაართვას" - კვირის პალიტრა

"ერთი პარტიის ორი განაყოფი ცდილობს, ტელევიზიაში გავლენის სფეროები ერთმანეთს წაართვას"

"ეს ჩვეულებრივი პარტიული ბრძოლაა, რომელსაც ტელევიზია ეწირება. "რუსთავი 2" ამ ბრძოლის გამო დიდი ხანია დასუსტებულია და ახლა საერთოდ საეჭვო გახდა, მოახერხებს თუ არა ამ ომის შემდეგ გადარჩენას"

ჯარჯი აქიმიძე: "რუსთავი 2"-ში ისეთი ფინანსური პრობლემებია, შესაძლოა, მალე ტელევიზიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს"

ზაალ უდუმაშვილი: "დრო მჭირდება, რომ ჩამოვყალიბდე, ვარ თუ არა მზად მერის არჩევნებისთვის"

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა - მართალია, ამ ინფორმაციას თავად გვარამია არ ადასტურებს, თუმცა ტელეკომპანიის თანამშრომლების განცხადებით, 9 ივნისს გამართულ თათბირზე პოსტი დატოვა. საკადრო ცვლილებებია მენეჯმენტშიც - გავრცელებული ინფორმაციით, არხს ტოვებს საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანი ქეთი კვაჭანტირაძე და მის ნაცვლად "კურიერს" ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი წაიყვანს; გიორგი ლაფერაშვილის ნაცვლად ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურს ნოდარ მელაძე უხელმძღვანელებს. ტელევიზიაში მიმდინარე ცვლილებებზე "კვირის პალიტრას" ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი ესაუბრა:

"გვარამია უკრაინაში სხვა შეხვედრაზე გახლდათ..."

- საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ "რუსთავი 2"-ში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რომლის მიზეზიც ფინანსური პრობლემებია. საკადრო ცვლილებებიც სწორედ ამით იყო განპირობებული, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ვერ გავასაჯაროებ. ყველაფერი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი - რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის ამ ეტაპზეც ოფიციალურად "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორია.

- ტელევიზიაში 9 ივნისს გამართული თათბირის შემდეგ ჟურნალისტების ნაწილმა დაადასტურა, რომ გვარამია გადადგა. ოფიციალურად მის დირექტორად ყოფნაზე იმიტომ მიანიშნებთ, რომ ახლა კონტრაქტის გაწყვეტის მხოლოდ ფორმალური დეტალებია დარჩენილი?

- ვიმეორებ, გვარამია ახლაც "რუსთავი 2"-ის დირექტორია. სხვა ინფორმაციას არ ვადასტურებ. "რუსთავი 2"-ს ფინანსური პრობლემები აქვს და ასეთ პირობებში რეორგანიზაცია ჩვეულებრივი მოვლენაა.

- რა ფინანსური პრობლემები აქვს არხს? თქვენი შეფასებით, ნიკა გვარამიას მენეჯერობით კრიზისს ტელევიზია ვერ დასძლევდა?

- რა თქმა უნდა, დასძლევდა, თუმცა ყველა დეტალი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. რაც შეეხება ფინანსურ პრობლემებს, ჩვენ ორი წელი ყადაღის პირობებში ვმუშაობდით, ვალდებულებაც მრავლად დაგროვდა. ახლა ხარჯებს ვამცირებთ, რეორგანიზაციაც ამიტომ არის აუცილებელი და ამის შესახებ ბოლო თათბირზე ბევრი ვიმსჯელეთ.

- არსებობს მოსაზრება, რომ "რუსთავი 2"-ში დაწყებული პროცესი "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის გავლენების გაყოფას უკავშირდება.

- ტელევიზიაში მხოლოდ ფინანსური პრობლემებია, ვცდილობთ, გავუმკლავდეთ.

- თათბირების სერიების დაწყებამდე თქვენ და გვარამია უკრაინაში იმყოფებოდით. "ნაცმოძრაობამ" მერობის კანდიდატობა შემოგთავაზათ, გვარამიას საკითხიც იქვე გადაწყდა?

- უკრაინაში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შევხვდი და შეთავაზებაც მივიღე, თუმცა ამაზე საუბარი ნიკა გვარამიას თანდასწრებით არ ყოფილა. გვარამია უკრაინაში სხვა შეხვედრაზე გახლდათ, არხის დამფუძნებლებს ტელეკომპანიაში არსებულ ფინანსურ ვითარებას აცნობდა.

