"ყველამ გაითვალისწინოს, სად იწყება სხვისი ცხვირი, თორემ საკუთარ ცხვირებში მიიღებენ" - კვირის პალიტრა

"ყველამ გაითვალისწინოს, სად იწყება სხვისი ცხვირი, თორემ საკუთარ ცხვირებში მიიღებენ"

"მაგათ ციხით, პატიმრობითა და რეპრესიებით ვინც შეუშინებიათ, ის შეაშინონ"

"შინ დარჩენილი ყოველი ამომრჩეველი მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას მხარდამჭერია"

როგორც კობა დავითაშვილი აცხადებს,  ხელისუფლებას ზვიად ძიძიგურის 26 მაისამდე დაკავება აქვს განზრახული. როგორც ირკვევა, ეროვნული საბჭოს მერობის კანდიდატის მეზობლებს აიძულებენ ისეთი ჩვენება მისცენ,  რაც საფუძველს შექმნის, ზვიად ძიძიგურს უფრო მძიმე ბრალდება წაუყენონ, ვიდრე ხულიგნობაა. ამ თემით დავიწყეთ საუბარი კონსერვატორთა ლიდერ ზვიად ძიძიგურთან:

-  უნდათ, ჩემს მეზობლებს ათქმევინონ, რომ ხალხს ვესროლე და არა - ჰაერში. როგორც ჩანს, განზრახული აქვთ, სისხლის სამართლის საქმე აღძრან და დამაპატიმრონ.  ჩემი მეზობლებიდან  ზოგი  კობა დავითაშვილის პარტიის წევრია და კობას უთხრეს, - ზვიადის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა მოგვთხოვესო. ზოგი ჩემთანაც მოვიდა, მაგრამ არ გამიხმაურებია. ყველა არ არის სინდისგარეცხილი და მიუხედავად მუქარისა, არ შეასრულეს გამომძიებლების მოთხოვნა.

მინდა, ჩასაფრებული ადამიანების გასაგებად  ვთქვა, ვერაფერსაც ვერ მიზამენ, რადგან ათობით კაცმა დაინახა, რა მოხდა რეალურად. სახლში მიცვივდებოდნენ და ჩემი ოჯახი და ღირსება დავიცავი. დავიცავი ჩემი შემოღობილი, სადაც შემოსვლის უფლება არავის აქვს. თქვენი გაზეთის საშუალებით  სახალხოდ ვაცხადებ, მეორედაც თუ შემომიცვივდებიან, სწორედ ასევე მოვიქცევი. ახლა იმაზე, რატომ უნდათ ჩემი დაპატიმრება. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, რომ თუ ხელისუფლება 26 მაისს აღლუმის ჩატარებას გადაწყვეტს, რისი უფლებაც არც მორალურად და არც პოლიტიკურად არა აქვს, ეროვნული საბჭო და მე ამის წინააღმდეგი ვიქნებით.

მაგათ ციხით, პატიმრობითა და რეპრესიებით ვინც შეუშინებიათ, ის შეაშინონ. ვიბრძვი, რომ არჩევნებზე ხალხი მოვიდეს და ოპოზიციის კანდიდატებს მისცენ ხმა. მე ნუ მომცემენ, მთავარია, ოპოზიციონერ კანდიდატს მისცენ, რათა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა გიგი უგულავამ ვერ გადალახოს 30%-იანი ბარიერი. შინ დარჩენილი ყოველი ამომრჩეველი მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას მხარდამჭერია.

- ამბობთ, ჩვენი ამოცანაა, გიგი უგულავამ 30%-იანი ბარიერი არ გადალახოსო, მაგრამ NDI კვლევების თანახმად გიგი უგულავას რეიტინგი 57%-ს შეადგენს.

- ეს სამარცხვინო, ყალბი კვლევაა, რომლის თანახმად, თურმე იმას, რაც გიგი უგულავამ ტელედებატებში ილაპარაკა, მხარს  უჭერს მოსახლეობის 57% და რაც მე ვილაპარაკე, იმას მხოლოდ 1% უჭერს მხარს. ეს სიყალბე ემსახურება იმას, რომ ოპოზიციის ამომრჩეველს გული გაუტყდეს და არ მივიდეს არჩევნებზე - მაინც ყველაფერი გადაწყვეტილიაო. ეს ჩვეულებრივი ვირეშმაკობაა.

მერე რა, რომ NDI ამერიკული ინსტიტუტია. ამერიკის წინა პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ლევან თარხნიშვილსაც არ დაელოდა, ისე გამოაცხადა 2008 წლის გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მიხეილ სააკაშვილია ჩემთვის საქართველოს  პრეზიდენტიო. წინასწარ ვაცხადებ: "რუსთავი 2" და "იმედი" აპირებენ ეგზიტპოლების დაკვეთას ამერიკული ორგანიზაციისათვის.

წარმოგიდგენიათ, ეგზიტპოლებს ატარებენ ქვეყანაში, სადაც ოპოზიციონერი ამომრჩეველი თავის აზრს მალავს! ეს ტენდენციური ორგანიზაციები არიან, ყოველთვის ხელისუფლების თამაშს თამაშობენ. ამის დასტურია ის, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები ეგზიტპოლების ჩატარების შემდეგ მინისტრებად ვიხილეთ, - 2008 წელს გია ნოდია და თემურ იაკობაშვილი მადლიერების ნიშნად სააკაშვილმა  მინისტრებად დანიშნა.

საქართველოში ეგზიტპოლის თემა  კომპრომეტირებულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მას "რუსთავი 2" და "იმედი" უკვეთს. იმიტირებული "ქრონიკის"

შემსრულებელი ტელეკომპანია რომ ეგზიტპოლს დაუკვეთს, ვინმემ უნდა დაიჯეროს, რომ ობიექტური იქნება?

- NDI -ის კვლევების მიხედვით გიგი უგულავას პრეზიდენტზე მაღალი რეიტინგი აქვს. კეთდება პროგნოზი, რომ ეს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს თბილისის მერს.

- სააკაშვილს მოხარშულს ვიცნობ, ვიცი მისი ხასიათი, "ვარდების რევოლუციამდე" ძალიან ბევრი დრო გამიტარებია მასთან. მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მეტად ვერ იტანს იმ ფიგურას, ვინც რეიტინგების სკალაში მის შემდეგაა და თუ მის წინ არის ვინმე, ხომ ცხადია, რომ მისთვის მოსისხლე მტერი იქნება.

- როდესაც "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" დაფუძნდა,  გამოცხადდა, რომ ამ ორგანიზაციაში შეხვედით. მიგაჩნიათ, რომ საქართველოში დასაცავია მართლმადიდებლობა?

- ამ ორგანიზაციის ოფიციალური წევრი არა ვარ, მაგრამ მართლმადიდებლობის დამცველი ვარ სულით, გულით და მხარს ვუჭერ იმ ბიჭებს, რომლებიც ჩვენს სარწმუნოებას იცავენ.  უხამსი წიგნის პრეზენტაცია ილიას უნივერსიტეტში მართლმადიდებლებისა და მთელი ერის შეურაცხყოფა იყო. პათოლოგის ნაწერების ტირაჟირება დაუშვებელია და მით უმეტეს, უმაღლეს სასწავლებელში. როდესაც დედას შემაგინებ, ეს არ არის სიტყვის თავისუფლება.

თუ ვინმეს მამათმავლობა უნდა, სადმე შეძვრეს და იქ დაკავდეს ამ საქმით. საქართველოში გეიაღლუმის ჩატარების უფლებას არ მივცემთ. ასეთების გამო 8 კაცი ტყუილად ზის ციხეში და ვურჩევ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველანი. როდესაც სტუდიაში პოლარულად განსხვავებული პოზიციის ადამიანები სხედან, იქ დაპირისპირება გარდაუვალია.

თუ ამის გამო მათ ციხეში ჩასვამენ, მაშინ დებატები ვეღარსად ჩატარდება. თუკი ხელისუფლება ამ ლოგიკით ხელმძღვანელობს, რატომ არ ზის ციხეში გივი თარგამაძე, რომელმაც სახეში ესროლა კალამი ეროსი კიწმარიშვილს, როდესაც მისი მოსაზრება არ მოეწონა? განა რა მოხდა ისეთი "კავკასიაში"? ამაზე უარესი ჩხუბი პარლამენტის სხდომათა დარბაზში და სხვაგანაც არაერთხელ  გვინახავს.

ამ ფაქტის შემსწრე იყო მამა დავით ისაკაძე,  დიღმის წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი. მისთვის მიტრის ტარების უფლების მიცემა და "გამშვენებული ჯვრით" დაჯილდოება  ნიშანია იმისა, რომ პატრიარქი მხარს უჭერს მართლმადიდებლობის დამცველებს.