"არის საკითხები, რაც ჩვენთვის დამაფიქრებელია" - კვირის პალიტრა

"არის საკითხები, რაც ჩვენთვის დამაფიქრებელია"

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია, სავარაუდოდ, მმართველ გუნდთან ორდღიანი კონსულტაციის შემდეგ გამოაქვეყნებს. თუმცა ამასობაში საზოგადოებას უამრავი კითხვა დაუგროვდა როგორც ხელისუფლებასთან, ასევე კომისიასთანაც... ახდენდა თუ არა ზეწოლას საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიაზე და, ბოლოს და ბოლოს, საიდან გაჟონა"განხეთქილების ვაშლად ქცეულმა წინასწარმა დასკვნამ? ჩვენს კითხვებს "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი პასუხობს:

- როგორია თქვენი საბოლოო დასკვნა, მიაღწიეთ თუ არა იმ კომპრომისს, რომელზეც შეხვედრების დაწყებამდე საუბრობდით?

- კომპრომისი ამ საკითხებზე საქართველოში უნდა იქნეს მიღწეული, ჩვენ მხოლოდ გიზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს იმ დოკუმენტზე, რომელიც საქართველომ მოგვაწოდა და მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შეფასება ძალიან დადებითია. კმაყოფილი ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც მხარეებს შორის შედგა და ვფიქრობთ, რომ განახლებული კონსტიტუცია წინ გადადგმული ნაბიჯია - ნაბიჯი ფუნქციონირებადი საპარლამენტო სისტემისა და ეფექტიანი მმართველობისაკენ.

- მინდა გკითხოთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მოსაზრება იმის შესახებ, რომ მთავრობა ვენეციის კომისიას აშანტაჟებს, ულტიმატუმებს უყენებს და ა.შ.?

- არანაირი ზეწოლა და შანტაჟი არ ყოფილა. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კორექტული და პროდუქტიული იყო.

- ხომ ვერ გვეტყვით, ვისგან ან საიდან გაჟონა წინასწარი დასკვნის დოკუმენტმა?

- ვერ გეტყვით. მხოლოდ ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ დოკუმენტი ყველა ჩართულ მხარეს გავუგზავნეთ.

- მათ შორის პრეზიდენტსაც?

- როგორც პრეზიდენტს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელს სტრასბურგში.

- რას იტყვით პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე? კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ხალხისთვის გამოხატვის უფლების წართმევას ნიშნავს, ასევე გამორიცხავს ნეიტრალური პერსონის, ასე ვთქვათ, პარტიებთან არააფილირებული პირის პრეზიდენტად გახდომის შესაძლებლობას.

- ვერ დაგეთანხმებით. ცვლილებების მიზანია, საქართველოს ჰქონდეს გამართული საპარლამენტო სისტემა. საპარლამენტო სისტემებისთვის სავსებით ნორმალურია, რომ პრეზიდენტი პირდაპირ ხალხმა არ აირჩიოს. ხშირად, როდესაც საპარლამენტო სისტემის ქვეყანაში პრეზიდენტს პირდაპირ ხალხი ირჩევს, საქმე იქამდე მიდის, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებს, ეს კი თავისთავად გამორიცხავს ნეიტრალურობას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - ვენეციის კომისია არ თვლის, რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევის წესი აუცილებელია, მაგრამ არც ეწინააღმდეგება ამ ცვლილებას. აქ ერთადერთი დათქმაა: ჩვენ ვთვლით, რომ ამ სისტემაზე გადასვლას დრო სჭირდება, შესაბამისად, ეს ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს არა დაუყოვნებლივ ან შემდეგ წელს, არამედ 2023 წლიდან. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს იმასაც გამორიცხავს, რომ მსგავსი სისტემური ცვლილება რომელიმე კონკრეტული პირის წინააღმდეგ იყოს მიმართული.

- კრიტიკული შეფასებები კეთდება პრემიერის უფლებამოსილებების თაობაზეც. ახალი ცვლილებების შემდგომ პრემიერს, პრაქტიკულად, შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს მინისტრები, მაშინ როცა ახლანდელი ფორმატით მას 5 მინისტრის შეცვლის შემდეგ პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. ხომ არ წარმოშობს ეს პრემიერის გავლენის გაზრდის რისკს?

- ახალი ცვლილებები, პირიქით, ამარტივებს პარლამენტისთვის პრემიერისა და მთავრობის დათხოვნას, თუკი ისინი პარლამენტის ნდობით ვეღარ სარგებლობენ. ეს მექანიზმი საიმედოდაა გარანტირებული კონსტიტუციით.

- კითხვებია პროპორციული სისტემის შესახებ. რამდენად არის ეს უფრო დემოკრატიული, ვიდრე არსებული მაჟორიტარული სისტემა? ცალკე საკითხია გაუნაწილებელი ხმების გადანაწილებაც.

- კარგი არ არის, როდესაც რომელიმე პარტია შერეული სისტემის წყალობით ხმათა დიდ რაოდენობას ავტომატურად ინაღდებს. ამიტომ მხარს ვუჭერთ ცვლილებას, რომლითაც დაწესდება პროპორციული სისტემა. იარსებებს ასევე ერთგვარი ჭერი, რომელიც გაუნაწილებელი ხმების გადანაწილებისას დაწესდება, რაც გამორიცხავს უმრავლესობისთვის ხმების განუზომელი რაოდენობით მიკუთვნებას.

- გამოსვლისას აღნიშნეთ, რომ რჩება საკითხები, რომლებზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება. რა თემებზეა საუბარი?

- არის საკითხები, რაც ჩვენთვის დამაფიქრებელია. ერთ-ერთი, რაშიც არ ვეთანხმებით ქართულ მხარეს, ის არის, რომ საქართველომ უკვე უნდა შექმნას სენატი, მეორე პალატა და არ დაელოდოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას. ასევე არსებობს შეკითხვები მართლმსაჯულების შესახებ. გვაცნობეს, რომ იგეგმება პრობაციის პერიოდის გაუქმება მოსამართლეებისთვის შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში... ჯერ კიდევ განვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისა და დანიშვნის საკითხს.

- განახლებულ კონსტიტუციაში დაფიქსირდება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, და სავარაუდოდ, აიკრძალება სასოფლო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე. როგორ აფასებთ ამ ცვლილებებს?

- პირველ ცვლილებაზე ვერ ვიტყოდი, რომ ვიწონებთ. არსებული კონსტიტუცია ჩვენთვის მისაღები იყო. აუცილებელია დარჩეს სამართლებრივი სივრცე შემდგომი განვითარებისთვის, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეს ცვლილება ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ ცვლილების არასწორად ინტერპრეტირება - თითქოსდა, ეს გამორიცხავს ერთსქესიანი პარტნიორობის, როგორც სამართლებრივი კავშირის დარეგისტრირების შესაძლებლობას... რაც შეეხება მიწის გაყიდვას, ეს ნაკლებადაა ვენეციის კომისიის კომპეტენციის საკითხი.

ვაჟა თავბერიძე