მიყიდვა აკრძალულია! - კვირის პალიტრა

მიყიდვა აკრძალულია!

"ბევრ სექტორში გვჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა (ტრანსპორტი, დეველოპმენტი, ენერგეტიკა), სოფლის მეურნეობაში კი უფრო მეტად - ტექნოლოგიები და ნოუ-ჰაუ"

პარლამენტმა 87 ხმით არც ერთის წინააღმდეგ უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვაზე მორატორიუმი დაამტკიცა. მორატორიუმი იმოქმედებს ახალი ორგანული კანონის მიღებამდე, რომელშიც გაიწერება, რა შემთხვევაში შეძლებს უცხოელი მიწის შეძენას. რატომ გახდა აუცილებელი ამ ცვლილებების მიღება,"პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საუბრობს:

- ნებისმიერი ქვეყნისთვის მიწა არის განსაკუთრებული რესურსი, ამასთან, ეს რესურსი ამოწურვადია. საქართველოს შემთხვევაში კი სასოფლო-სამეურნეო მიწას უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვინაიდან მცირემიწიანი ქვეყანაა და ტერიტორიის დიდი ნაწილიც ოკუპირებულია, რაც გვიზღუდავს წვდომას მიწის დიდ ნაწილზე.

- რომელ ქვეყნებშია მსგავსი კანონი და რამდენად ეფექტიანია ის?

- აკრძალვები უამრავ ევროპულ ქვეყანას ჰქონდა. ევროკავშირში მათი გაწევრების შემდეგ დაწესებულ იქნა გარდამავალი პერიოდი 7-დან 12 წლამდე. მაგალითად, უცხოელებს ბულგარეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ესტონეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიტვაში, რუმინეთსა და სლოვაკეთში 7 წლის განმავლობაში, ხოლო 12 წლის განმავლობაში პოლონეთში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა არ შეეძლოთ. 2011 წელს ევროკავშირმა, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, 2014 წლამდე გაუგრძელა აკრძალვები უნგრეთს, ლიტვას, სლოვაკეთს. ევროკავშირის გაფრთხილების მიუხედავად, ბულგარეთის პარლამენტმა აკრძალვები 2020 წლამდე გააგრძელა.

- ოპოზიციის განცხადებით, ცვლილებები უცხოელებისთვის დისკრიმინაციულ ნიშნებს შეიცავს...

- პროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწაზე წვდომა არ შეეზღუდება და მას ექნება იჯარის უფლება. იურიდიულ სუბიექტს კი საქართველოში ექნება მიწის საკუთრების უფლება იმ პირობით, თუ მასში 50%-ზე მეტი წილი ექნება საქართველოს მოქალაქეს. მიწაზე წვდომას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ახლდეს ვალდებულებები სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი ათვისებისთვის.

- ცვლილებების შემუშავებისას რამდენად გაითვალისწინეთ რისკი, რომ შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ შესაძლოა გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეობის მსურველთა და ასევე ფიქციური ქორწინებების რაოდენობა?

- ამგვარ რისკს ჩვენც ვაცნობიერებთ და საჭიროა მოქალაქეობის მინიჭების კანონმდებლობასაც გადავხედოთ. ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული მოცემულობა გვაქვს, ამიტომ კონკრეტულ პოზიციაზე არ ჩამოვყალიბებულვართ.

- ოპოზიციის განცხადებით, ცვლილებები მხოლოდ პოპულისტური გადაწყვეტილებაა და რეალურად ის საქართველოში მიწის გაიაფებას გამოიწვევს.

- სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მოთხოვნასა და ფასს განაპირობებს სახელმწიფოს მიერ შექმნილი პირობები დარგის ხელშეწყობისთვის, დარგის წახალისება და შეღავათიან რესურსზე ხელმისაწვდომობა. ბოლო 4-5 წელიწადში მიწის ფასი 3-ჯერ და ხშირად მეტჯერაც გაიზარდა.

- მიწის გასხვისების შეზღუდვა უარყოფით ეკონომიკურ ეფექტს არ მოიტანს?

- ჩვენ ვქმნით ყველა პირობას საქართველოს მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო რესურსის ასათვისებლად. ბევრ სექტორში გვჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა (ტრანსპორტი, დეველოპმენტი, ენერგეტიკა), მაგრამ სოფლის მეურნეობაში უფრო მეტად ტექნოლოგიები და ნოუჰაუ გვჭირდება.

"მორატორიუმის გამოცხადება მოსახლეობაში შიშის ჩანერგვის მიზნით წამოწყებული წინასაარჩევნო აქციაა"

რომან გოცირიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: - მიწის გაყიდვის შესახებ მორატორიუმის გამოცხადება მოსახლეობაში შიშის ჩანერგვის მიზნით წამოწყებული წინასაარჩევნო აქციაა. 1 თვეში უმრავლესობა აპირებს კონსტიტუციის მიღებას, სადაც ეს საკითხი იქნება ასახული. ახლა მორატორიუმს აცხადებენ კონსტიტუციის მიღებამდე, ანუ 1-2 ან თუნდაც 3 თვით. რა უნდა მოხდეს 3 თვეში ისეთი, რაც ამ 25 წლის განმავლობაში არ მომხდარა? არაფერი. ხალხს უნერგავენ თავში მტრის ხატს, რომ ვიღაც ქართულ მიწას ართმევს და ეს ვიღაც არ არის ერთმორწმუნე რუსეთი, ეს არის ევროპა, ამერიკა, არაბები, ჩინელები, ინდოელები, მთავრობა კი თეთრ რაშებზე ამხედრებული რაინდები არიან, რომლებიც იცავენ მამულს, ენას, სარწმუნოებას. არადა, მათ აინტერესებთ ხმები არჩევნებზე და ხელისუფლების შენარჩუნება თანმდევი სიკეთეებით. ამ გადაწყვეტილებით ისინი ხალხს, პირველ რიგში, სოფელში მცხოვრებთ სწირავენ სიღარიბისათვის.

რა საფრთხე არის იმაში, თუ უცხოურმა კომპანიებმა განავითარეს კივის ან თხილის მეურნეობა, გააშენეს ვენახები, დაასაქმეს ხალხი, გაიტანეს საქონელი ექსპორტზე და ხელი შეუწყვეს ლარის გამყარებას? კვლავ შენარჩუნდება საუკუნის წინანდელი პატრიარქალური მიწათსარგებლობა. არ შემოვა ინვესტიციები და ახალი ტექნოლოგიები. ამასთან, მიუხედავად სუბსიდირებისა, უფასო ხვნა-თესვის პროგრამისა, მიწები მაინც დაუმუშავებელია. მიწის მესაკუთრე უცხოეთში გარბის საშოვარზე. თუ მეურნეობები არ გამსხვილდა, მიწა ვერ გახდება სოფლად მცხოვრების შემოსავლის წყარო.

რუსუდან შელია