"პატრიარქი აქცენტს აკეთებს კონსტიტუციურ მონარქიაზე!"
26-06-2017
"პატრიარქი აქცენტს აკეთებს კონსტიტუციურ მონარქიაზე!"
"საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის ტრადიცია არ არსებობდა"

"ხალხი თავად გადაწყვეტს, სურს თუ არა მმართველობის ეს ფორმა"


"ქართველი საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი მონარქიაა და მმართველობის ამ ფორმას ქვეყნისთვის მშვიდობა მოაქვს", - სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ამ განცხადებას მმართველი გუნდი ერთხმად გამოეხმაურა და ამ საკითხის განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქსაც საგანგებოდ შეხვდა. რამდენად მზადაა ქვეყანა მონარქიის აღსადგენად და რა პერიოდია საჭირო სახელმწიფო მოწყობის შესაცვლელად, "კვირის
პალიტრასთან" ისტორიის დოქტორი ლელა სარალიძე საუბრობს:

- საქართველოს კათოლიკოს-პატრ­იარქი ილია II აქცენტს აკეთებს არა მონარქიის, არამედ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე. პატრიარქმა ქადაგ­ებისას ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონა­რქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. დღეს მსოფლიოს ბევრ სახელმწიფო­ში მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს, ანუ კონსტიტუციური მონარქიაა. ეს, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ
ვერ მოხდება,­ მაგრამ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელობა და მომავალი. ამ საკით­ხის გადაწყვეტა მრავალ ფაქტორზეა­ დამოკიდებული, მას მზაობა სჭირდება.
დღეს გაჭირდება თქმა, თუ რამდ­ენად არის ხალხი მზად ამისთვის, რადგან­ ორი საუკუნის განმავლობაში არანაირი ისტორიული კავშირი არ ყოფილა მონარქსა და სახელმწიფოს შორის.
თანაც 70-წლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა დაღი დაასვა ხალხის აზროვნებას. გასათვალისწინებელია გეოპოლიტიკური სიტ­უაციაც. საქართველოს ხომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა უდგას.

- ფიქრობთ, უახლოეს მომავალში სახელმწიფო მზად არაა კონსტიტუციური მონარქიის აღსადგენად?

- დიახ, ჩვენი პატრიარქი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას გრძელვადიან პერსპექტივად განიხილავს და ეს უნდა მოხდეს წარსულის გაანალიზების საფუძველზე. ეს არ არის იოლად გადასაწყვეტი საქმე, რადგან მონარქიის საკითხის დასმისას წამოიჭრება მრავალი პრობლემა. კერძოდ, ვინ შეიძლება გამოცხადდეს საქართველოს მეფედ. მონარქიულ ოჯახებში მომავალი მონარქის აღზრდა, განათლება, სახელმწიფოს ხელმძღვა­ნელად ჩამოყალიბება ბავშვობიდან ხდებოდა და ეს მზად­ება ხშირად ათეული წლები გრძელდებოდა. ქართული მონარქიის აღდგენის, ბაგრატიონთა დინასტიის რესტავრაციის საკითხს XX საუკუნის 20-30-იან წლებში ფართოდ განიხილავდნენ ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსები. მაშინ ეს ვერ მოხერხდა. დღეს, XXI საუკუნეში, კონსტიტუციური მონარქიის აღსადგენად საჭირო პერიოდის პროგნოზირება ძალიან რთულია.
კონსტიტუციური (იგივე საპარლამენტო) მონარქია არის მმართველობის ფორმა, რომელშიც მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით. როდესაც მონარქი არის სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ რეალურად ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პარლამენტში უმრავლესობის მქონე მთავრობა. მონარქის უფლებები კონსტიტუციით და კანონებით მკაცრად არის რეგლამენტირებული. კონსტიტუციური მონარქიის პირობებში მეფეს ძირითადად მორალური გავლენა აქვს ხელისუფლებაზე, თუმცა, სიმბოლურად ის მთელ ერს და ერთიან სახელმწიფოს წარმოადგენს.

მიუხედავად ასეთი სიმბოლური უფლებებისა, როდესაც საქმე კონსტიტუციურ მონარქიას ეხება, ტრადიციაზე საუბარი ზედმეტია, რადგან საქართველოში კონსტ­იტუციური მონარქიის ტრადიცია არ არსებობდა...
კონსტიტუციური მონარქიის თემა განიხილებოდა 1918-1921 წლებში, მაგრამ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლებმა უარი თქვეს მონარქიაზე. 1921 წლის კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაიწერა - რესპუბლიკის მმართველობის ფორმა არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხი, ანუ ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოში მონარქიის აღდგენა­ დაუშვებელია. ვიმეორებ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის იდეა წამოაყენა.
ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება, მოსახლეობის ინფორმირება. უნდა განემარტოს ხალხს, რა არის კონსტიტუციური მონარქია და თავად გადაწყვეტს, სურს თუ არა მას მმართველობის ეს ფორმა.