- და თქვენ იყრით კენჭს "ნაციონალური მოძრაობიდან" მერობის კანდიდატად?

- თუ ვინმე ახლოსაა პოლიტიკასთან, ჟურნალისტები ვართ, ამიტომაც შემოთავაზება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა და არა მგონია, საზოგადოებისთვისაც საკვირველი იყოს. უბრალოდ, დრო მჭირდება, რომ ჩამოვყალიბდე, ვარ თუ არა მზად არჩევნებისთვის, რა ფორმით ჩავერთვები და საერთოდ, გადავწყვეტ თუ არა პოლიტიკაში გადასვლას.

- მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი რა არის თქვენთვის - მმართველი გუნდის ან სხვა პარტიების კონკურენტები, თუ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირება?

- კონკურენტების რომ მეშინოდეს, არც დავიწყებდი ამ საკითხის განხილვას, მით უმეტეს საჯაროდ. თავიდანვე კარგად ვიცოდი, ვის უნდა დავპირისპირებოდი, უბრალოდ, სხვა ფაქტორებია, რამაც, არ გამოვრიცხავ, პოლიტიკაში გადანაცვლება წლობით გადამადებინოს.

"რუსთავი 2"-ის უბედურებით ყველამ იხეირა"

ტელევიზიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძეც:

- ერთი პარტიის ორი განაყოფი ცდილობს, ტელევიზიაში გავლენის სფეროები ერთმანეთს წაართვას - ეს ჩვეულებრივი პარტიული ბრძოლაა, რომელსაც ტელევიზია ეწირება."რუსთავი 2" ამ ბრძოლის გამო დიდი ხანია დასუსტებულია და ახლა საერთოდ საეჭვო გახდა, მოახერხებს თუ არა ამ ომის შემდეგ გადარჩენას.

- რას გულისხმობთ?

- უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგმა უნდა განიხილოს, თუმცა არავინ იცის, სარჩელის განხილვა როდის დაინიშნება. პარალელურად, მე და დათო დვალი პროკურატურაში ვცდილობთ სიმართლის დადგენას, სადაც ჩვენებას ვაძლევთ და დოკუმენტებიც წარვადგინეთ, თუმცა მეშინია, ჩვენი მცდელობა ტყუილუბრალო შრომა არ აღმოჩნდეს და დავის საგანი ქაღალდზეც კი არ შეგვრჩეს.

"რუსთავი 2"-ში ისეთი ფინანსური პრობლემებია, შესაძლოა, მალე ტელევიზიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს. უზარმაზარი ვალებია აღებული, მათ შორის, სახელმწიფოსგანაც, უამრავი რეკლამა ბარტერშია, მანქანებიც კი ვალდებულებებითაა აღებული და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ კომპანია უსარგებლო კორპორაციად იქცეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნაძარცვი ფულით ტელევიზია აცოცხლა, თუმცა, როდესაც ფული ამოიწურა, ვალების აღებაზე გადავიდნენ, ახლა კი არ იციან, როგორ მოიქცნენ.

- ფიქრობთ, რომ ვალებს მიზანმიმართულად იღებდნენ? ჰქონდა კომპანიას სხვა გამოსავალი ფინანსური უზრუნველყოფისთვის იმ პირობებში, როდესაც რამდენიმე წელია ტელევიზიის ქონება დაყადაღებულია?

- ვერ გეტყვით, რატომ გაკეთდა ეს მავნებლობა, მაგრამ ფაქტია, "რუსთავი 2"-ის უბედურებით ყველამ იხეირა. პრობლემები კი შუა რგოლზე გადატყდა, რომლებსაც თვეების განმავლობაში ხელფასები არ აუღიათ. არადა, ტელევიზიის სახეებმა კი არა, სწორედ ამ შუა რგოლმა მოიტანა ტელევიზია დღევანდლამდე. არ მინდა, ეს ადამიანები სამსახურიდან გაუშვან. ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე "რუსთავი 2"-ის ძველი თანამშრომელი, მძღოლი ვნახე, რომელიც მოვიკითხე და ამის გამო სამსახურიდან გააგდეს.

