"ციფრებთან ომი ყოველთვის ციფრების გამარჯვებით მთავრდება" - კვირის პალიტრა

"ციფრებთან ომი ყოველთვის ციფრების გამარჯვებით მთავრდება"

"თუ ვიღაცას უგულავა უფრო მოსწონს, ვიდრე სააკაშვილი, ეს მისი არჩევანია"

პოლიტიკური პროცესები ბოლო დროს რელიგიურმა დაპირისპირებამ მიჩქმალა, რასაც, ზოგიერთის აზრით, გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არა აქვს, ქვეყნის გარედან არის წახალისებული და ვითარების არევას ემსახურება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილთან ამ თემით დავიწყეთ საუბარი.

- ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი შეთქმულების თეორიით არის გატაცებული. საზოგადოებრივი ცხოვრება ბევრად რთულია, ვიდრე ზოგიერთ პოლიტიკოსს წარმოუდგენია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად მოაზროვნენი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამას წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან კავშირი არა აქვს. ის, რომ საზოგადოებაში მაინც არსებობს ექსტრემისტული სულისკვეთება, ფაქტია. ამას ამბობს როგორც ახალი სახალხო დამცველი, ასევე ამბობდა მისი წინამორბედიც. ადამიანები ქრისტიანობას იყენებენ იმისათვის, რომ პირადი გავლენა დაამყარონ სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებზე და ეს არის სწორედ ექსტრემიზმი, რაც, ჩემი აზრით, ყურადსაღებია.

- მართალია, ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტში პოლიტიკოსები არ მონაწილეობდნენ, მაგრამ გაჩნდა ვარაუდი, რომ სწორედ ხელისუფლებას სჭირდებოდა აქცენტის გადატანა პოლიტიკურიდან რელიგიურ თემებზე.

- ნამდვილად არ შედის ხელისუფლების ინტერესში, რომ საზოგადოებაში კონფრონტაციის ნიშნები გაჩნდეს. ჩვენი მიზანია, არჩევნების მშვიდად ჩატარება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება.

- თქვენ საზოგადოებაში არსებული ექსტრემიზმი ახსენეთ, მაგრამ "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტს ის მოჰყვა, რომ მამა დავით ისაკაძე (რომელიც ტელეკომპანია "კავკასიაში" იმყოფებოდა ინციდენტის დროს) პატრიარქმა გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

- არ მინდა რომელიმე ტექსტში სხვა ქვეტექსტი დავინახო, თუ ამის არგუმენტები არა მაქვს. საპატრიარქომ განაცხადა, რომ დაჯილდოება ადრევე იყო დაგეგმილი, რიგითობით მოუწია დაჯილდოებამ ამ სამღვდელო პირს და ეს არ უკავშირდება ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარს. რადგან ასე ითქვა, არ მინდა, ამას სხვა კუდი გამოვაბა. ეკლესიას თავისი ლოგიკა, გრაფიკი და წესები აქვს, საეროს კი, იქნება სახელისუფლებო, აკადემიური თუ სამთავრობო - თავისი. ამ ფაქტზე რა ახსნაც მოვისმინე, იმას ვიმეორებ და იმედი მაქვს, მართლაც ასეა.

- რელიგიური შეხედულებების გამო დაპირისპირება დეისაძის ნაწარმოების განხილვას მოჰყვა. რამდენად მართებულია, რომ ასეთი შინაარსის წიგნის პრეზენტაცია სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა? საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით ამით უხამსობა წახალისდა.

- მაპატიეთ, მაგრამ ეს არის მიკერძოებული, ავადმყოფური შეფასებები იმ პირებისა, ვინც აგრესია გამოავლინა ტელეკომპანიაში. როგორც მე არ მინდა ეკლესიის ქმედებებში ქვეტექსტები ვეძებო, ისე ნუ ეძებენ სხვები უნივერსიტეტის ქმედებებში. ილიას უნივერსიტეტში არის წიგნების მაღაზია, რომელსაც ჰყავს დამოუკიდებელი მენეჯმენტი, მას კავშირი აქვს გამომცემლობებთან და სისტემატურად აწყობს წიგნების განხილვას. შესაძლოა, ზოგი წიგნი მიუღებელი, მდარეც არის და განხილვები იმისთვისაც ეწყობა, რომ ეს მშვიდად ითქვას. პრეზენტაციას კავშირი არ ჰქონდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან.

- ქვეყნის ყოფილი მეორე და მესამე პირები კვლავ მოსკოვს სტუმრობდნენ. ბურჯანაძე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს 9 მაისის აღლუმზე, რომელსაც მსოფლიოს ლიდერებიც ესწრებოდნენ. სააკაშვილის მიწვევა მოსალოდნელი არც იყო, მაგრამ როგორც მისი ოპონენტები ამბობენ, საქართველოს პრეზიდენტს არც სხვაგან ეპატიჟებიან.

- ჩემთვის სულაც არ არის პატივი, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება სადმე მიგიწვევს. რა ღონისძიებაც უნდა ტარდებოდეს, ჩემთვის სულაც არ არის პატივი, კრემლის ბინადრებთან ერთად ტაშს ვუკრავდე ან ვმღეროდე.

- თქვენთვის რას ნიშნავს ის, რომ პუტინმა "პაკლონნაია" გორაზე ომში დაღუპული ქართველი მეომრების პატივსაცემად მემორიალი გახსნა?

- ეს ცინიზმი და თვალთმაქცობაა.

- NDI-ის კვლევებმა ოპოზიცია აღაშფოთა.

- ციფრებთან ომი ყოველთვის ციფრების გამარჯვებით მთავრდება. ამ ადამიანებს არ ჰყოფნით მოთმინება, ემოციებისა და ამბიციების დაოკების უნარი, რომ თვალი გაუსწორონ ობიექტურ რეალობას. არ ჰყოფნით უნარი, ზოგჯერ მაინც გააანალიზონ შეცდომები. ეს ორგანიზაცია სულაც არ არის ხელისუფლებასთან ასოცირებული, პირიქით, ხშირად ძალზე კრიტიკულიცაა.

- ამ კვლევით უგულავას სააკაშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს.

- შესაძლებელია ასეც იყოს და ამას ახსნასაც ვუძებნი. როგორც საზოგადოების განწყობილებიდან და მოლოდინიდან ჩანს, უგულავა სწორად წარმართავს საარჩევნო კამპანიას. თუ ვიღაცას გიგი უფრო მოსწონს, ვიდრე მიშა, ეს მათი არჩევანია. ვიღაცას კი კუკავა უფრო მოსწონს, ვიდრე უგულავა, მაგრამ როგორც კვლევამ ცხადყო, ასეთების რაოდენობა ძალზე მცირეა.