მონარქი ღმერთის წარმომადგენლად ითვლებოდა


მონარქიას უწოდებენ მმართველობის ისეთ ფორმას, სადაც უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლება ერთ პირს, მონარქს ეკუთვნის, რომელიც თავისი ნების შესაბამისად წარმართავს ხელისუფლებას. მონარქის ეს ნება სახელმწიფოში უზენაესია და არავისგანაა დელეგირებული. სახელმწიფოს მექანიზმში მონარქის როლისა და მისი სახელმწიფოსადმი დამოკიდებულების ამგვარი კონსტრუქციების ჩამოყალიბება გარკვეულად უკავშირდება სახელმწიფოს წარმოშობის თეორიას. ეპოქების კვალად ჩამოყალიბდა მონარქიის სხვადასხვა სახე: აბსოლუტური, ანუ შეუზღუდავი მონარქია; საარჩევნო და მემკვიდრეობითი; შეზღუდული (კონსტიტუციური) მონარქია. მონარქიის დამკვიდრების პირველ ეტაპზე მონარქი ამქვეყნიურ ღვთაებად, ღმერთის წარმომადგენლად ითვლებოდა და მისი ხელისუფლების წყაროდაც მხოლოდ ღმერთი იყო მიჩნეული. ასეთი შეხედულების საფუძველი სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ თეოკრატიულ თეორიაში დევს. ასეთი მონარქიების კლასიკურ მაგალითს განვითარების პირველ ეტაპზე წარმოადგენდნენ ძველი აღმოსავლეთის ქვეყნები, დასავლეთში კი რომის სახელმწიფო. თანამედროვე მონარქიების დიდი ნაწილი კონსტიტუციურია. ევროპის მონარქიულ სახელმწიფოებში მონარქების პოლიტიკური ძალაუფლება სიმბოლურია.

"კარავი" შეიძლება პარლამენტარიზმის ჩანასახად ჩაითვალოს"


ლელა სარალიძე: - მას შემდეგ, რაც 1801 წელს, რუსეთის იმპერატორმა საქართველოში მონარქია გააუქმა, საქართველოს მეფე არ ჰყოლია.
ფეოდალურ საქართველოში ჩვენ გვქ­ონდა აბსოლუტური მონარქია და არა კონსტიტუციური. ამიტომ ეს არ არის აღდგენა, ეს არის სრულიად ახალი ფორმა; თუ არ ჩავთვლით, რომ თამარის მეფობის პერიოდში ადგილი ჰქონდა ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლას. ყუთლუ-არსლანის დასის პროგრამა მოითხოვდა სამეფო კარის გვერდით შექმნილიყო ახალი, სამეფო ხელისუფლებისაგან სრულიად დამოუკიდებელი ინსტიტუტი - "კარავი", რაც შეიძლება პარლამენტარიზმის ჩანასახად ჩაითვალოს. "კარავი" იყო პარლამენტის­ მსგავსი დაწესებულება, რომლის დაარსებაც ყუთლუ-არსლანის პოლიტ­იკურმა დასმა საქართველოს მეფეს, თამარს მოსთხოვა. "კარავი" უნდა დაედგათ ისანში, მეფის სასახლის მახლობლად. მას უნდა მისცემოდა საკანონმდებლო უფლებები. როგორც ვარაუდობენ, მასში მსხვილ ფეოდალებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქალაქის ზედა ფენის წარმომადგენლებსაც. მის წევრებს უნდა გადაეწყვიტათ ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. "კარველები" მმართველობის სადავეების ხელში აღებას ითხოვდნენ, იბრძოდნენ საკანონმდებლო უფლებებისთვის. საქართველოს მეფეს "კარვის" მუშაობაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. ყუთლუ-არსლანის დასის მიერ წამოყენებული პოლიტიკური პროგრამა მეფე თამარს მხოლოდ აღმასრულებელ უფლებას უტოვებდა. ასეთი მკვეთრად რევოლუციური პროგრამა, რომელმაც ფაქტობრივად სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების საკითხი დააყენა, მანამდე უცხო იყო ფეოდალური საქართველოსთვის. ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის გამოსვლა დამარცხდა, მაგრამ ეს ფაქტი ნათლად გვიჩვენებს, განვითარების თუ რა მაღალ დონეზე იდგა საზოგადოებრიობა, რომელიც ჯერ კიდევ XII საუკუნეში მოითხოვდა სახელმწიფო წესწყობილების შეცვლას და ე. წ. კონსტიტუციური მონარქიის შექმნას.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები