კრიზისი სასამართლო გარჩევებში!
26-06-2017
კრიზისი სასამართლო გარჩევებში!
"სასამართლო სისტემაში ქაოსია"

"მოსამართლეებს 800-900-მდე საქმე აწერიათ, რის გამოც სამართლებრივი დავების გადაწყვეტა წლობით ვერ ხერხდება"


რატომ ვერ ხერხდება სასამართლო სისტემის განტვირთვა საქმეებისგან, რა პრობლემებს აწყდებიან იურისტები და მოდავე მხარეები, რომლებიც მოსამართლის გადაწყ­ვ­ეტილებას წლობით ელოდებიან და რა ალტერნატიული გზები არსებობს სისტემის გასაჯანსაღებ­ლად,­ ამ კითხვ­ებს ადვოკატი იმედა­ დვალიძე პასუხობს:

- სასამართლო სისტემაში კრიზისია­ - მოსამართლეებს 800-900-მდე საქმე აწერ­იათ, რის გამოც სამართლებრივი დავების გადაწყვეტა წლობით­ ვერ ხერხდება. დედაქალაქზე ბევრად რთული ვითარებაა რეგიონებში. მოსამართლეებს
ჰყავთ თითო თანაშემწე, რომელიც ასევე 800-900 სამართლებრივ საქმეზე მუშაობს. იუსტიციის საბჭო და, თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრო არც კი ფიქრობს ამის გამოსწორებაზე, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ განვითარებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

-
რატომ აისახება დავე­ბის გაჭიანურება ეკონომიკურ განვითარებაზე?

- ბოლო წლებში სულ უფრო შეუძლ­ებ­ელი ხდება პროგნოზირება, რა პერი­ო­დში დასრულდება ესა თუ ის დავა. არადა, კანონმდებლობა ადგენს ვადებს.
სამოქალაქო კოდექსი ამბობს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო­ კოდექსი, რომელსაც საგადასახადო­ დავები განეკუთვნება, პირველ ინსტანციაში სარჩელის შეტანიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს, მეორე ინსტანციაში - 4 თვეში, საპრ­ოცესო კოდექსში კი მითითებულია, რომ საქმის წარმოება 2 თვეში, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი 5 თვეში უნდა დასრულდეს.
ფაქტობრივად, მოსამართლე კანონს არღვევს, რადგან დავები, მინიმუმ, 3 წელი გრძელდება. იუსტიციის საბჭოში მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური რეაგირების მოთხოვნას აზრი არა აქვს, რადგან მათ იციან, რომ მსგავსი ვითარება მოსამართლის დაუდევრობის გამო კი არ შეიქმნა, თავად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ვითარების გასაუმჯობესებლად.

მაგალითებს დაგისახელებთ: კონკრეტ­ული კომპანიის უფლებებს ვიცავდი, რომე­ლსაც სახელმწიფომ 2 მილიონის გად­ახდა­ დააკისრა. ვთქვათ, სახელმწიფომ საფ­უძვლიანად მოსთხოვა 2 მილიონი, გადასა­ხადი ბიუჯეტმა დროულად ხომ უნდა მიიღოს? ან კომპანიამ ხომ უნდა იცოდეს, თანხის გადახდა მოუწევს თუ არა, რომ განსაზღვროს, ინვესტიცია განახორციელოს, თუ პირიქით, რეორგანიზაცია გამოაცხადოს? ამ საქმეზე სარჩელი 2014 წელს შევიტანეთ და პირველ ინსტანციაში დავა 2016 წლის იანვარში დასრულდა. კომპანიას 2 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც გასასაჩივრებლად სააპელაციო სასამართლოში უნდა წამეღო, 2016 წლის ოქტომბერში, ანუ რვათვიანი დაგვიანებით მოგვაწოდეს. ეს ევროპული კონვენციის დარღვევაცაა.

