"მაჟორიტარები თავად კარნახობენ თამაშის წესებს მმართველ გუნდს" - კვირის პალიტრა

"მაჟორიტარები თავად კარნახობენ თამაშის წესებს მმართველ გუნდს"

"ერთადერთი გამოსავალი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნებაა"

საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს კვლავ არსებული, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ანუ მმართველი გუნდის დაპირება ჯერ საკონსტიტუციო კომისიის, შემდეგ კი საყოველთაო განხილვების ფარგლებში ამ ეტაპზე განუხორციელებელი აღმოჩნდა - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლამდე გადაავადა. როგორც აცხადებენ, რეფორმა მაჟორიტარების გამო ვერ გატარდა. ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი არც მალავს, რომ გუნდი მთლიანად საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის ჩავარდნის საფრთხის ქვეშ იდგა, თუ მაჟორიტარებთან კომპრომისზე არ წავიდოდა და 2020 წლის არჩევნებს არსებული სისტემით არ ჩაატარებდა. საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო - დარჩენილია მესამე მოსმენა, სადაც ტექსტი მხოლოდ წერტილ-მძიმის დონეზე სწორდება. მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს:

- "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში გვპირდებოდა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდით და მაჟორიტარული არჩევნების მანკიერი სისტემა ისტორიას ჩაჰბარდებოდა - საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებაც ხომ ამ მიმართულებით წარიმართა?

საზოგადოება განიხილავდა ჯერ საკონსტიტუციო კომისიის, შემდეგ საყოველთაო განხილვების ფარგლებში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ეფექტებს, ხელისუფლებამ ვენეციის კომისიაში შეფასებისთვის სწორედ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტი გადაგზავნა, თუმცა მთელი ეს რამდენიმეთვიანი პროცესი ერთ დღეში უკუღმა დატრიალდა - თურმე მაჟორიტარების წინააღმდეგობის გათვალისწინებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები არსებული სისტემით უნდა ჩატარდეს.

- მმართველი გუნდი აცხადებს, რომ პარლამენტში ცვლილებები 113 ხმას ვერ მიიღებდა, თუ მაჟორიტარების მოთხოვნას არ გაითვალისწინებდნენ. რა მდგომარეობაშია ხელისუფლება, რომელიც მასშტაბურ ცვლილებებს გუნდში არსებული დაპირისპირების გამო ვერ ახორციელებს?

- მაჟორიტარები პარტიიდან პარტიაში იმის მიხედვით ინაცვლებენ, თუ რომელი ძალაა ხელისუფლებაში. ვერ დამისახელებთ მაჟორიტარს, რომელმაც საკუთარი რეგიონისთვის ღირებული გადაწყვეტილება მიიღო, არადა, მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც უკვე მეოთხედ მოხვდნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - მაჟორიტარები ხარჯავენ ფულს პოლიტიკაში იმისთვის, რომ უფრო დიდი ფული მიიღონ. ერთადერთი განსხვავებაა წინა ხელისუფლებასა და დღევანდელს შორის - მაჟორიტარები "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობისთვის მატერიალურ სარგებელს იღებდნენ, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ, დღეს კი რა მივიღეთ? ადამიანები, რომლებმაც წინა ხელისუფლების მმართველობისას ყველანაირ განუკითხაობას დაუჭირეს მხარი, "ქართულ ოცნებას" ევაჭრებიან. ადრე თუ "ხელი ხელს ჰბანს" პრინციპით ემსახურებოდნენ, დღეს თავად კარნახობენ თამაშის წესებს მმართველ გუნდს. თუ მაჟორიტარები ჯერ მსახურები იყვნენ, ახლა პარტნიორობასაც გიბედავენ, შემდეგი ეტაპი მათი მძევლობა იქნება, "ქართული ოცნება" მალე კოლექტიური კახა ოქრიაშვილის მძევალი იქნება.

- რა გარანტია გვაქვს, რომ 2024 წელსაც ხელისუფლება ისევ მაჟორიტარების შანტაჟის ტყვეობაში არ აღმოჩნდება?

- მმართველობითი სისტემის კოროზია სახეზეა - არა გვყავს ლიდერი, ვერ ვხვდებით, ვინ არის შემსრულებელი, ავტორიტეტი აღარ დარჩა, პარლამენტის თავმჯდომარის ხომ სერიოზულად აღქმაც კი გვიჭირს. ერთადერთი გამოსავალი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება და ანტიკრიზისული მთავრობის ჩამოყალიბებაა.

"სახელმწიფო რესურსის პარაზიტები"

ვახტანგ ძაბირაძე, კონსტიტუციონალისტი: - ჯერ კიდევ 2003 წელს სააკაშვილმა პარლამენტში მხოლოდ მაჟორიტარები დატოვა, რადგან მათ მორჩილება აღუთქვეს ახალ ძალას. ანალოგიური მდგომარეობა მივიღეთ 2012 წელსაც, როდესაც "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარები სრული შემადგენლობით "ქართულ ოცნებაში" აღმოჩნდნენ. ისინი სახელმწიფო რესურსის პარაზიტებადაც იქცნენ - მათ აქვთ ბიუროები, რომლებსაც ბიუჯეტი აფინანსებს. არავინ იცის, რა პრინციპით იხარჯება თანხები, ასევე, წვდომა აქვთ სახელმწიფო რესურსთან, მარტივად ახერხებენ ამომრჩევლის მოსყიდვას.

ახლა "ქართული ოცნება" გვეუბნება, რომ ფუქსავატი მაჟორიტარები 2020 წლის პარლამენტშიც მოითმინეთო, ანუ მომავალი სამი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი, შვიდი წლის განმავლობაშიც ფეოდალების პარლამენტში პარპაშს უყურეთო.

რუსუდან შელია