იქნება თუ არა კახა შარტავა მერობის კანდიდატი?! - კვირის პალიტრა

იქნება თუ არა კახა შარტავა მერობის კანდიდატი?!

"ბოლო 30 წელი სახელმწიფოს ნგრევაში გავატარეთ, დღეს კი მხოლოდ პირობითად გვაქვს სახელმწიფო"

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, საზოგადოებას დაპირებული პარტიის ნაცვლად ორგანიზაცია "შენების მოძრაობა" გააცნო და პარტიული ძალის ჩამოყალიბება 2018 წლის გაზაფხულისთვის დააანონსა - რა ფინანსებითა და ამბიციებით ბრუნდება პოლიტიკაში "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი გვესაუბრება:

- ორგანიზაციისთვის "შენების მოძრაობა" შემთხვევით არ დაგვირქმევია - დღეს ქვეყანას სწორედ შენება, აღმშენებლობა, სოფელსა თუ ქალაქში მოქალაქეებს უკეთესი პირობები სჭირდებათ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ბევრი რამ დავანგრიეთ, პირველ რიგში კი, საზოგადოებაში ეროვნული ერთიანობის განცდა - ახლა ხელახლა უნდა ავაშენოთ იმ ტიპის საზოგადოება, რომელშიც ეროვნული ენთუზიაზმი ისევეა მობილიზებული ქვეყნის წინსვლისთვის, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო. ბოლო 30 წელი სახელმწიფოს ნგრევაში გავატარეთ, დღეს კი მხოლოდ პირობითად გვაქვს სახელმწიფო, რეალურად კი, სახელმწიფო ინსტიტუტები ვიწროპოლიტიკურ ჯგუფს აქვს პრივატიზებული. სწორედ ამიტომ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც ძლიერ მოქალაქეს ეფუძნება.

- თქვენ და ახალ მოძრაობაში გაწევრებული ძველი სახეები სწორედ ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთხელ გამოგცადათ საზოგადოებამ როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში, ახლა რატომ უნდა გენდოთ?

- შენებას კარგად გააზრებული პროექტი სჭირდება, ახლა ჩვენი კრედოც ასეთია - ჯერ სამოქმედო პროგრამა, შემდეგ ხელისუფლება! შენებას ბევრი მაღალკვალიფიციური კადრი და ერთობლივი, ჰარმონიული შრომა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად ჩამოგენგრევა - ეს კარგად გავაცნობიერეთ "შენების მოძრაობის" წევრებმა, შევთანხმდით, რომ რაც გაკეთებულა, მოვუვლით და ვუპატრონებთ, რაც გვაკლია, შევქმნით!

- სამჯერ დააანონსეთ პარტიის შექმნა, თუმცა ახლა ამომრჩეველს ისევ მოძრაობას სთავაზობთ და არა პარტიას. რატომ გაგიჭირდათ გუნდის ჩამოყალიბება?

- მომავალი წლის გაზაფხულზე ოფიციალურად პარტიად დავრეგისტრირდებით, თუმცა რა სახელწოდებაზე შევჯერდებით, ჯერ ვერ ვიტყვი. ახლა არარეგისტრირებული, არაფორმალური გუნდი ვართ, რომელიც პროცესებში, შესაძლოა, სწორედ ამ რეჟიმით ჩაერთოს. გვინდა, თვეების განმავლობაში ერთმანეთი გამოვცადოთ და ახალი თანამოაზრეები შემოვიკრიბოთ, რომ 2020 წელს არჩევნებში გავიმარჯვოთ. 2016 წელს ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა, ხალხის ნებას კი ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკეთესი პოლიტიკური ხედვის შეთავაზება შეგვიძლია.

- თქვენ ზომიერი პოლიტიკური შეფასებებით გამოირჩევით, არ ფიქრობთ, რომ ამ რიტორიკით მკვეთრად ოპოზიციური ნიშის დაკავება გაგიჭირდებათ?

- ჩვენ ყველას ოპონენტები ვიქნებით, ვინც არასწორ გზას უჭერს მხარს, ოპონირებას კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სახელისუფლებო გუნდთან ვგეგმავ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებთან არ ვიქნებით ოპონირების რეჟიმში.