"რუსთავი 2"-ში ვითარება არ გამოსწორდება, სანამ სამართლიანობა არ აღდგება, ამის შემდეგ მე და დავით დვალი არაფერს დავიშურებთ, რომ საზოგადოებას დავუბრუნოთ ისეთი "რუსთავი 2", როგორსაც იმსახურებს, და არა რომელიმე პარტიის ქვედანაყოფი და ზონდერმანქანა.

- სამართლიანობის აღდგენა ახსენეთ - სამართლიანობა იქნება, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდეს, თუ თქვენი საქმე მივიდეს ბოლომდე პროკურატურაში?

- მე, დავით დვალი და ქიბარ ხალვაში მოვილაპარაკებთ და შევთანხმდებით. პროკურატურაში ჩვენი საქმის ძიება ამ პროცესს ხელს არ უშლის. თუმცა გულდასაწყვეტი იქნება, თუ ისე დასრულდება, რომ ამდენი ხნის დავის შემდეგ "რუსთავი 2""ფორმალურად, ქაღალდზეც არ იარსებებს.

"ტელევიზიას სააკაშვილი აკონტროლებს და არა აქვს მნიშვნელობა, გვარამია იქნება დირექტორი თუ ვინმე სხვა"

პაატა სალია, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: - "რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესით ჩვენთვის არაფერი იცვლება - სტრასბურგის სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ველოდებით. სტრასბურგის დავაში მონაწილე მხარე არა ვართ, რადგან დავაში მოპასუხე მხარე სახელმწიფოა, შესაბამისად, ჩვენ განხილვების თაობაზე ინფორმაციასაც ვერ ვიღებთ. ჩვენს ყველა სარჩელში მითითებულია, რომ ქიბარ ხალვაშს წილების დათმობა მიხეილ სააკაშვილმა აიძულა, ხალვაშმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი სწორედ მსგავსი სარჩელის გამო მიიღო. დღესაც იმავე პოზიციაზე ვართ - ტელევიზიას სააკაშვილი აკონტროლებს, შესაბამისად, არა აქვს მნიშვნელობა, გვარამია იქნება დირექტორი თუ ვინმე სხვა.

"არც იმას გამოვრიცხავ, რომ გვარამიას სააკაშვილის მარწუხებისგან გათავისუფლება უნდოდა, რაც სააკაშვილმა არ აპატია"

"რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესებს კანონზომიერად მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ "რუსთავი 2"-ში მოვლენები ამ სცენარით განვითარდებოდა. არ ვამბობ, რომ ტელევიზია ხისტი პოლიტიკური პროექტი იყო, უბრალოდ, სარედაქციო პოლიტიკა, მინიმუმ, გემოვნებით ემთხვეოდა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ხაზს. როდესაც პარტია ორ ნაწილად დაიშალა, პოლიტიკური წარმოდგენები რედაქციაში გაიყო - განსაკუთრებით, საინფორმაციო ბლოკში მომუშავე გუნდის შეხედულებები იყო კონფლიქტური.

ეს პროცესი უფრო დიდი ხნით ადრე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ "რუსთავი 2"-ის მობილიზაცია ხელისუფლების უგუნურმა პოლიტიკამ მოახდინა - სასამართლოს შეტევებმა დროებით შეაჩერა "რუსთავი 2"-ის გაყოფაც.

- ნიკა გვარამიას წასვლა ნიშნავს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას არ ეთანხმება?

- პერსონალიებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ნიკა გვარამია სერიოზულ მოთამაშედ იქცა პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ გვარამიას სააკაშვილის მარწუხებისგან გათავისუფლება უნდოდა, რაც სააკაშვილმა არ აპატია - დღეს სააკაშვილის ინტერესებს ძმები ყარამანიშვილები წარმოადგენენ. სწორედ ფინანსების გამოყენებით დაამარცხა სააკაშვილმა გვარამია. მიუხედავად მცდელობისა, სააკაშვილის გაძლიერება მაინც შეუძლებელია, მით უმეტეს, "რუსთავი 2"-ის დახმარებით. უკვე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტელევიზია ბოლომდე ხდება სააკაშვილის პოლიტიკური პროექტი და ამ სტიგმის მოშორება შეუძლებელი იქნება.

რუსუდან შელია