რამდენიმე დღის წინ დავასრულე კიდევ ერთი საქმის განხილვა, რომელზეც­ სარჩელი 2014 წლის 3 ივნისს პირველ ინსტანციაში შევიტანე. მითხრეს, გადაწ­ყვეტილებას 17 ივლისს გამოგიცხადებთო,­ ანუ ერთი თვე უნდა ველოდო, როდის დაწერს მოსამართლე გადაწყვეტილებას. სავარაუდოდ, აპელაციაში სარჩელს აგვ­ისტოში შევიტან და მერწმუნეთ, მეორე ინსტანციაში განხილვა მიმდინარე წელს არ დაინიშნება. არადა, ამ საქმეში ორი კომპანია ედავება ერთმანეთს - ერთს ქონება აქვს დაყადაღებული, მეორეს ფინანსური ოპერაციების განხორციელების­ შესაძლებლობა არა აქვს. სანამ დავა დასრულდება, შესაძლოა, ორივე ისე გაკოტრდეს, რომ დავის შედეგს მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს.

კომპანიების უმრავლესობის თანადამფუძნებლები უცხოელები არიან და აუცილებლად იტყვიან საკუთარ ქვეყანაში თუ სხვა ქვეყნის ბიზნესპარტნიორებთან, საქა­რთველოში 2 მილიონი მომთხოვეს, სასამართლოში წავედი, 3 წელიწადია გადაწყვეტილებას ველოდები და ვერ გავიგე, რა უნდათო. მსგავსი ვითარება ხომ ინვესტიციებზე პირდაპირპროპორციულად აისახება!
წინა ხელისუფლების დროს ბიზნესს რამდენიმე დღეში"განუმარტავდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყო. ეს ბიზნესზე ზეწოლა გახლდათ, თუმცა კომპანიების უმრავლეს­ობა, რომლებსაც სასამართლოში ბიზნესდავები აქვთ, უკვე კითხვას სვამენ: თუ ფინალი­ ცუდი უნდა მქონდეს,­ იქნებ ჯობდეს, დღესვე ვიც­ოდე და გადავწყვიტო, როგორ განვაგრძო საქმიანობა, ვიდრე ხუთი წლის განმავლობაში უმოქმედო სასამართლოში ვიდავო და ამასობაში, ბიზნესი დამენგრეს.

მოკლედ, სასამართლო სისტემაში ქაოსია. უხარისხო სასამართლო დავები ქვეყნის განვითარებას შეაფერხებს. არაფერს ვამბობ გაკოტრების საქმეებზე.
სასამართლოებში ასეულობით გაკოტრების საქმე წლებია დევს. ვერც კრედიტორი იბრუნებს ვალის ნაწილს, კომპანიის მფლობელს ბიზნესის კეთების ინტერესი აქვს დაკარგული, კომპანია ეკონომიკურ ბრუნვაში ვერ ბრუნდება, შესაბამისად, ქვეყანა გადასახადებს ვერ იღებს და დასაქმებულთა რაოდენო­ბაც მცირდება. ეს ვითარება კი, სახელმწიფოს თითქოს არც კი ანაღვლებს.

- სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა მიიღო პარლამენტმა, ცვლილებები სისტემაზე დადებითად ჯერ არ ასახულა?

- "სასამართლო სისტემა უფრო ღრმა კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, ნაბიჯს არავინ დგამს - მოსამართლეების­ რიცხვი არ იზრდება, მათთვის კვალიფიკაციის ამაღლებაზე არავინ ზრუნავს. სახელმწიფო სასამართლოს განსატვირთავად არ ეძებს ალტერნატიულ გზებს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა არბიტრაჟი და მედიაციის სამსახური. არბიტრაჟში იმდენად მაღალი ბაჟი დაწესდა, რომ ბიზნესს ამ თანხის გადახდა არ უღირს და სადავოდ პირდაპირ სასამართლოში მიდის. არაფერი გაკეთდა­ მედიაციის ინსტიტუტის განსავითარებლად... როდესაც ბიზნესი მიხვდება, რომ სასამართლოსთან ურთიერთობას აზრი აღარ აქვს, ალტერნატიული გზების გამონახვას დაიწყებს. როდესაც საქმე ფულს ეხება, დიდხანს მოლოდინის რეჟიმში ვერ იქნება, ამიტომ მაღალია რისკი, გაჩნდეს ცდუნება, ლოდინით დაღლილმა ბიზნესმა დახმარება მაღალჩინოსნებს სთხოვოს და კორუფციულ კრიზისამდე მივიდეთ, ან კრიმინალებს მიმართოს.

