"საქმეში აბსურდული ვიდეოჩანაწერები დევს" - კვირის პალიტრა

"საქმეში აბსურდული ვიდეოჩანაწერები დევს"

"არ ვიცით, თბილისიდან გაიტაცეს თუ არა აფგან მუჰთარლი და მონაწილეობდნენ თუ არა გატაცებაში ქართველი სამართალდამცავები, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლებისგან ამის დამაჯერებელი უარყოფა არ მოგვისმენია"

ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუჰთარლის საქართველოდან გაუჩინარების საქმეზე რეზოლუცია მიიღო და საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების სწრაფად დასრულება ურჩია. თუმცა, როგორც აფგან მუჰთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამბობს, ქართველი სამართალდამცავების საგამოძიებო მოქმედებები საქმეს უფრო ბუნდოვანს ხდის:

- ევროპარლამენტისგან საქართველოს ხელისუფლების მკაცრ შეფასებას ველოდით - დასავლეთში იციან, რომ ხელისუფლება საგამოძიებო მოქმედებებს, ფაქტობრივად, არ აწარმოებს. აქამდე

ვითხოვთ, რომ საქმე ძველი თბილისის რაიონულმა განყოფილებამ კი არა, პროკურატურამ გამოიძიოს, ამასთან, აფგან მუჰთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს, მოგვცენ საქმის მასალების ასლები და რაც მთავარია, დაუყოვნებლივ ამოიღონ ვიდეოჩანაწერები, მაგრამ ამაოდ.

- რა ფაქტები დევს საქმეში და როგორ მიმდინარეობს გამოძიება?

- მასალებს განყოფილებაში გავეცანი. მითხრეს, თუ სურვილი გაქვს, გვესტუმრე და ინფორმაციას ჩვენთან გაეცანიო. ასეთი შემთხვევა სისხლის სამართლის საქმეში არ მახსენდება - გამოძიება ვალდებულია, ადვოკატს საქმის მასალების ასლები გადასცეს. განყოფილებაში 200 მოწმის ჩვენება მაჩვენეს, თუმცა ამ ორასი ადამიანიდან ერთი მოწმეც კი არ აღმოჩნდა, რომელიც ღირებულ ინფორმაციას მიაწოდებდა გამოძიებას. ყველა ამბობს, რომ აფგანის გატაცების შესახებ არაფერი სმენიათ, გამოძიებას დრო გაჰყავს და ილუზიას ქმნის, თითქოს საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. ამ დრომდე არ დაუთვალიერებიათ ნიაღვრის ქუჩა, საიდანაც აფგანი გაიტაცეს. არაფერს ვამბობ ვიდეოკადრების ამოღებაზე.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ეფექტური გამოძიება აქამდე არ ჩატარებულა და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, კითხვებს არგუმენტირებული პასუხი გასცეს.

ასევე აღნიშნულია, რომ თუ საქართველოში ადამიანის უფლებების უზენაესობის საკითხი საეჭვო გახდება, ეს გავლენას მოახდენს ევროინტეგრაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე. საქმეს ერთადერთი რეაგირება მოჰყვა - შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილე გაათავისუფლა, თუმცა მოადგილის გაშვებით საქართველოს ხელისუფლებისადმი ეჭვები ვერ გაიფანტება. როდესაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, ჯოხი მხოლოდ მინისტრის მოადგილეზე ვერ გადატყდება. დარწმუნებული ვარ, აფგანის გატაცება უფრო მაღალი თანამდებობის პირებთან იქნებოდა შეთანხმებული.

- ცნობილია ისიც, რომ 200 მოწმის ჩვენების გარდა, საქმეში ვიდეოჩანაწერების ნაწილიც დევს. თუ ნიაღვრის ქუჩა არც კი დათვალიერებულა, საიდან არის კადრები ამოღებული?

- საქმეში მხოლოდ კოლმეურნეობის მოედნის ტერიტორიიდან ამოღებული აბსურდული ვიდეოჩანაწერები დევს, რომლებშიც ჩანს, როგორ ჯდება აფგანი 19:22 საათზე #4 სამარშრუტო ტაქსიში და სახლისკენ მიემართება. სწორედ ტრანსპორტიდან ჩამოსვლის შემდეგ ნიაღვრის ქუჩაზე მას კრიმინალური პოლიციისფორმიანი პირები იტაცებენ, თუმცა, როგორც გითხარით, გამოძიებას ეს ადგილი აქამდე არ დაუთვალიერებია. ვიდეოჩანაწერების ამოღებას ვითხოვთ მეტროსადგურ "სამგორიდან", სადაც, ჩვენი ინფორმაციით, ტრანსპორტი შეიცვალა და ასევე, ლაგოდეხის გამშვები პუნქტიდან. ვეჭვობ, გამოძიებას დრო განზრახ გაჰყავს, რომ ვიდეოჩანაწერების ამოღების ვადა ამოიწუროს და გვითხრან, კამერებიდან მასალა წაშლილიაო. თუ ამ მეთოდს გამოიყენებენ, საქმის ოფიციალურად გახსნის იმედიც კი არ უნდა გვქონდეს. ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროპარლამენტს აფგან მუჰთარლის დახმარების თხოვნით მივმართავთ.

კახა გოგოლაშვილი, ექსპერტი: - საქართველო, როგორც ევროპული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფო, ვალდებულია, მესამე ქვეყნის მოქალაქის უფლებები და უსაფრთხოება დაიცვას. მეტიც, ეს ვალდებულება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების ხელშეკრულებაში მეოთხე პუნქტად არის გათვალისწინებული, შესაბამისად, ჩნდება საფრთხე, რომ თუ საქართველო გამოძიებას ეფექტურად არ წარმართავს, დღის წესრიგში დადგეს უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი. ამის შესახებ გაფრთხილება ჩანს ევროპარლამენტის რეზოლუციაში - ევროპარლამენტის წევრები დარწმუნებული არიან, რომ აფგანი თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის სამართალდამცავებს ჩააბარეს.

ეს რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას უკან დახევის შანსს არ უტოვებს, ევროპა შედეგს აუცილებლად მოითხოვს და თუ გამოძიება წინ არ წავა, არავინ იცის, როგორ აისახება ეს ქვეყნის მომავალზე. საქართველოს პროგრესულ სახელმწიფოდ მიიჩნევდნენ და დღესაც ფიქრობენ, რომ ქვეყანა რეგიონში, დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, მაგალითი უნდა იყოს, ახლა კი აცხადებენ, რომ ხედავენ საფრთხეს, საქართველომაც აზერბაიჯანის მსგავსად არ იმოქმედოს და უარი არ თქვას ევროპულ ფასეულობებზე. ჯერ, ბუნებრივია, არ ვიცით, მართლაც თბილისიდან გაიტაცეს თუ არა აფგან მუჰთარლი და მონაწილეობდნენ თუ არა გატაცებაში ქართველი სამართალდამცავები, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლებისგან ამის დამაჯერებელი უარყოფა არ მოგვისმენია.

- რეზოლუციაში მითითებულია, რომ გამოძიება სწრაფად უნდა დასრულდეს. რა ვადა იგულისხმება?

- კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის, თუმცა მაქსიმალურ ვადად ერთი თვე უნდა ვივარაუდოთ. თუ ამ პერიოდში არ დასრულდა გამოძიება, შესაძლოა, ევროპარლამენტის რეზოლუციას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნეგატიური რეაგირება მოჰყვეს - სწორედ ამ შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ევროპარლამენტის რეზოლუციიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

რუსუდან შელია