- ახლა თქვენი პოლიტიკური წონის გამოსაცდელად პირველი ტესტი მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები იქნება. ამბობენ, რომ მერობის კანდიდატობას ანა დოლიძეს და ასევე, კახა შარტავასაც სთავაზობთ.

- ანა დოლიძე ჩემი მეგობარი და კოლეგაა, ორივე საიას ყოფილი თავმჯდომარეები ვართ. თუ ხვალ-ზეგ მე და ანა ერთად შენებას დავიწყებთ, არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ იგეგმება. რაც შეეხება კახა შარტავას, საკმაოდ საინტერესო არჩევანი გვაქვს როგორც პოლიტიკოსებს, ისე თვითმმართველობის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებს შორისაც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ნებისმიერი კანდიდატის სერიოზული კონკურენტები იქნებიან. თბილისის მერის არჩევნებში აუცილებლად ჩავერთვებით და კანდიდატსაც ერთ თვეში დავასახელებთ, მანამდე კი საკუთარ ძალებსაც გამოვცდით და საზოგადოებამდე ჩვენი ხედვებისა და პრინციპების მიწოდებას მაქსიმალურად შევეცდებით. პირადად მე მზად ვარ ყველა იმ როლის შესასრულებლად, რომელიც საერთო ამოცანას წაადგება. მე პირადი პოლიტიკური წარმატება გადავდე, რადგან გამარჯვებაც ვნახე და დამარცხებაც, ახლა დროა, ჩემი გამოცდილება გავუზიარო და მოვახმარო ახალი გუნდის წარმატებას.

- ჯერ კიდევ ოფიციალურად დაუფუძნებელ მოძრაობას აქვს თუნდაც საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ არჩევნებში მინიმალურ წარმატებას მაინც მიაღწიოს?

- მოძრაობის წევრების უმრავლესობა დასაქმებულია და ხარჯების გაღებაც შეუძლია. ზოგადად, ფინანსური მიმართულებით საკმაოდ ცუდი გამოცდილება გვაქვს, რომლის გამეორებასაც არ ვაპირებთ. როგორც სრულიად უსახსროდ რთულია წარმატების მიღწევა, ასევე დამღუპველია მხოლოდ ფინანსებზე აგებული პოლიტიკური პროცესები. ასე რომ, ფინანსურ რესურსზე დაფუძნებულ საქმეს კი არ ვიწყებთ, პოლიტიკური პროდუქტის შექმნას გპირდებით, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ინტელექტუალური მხარდამჭერები, ფინანსური პარტნიორებიც გამოუჩნდებიან. უკვე გამოჩნდა რამდენიმე ახალგაზრდა მეწარმე და ბიზნესმენი, რომლებმაც მოძრაობის დაფინანსების სურვილი გამოთქვეს.

- თქვენს პოლიტიკურ მომავალს ასე ოპტიმისტურად ყოფილი თანაგუნდელები სულაც არ აფასებენ. ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, თქვენ დაბადებიდან უპერსპექტივო პოლიტიკოსი ხართ, დავით ბერძენიშვილის განცხადებით კი საზოგადოებისგან ის მხარდაჭერა ვერ მიიღეთ, რასაც ელოდით.

- დავით ბერძენიშვილი არის პოლიტიკოსი და ადამიანი, რომლის ცხოვრებისეული ბიოგრაფია თუ მისი პოლიტიკური ანალიზის უნარი და პროფესიონალიზმი ერთ-ერთი გამორჩეულია უახლოეს ისტორიაში.

- ლევან ბერძენიშვილზე ასეთივე წარმოდგენის არა ხართ?

- ბევრ თანაგუნდელთან მქონდა ახლო და საქმიანი ურთიერთობა, ამიტომ მათი წარმატების კეთილმოსურნედ ვრჩები. ბუნებრივია, ადამიანები ვართ და ადამიანურ სისუსტესაც ვავლენთ ხოლმე, შესაძლოა, მსგავსი რამ ხვალ მეც დამემართოს, თუმცა ჩემთვის გასული წლების მოფრთხილება და შეურყვნელად შენახვა ჩემს მეხსიერებაში მნიშვნელოვანია.

რუსუდან შელია