2003 წლამდე სააღსრულებო დეპარტ­ამენტს ვხელმძღვანელობდი (ასე ერქვა მაშინ­ აღსრულების ბიუროს). იქ ტექნიკურად ყველაფერი ბევრად გაუმჯობესდა, მაგრამ ჩემთვის აუხსნელი მიზეზების გამო აუქციონების დანიშვნა ჭიანურდება.­ როდესაც კომპანიისთვის ხელშეკრულება იქმნება, მასში უზრუნველყოფის გარანტიებიც არის განსაზღვრული და თუ კომპანია არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდება, კრედიტორი კომპანიისთვის გაცემულ თანხას ქონების უზრუნველყოფის აუქციონზე რეალიზაციით იბრუნებს. არადა, სასამართლოსგან განსხვავ­ებით, ყველაფერი ელექტრონულად ხორციელდება - აღსრულე­ბის ბიუროს თანამშრომელი კომპიუტერთან­ უნდა დაჯდეს, მის წარმოებაში არსებული კონკრეტული ქონება სისტემაში შეიტ­ანოს და აუქციონი ელექტრონულად გამო­აცხადოს, თუმცა ეს უსაშველოდ იწელება...

ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი: -
თბილისის საქალაქო სასამართლოში­ ყოველდღიურად ასეულობით სარჩელი შედის და იმდენად კატასტროფული ვითარებაა, რომ მოსამართლეები არათუ ვერ განსაზღვრავენ პროცესის დანიშვნის თარიღს, საქმის განხილვასაც კი დიდხანს ვერ იწყებენ. ეს მაშინ, როდესაც ადამიანებს­ ეჩქარებათ­ მატერიალური სიკეთის მიღება.­ სწორედ­ ამით არის განპირობებული ბიზნესმენებზე თავდასხმის ფაქტები - თუ მათი ფინანსური ვალდებულებები დამოკიდებულია სხვის ფინანსებზე, ბიზნესი საშიშ ვითარებაში ვარდება, ეს მას აკარგვინებს წონასწორობას და იწყებს თვითდახმარების რეჟიმში გადასვლას, რაც ხშირად არალეგალური მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. ხშირად გამოუვალ ვითარებაში მყოფი ადამიანი მსხვერპლიც ხდება, რადგან თაღლითებს მოქნილი სქემა აქვთ შემუშავებ­ული - ჯერ პირს თანხას გამოსძალავენ, შემდეგ კი ძალოვან სტრუქტურებს მიუსევენ, რომ თანხის დაბრუნება თავიდან აიც­ილონ. ვითარების ასეთ საშიშ ზღვ­რამდე მიყვანის გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროს და მინისტრს მოეთხოვება.
თეა წულუკიანმა 40 სასამართლო რეფორმის ტალღაც რომ შეიმუშაოს, ვითარება გადაწყვეტილების მიღების გარეშე არ გამოსწორდება.

თუ დავებს სასამართლოში ვერ გადავწ­ყვ­ეტთ, არ გვექნება სოციალური მშვიდ­ო­ბა, არც წესრიგი და სტაბილურობა, ვშიშობ მალე ადამიანები გადა­წყვეტენ, თვითონ დაერიონ ერთმანეთს და სამართალი ასე აღასრულონ.­ ფაქტია, იუსტიციის სამინისტროს თუ მთლიანად ხელისუფლებას გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები